ზეწოლა მოწმეზე და რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება – რა აკავშირებს მირზა სუბელიანს მიხეილ კალანდიასთან
გასცდა თუ არა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს? – რა ხდება ხორავას ქუჩის საქმის განხილვაზე…
ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, უკვე სრულწლოვანი მიხეილ კალანდია ახალ პრეცედენტს ქმნის. წინასწარ გამოძიებაში მიცემულ რამდენიმე ჩვენებას სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ – ამჯერად რადიკალურად ცვლის. თუმცა გაცილებით სკანდალურია ის განცხადება, რასაც ის დაკითხვის პირველ დღეს სასამართლოს უყვება. 11 აპრილს გამართულ სხდომაზე მიხეილ კალანდია პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს და ფიცის ქვეშ აცხადებს, რომ წინასწარი გამოძიებისას მისივე მეგობარს, ამჟამად ბრალდებულ გ.ჯ.–ს ხელი პროკურატურის მხრიდან განხორციელებული მუქარის ქვეშ დაადო და ამიტომ განაცხადა, რომ გ.ჯ.–ს დანა ქონდა. 11 აპრილს სასამართლო სხდომაზე დაკითხვის პირველ დღეს კი მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებული გ.ჯ. დავით სარალიძეს შიშველი ხელებით იგერიებდა და ასევე, შიშველი ხელებით ცდილობდა სარალიძის შეჩერებას ბრალდებული გ.ბ.
11 აპრილს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდებულთა დაცვის მხარემ გამოთქვა შიში, რომ ამგვარი ჩვენების გამო მოწმე მიხეილ კალანდიაზე განხორციელდებოდა ზეწოლა და სამართალდამცავებს მიმართა დაეცვათ მოწმე შესაძლო ზემოქმედებისგან. ადვოკატების ვარაუდი გამართლდა. როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, მიხეილ კალანდიას აღიარებამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 11 აპრილის ღამესვე კალანდიებთან ოჯახში პრეტენზიებით მივიდა მისივე ბიძა, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი. ,,ვერსიის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, სუბელიანის კალანდიებთან სტუმრობა ხმამაღალი ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პროკურორს თან ორი მოქმედი პროკურორი ახლდა. მათ მკაცრად მოთხოვეს 18 წლის მოწმეს, უკან წაეღო სასამართლოზე მიცემული ჩვენება და ხელი დაედო ბრალდებულ გ.ჯ.–სთვის. ასევე გაებათილებინა პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ სასამართლოზე მისივე მონათხრობი. სუბელიანი კალანდიებს ეუბნებოდა, რომ ისინი მას პრობლემებს უქმნიან და მომავალში სამსახურში (პროკურატურაში) აღდგენის პერსპექტივას უკლავენ.
,,ვერსიისთვის“ ცნობილი ხდება მომხდარის სკანდალური მომენტი. ხორავას ქუჩის ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე, მირზა სუბელიანმა შვილისგან შეიტყო, რომ სკოლაში უფროსკლასელებთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მამამ შვილს ურჩია, რომ თავისივე დეიდაშვილისთვის მიხეილ კალანდიასთვის მიემართა და ის დაეხმარებოდა საკითხის მოგვარებაში ანუ სამართალდამცველმა, პოლკოვნიკმა მირზა სუბელიანმა მოზარდებს ქუჩური გარჩევისკენ უბიძგა!! არადა, საკმაოდ გამოცდილ სამართალდამცველს უნდა გაეთვალისწინებინა შესაძლო მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას მამა – თენგიზ კალანდია ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული მიხეილ კალანდიასა და მის უფროს ძმას – ლუკა კალანდიასაც. სამივე მათგანს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სწორედ მათ გადამალეს შემთხვევის ადგილიდან ამჟამად ბრალდებული გ.ჯ., რომლის ადგილსამყოფელი თავად გ.ჯ.- ს ოჯახმა, რამდენიმე საათის განმავლობაში, არაფერი იცოდა. პრაქტიკულად, კალანდიებმა გაიტაცეს არასრულწლოვანი, თუმცა პროკურატურა მათ ამავე მოზარდის დანაშაულის დაფარვას ედავება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – კალანდიების ოჯახს, პრაქტიკულად, არჩევანი არ აქვს – ან ბოლომდე უნდა გაყვნენ მირზა სუბელიანს ავანტურაში და ცრუ ჩვენებების მიცემა განაგრძონ ან ოჯახის სამმა წევრმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
13 აპრილს, კალანდიას დაკითხვის მეორე ეტაპი გაიმართა. როგორც ადვოკატებმა ივარაუდეს მოწმემ ჩვენება შეცვალა. სულ რაღაც დღენახევარი დაჭირდა მიხეილ კალანდიას, ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებაზე ეთქვა, რომ იცრუა. მისივე თქმით, არც პროკურატურისგან უგრძვნია ზეწოლა და არც არავისგან. ბრალდებულებსაც ისევ ,,აღმოუჩინა“ ხელში დანა დანაშაულის მომენტში და ჩვენების ასეთი რადიკალური შეცვლა მეგობრული გრძნობებით ახსნა. თქვა რომ წინა სხდომაზე მეგობრის გადარჩენა სცადა და ამიტომ იცრუა.
,,ვერსიისთვის“ ცნობილია, რომ მოწმის ამგვარმა საქციელმა მოსამართლე ეკა არეშიძეც კი აღაშფოთა. მან კითხვითაც კი მიმართა მოწმე მიხეილ კალანდიას, თუ მისი რომელი ჩვენება შეესაბამებოდა სიმართლეს.
როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ,,ვერსიას“ განუცხადა, დარწმუნებულია რომ მოწმეზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ასევე არც ერთ მოქმედ პროკურორს მიხეილ კალანდიასთან არ ჰქონია შეხება: ,,ვაცხადებ, რომ ხსენებულ მოწმესთან 11 აპრილის სხდომიდან დღემდე, როცა დარბაზში შემოვიდა, ბრალდების მხარეს, მე და ჩემს კოლეგას, ასევე პროკურატურის არც ერთ თანამშრომელს, მათ შორის ტექნიკურ მუშაკსაც, არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ვგულისხმობ, როგორც ფიზიკურ კონტაქტს, ასევე სატელეფონო, ინტერნეტით ან ნებისმიერი სახის კომუნიკაციას. მირზა სუბელიანს ახლოს არ ვიცნობ, ის ვის ხვდება, ვისთან და რა კონტაქტი აქვს, ინფორმაცია არ გამაჩნია. გამოვრიცხავ, რომ პროკურატურის რომელიმე მუშაკს ჰქონოდა მოწმესთან რაიმე სახის კონტაქტი“ . თუმცა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ისიც განაცხადა, რომ მოწმის განცხადება, წინასწარ გამოძიებაში მასზე პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, რეაგირების გარეშე არ დაუტოვებიათ და საქმე 333–ე ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღიძრა.: ,,მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დავტოვეთ რეაგირების გარეშე და მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, რომელზეც გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. მკაფიოდ აღვნიშნავ, მიუხედავდ იმისა, რომ მოწმემ დღეს განაცხადა, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თითქოს ზემოქმედების შედეგად მოხდა, არ შეესაბამებოდა რეალობას, ბრალდების მხარემ მყისიერად მაინც დაიწყო გამოძიება.“ – განუცხადა ,,ვერსიას“ ფხაკაძემ.
ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ახლადაღძრულ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დასამშვიდებლად გაღებული ,,მსხვერპლია“.
ბრალდებულ გ.ჯ.–ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ მოწმის მიერ სასამართლოს პირველ სხდომაზე მიცემული ჩვენების რადიკალურად შეცვლა მეორე სხდომაზე, მძიმე ფსიქლოგიური ზეწოლის შედეგია: ,,მიხეილ კალანდიას პირველი ჩვენება, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგებოდა საბრალდებო დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. ამიტომ განახორციელეს მასზე ზეწოლა, მიაღწიეს იმას, რომ ამ მოწმემ შეცვალა ჩვენება. აუცილებელია, სასამართლომ მოწმის ჩვენება შეაფასოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დამაჯერებელია ის. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ ხდება ჩვენთან საქმეების გამოძიება და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად უტყუარი და დამაჯერებელია ასეთი ჩვენება. კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ მოწმე იყო დაშინებული, ზეწოლის ქვეშ და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შეცვალა წინა სხდომაზე მიცემული ჩვენება“.
თუმცა მთელი ამ საქმის ყველაზე სკანდალურ ფიგურაზე – მირზა სუბელიანზე გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით პროკურატურა არანაირ პროცესუალურ მოქმედებებს არ ახორციელებს. სუბელიანი არც წინასწარ გამოძიებაში დაკითხულა და არც სასამართლოზეა მოწმედ გამოძახებული. მეტიც – ყოფილი პროკურორი არც დანაშაულის დაფარვის საქმეზე ,,შეაწუხეს“ მაშინ, როცა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჰყავდათ კალანდიებს გ.ჯ. გადამალული.
მოწმეთა დაკითხვის ოქმებიდან ნათლად ჩანს, რომ 1 დეკემბერს ჩხუბის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მირზა სუბელიანი პირადად აკონტროლებდა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული თენგიზ კალანდიას დაკითხვის ოქმში წერია: ,,ავედი სახლში, სადაც მელოდებოდა ჩემი ცოლის და და ა. ს. მალევე მოვიდა ჩემი ქვისლი მირზა სუბელიანი., რომელიც იყო გაცეცხლებული და მოსვლისას გამოკითხა ა. ს. … აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მირზა სუბელიანი მუშაობს მთავარ პროკურატურაში პროკურორად“, – ამბობს თენგიზ კალანდია პროკურატურაში დაკითხვისას.
მკითხველს შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საკმაოდ ,,მდიდარი“ ოდიოზური წარსულით გამოირჩევა. მისი გვარი პირველად ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჟღერდა, როცა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში გენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამავე სამინისტროს მომავალი პირველი პირი, იმ დროისთვის კი ექსპერტი კახა კახიშვილი, 2013 წლის მარტში, ერთ-ერთ ინტერვიუში იმ უცნაურ ტენდენციაზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე პროკურორები ისევ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ: ,,სასჯელაღსრულებაში საერთოდ კატასტროფაა. გენინსპექციის უფროსად დაინიშნა სუბელიანი, ყოფილი პროკურორი, რომლის სახელი 26 მაისის საქმეებს უკავშირდება. ის უმოწყალოდ ყრიდა ხალხს ციხეში. მან გააშვებინა დეპარტამენტის თავმჯდომარე და საკუთარი კადრები დანიშნა კოლონიის უფროსებად. რატომ მოიყვანა „ნაცმოძრაობის“ კადრი სუბარმა, ეს მას უნდა ჰკითხოთ. დღეს მირზა სუბელიანი მართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს,“ – აცხადებდა მაშინ კახა კახიშვილი.
არცთუ სახარბიელო სამსახურეობრივი წარსულის მიუხედავად, მირზა სუბელიანს სამართალდამცველ სტრუქტურებში გასული წლის დეკემბრის პირველ რიცხვებამდე ინარჩუნებდნენ. როგორც ჩანს, ის დღესაც გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. მის ამ გავლენას უფლებადამცველი ზვიად კუპრავა საკმაოდ სკანდალური ინფორმაციით ხსნის. სამართალდამცველთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანს ხელთ აქვს სკანდალური ვიდეოფირი, რომელზეც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაა ასახული. კუპრავას ინფორმაციით, რომელიც მან ტელეკომპანია ,,იბერიას“ ეთერში გააჟღერა, მირზა სუბელიანი სწორედ ამ შანტაჟის წყალობით ახერხებს სასჯელიდან დაიხსნას მისი მცირეწლოვანი შვილი და უკვე სრულწლოვანი ნათესავი მიხეილ კალანდია. არადა, საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ სწორედ ამ ორი მოზარდის ორგანიზებით მოხდა საქმის გარჩევა ხორავას ქუჩაზე, რასაც სისხლიანი ფინალი მოყვა.
მიხეილ კალანდიას სამდღიანი დაკითხვა, 17 აპრილის სხდომაზე დასრულდა. არაერთგზის, მათ შორის ფიცის ქვეშ შეცვლილი ჩვენების გამო, მიხეილ კალანდია ჯერჯერობით არ დასჯილა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შეცვლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
პროცესებს ყურადღებით აკვირდება და უკვე აღშფოთებას აღარ მალავს დაზარალებული ზაზა სარალიძე, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელები დაუსჯელები და თავისუფლებაზე არიან. ,,დარწმუნებული ვარ, რომ მირზა სუბელიანი აშანტაჟებს პროკურატურას, რომ არ გამოიკვეთოს სხვა შესაძლო დამნაშავე. ჩემი ინფორმაციით, რომელიც ძალიან მყარია, ორი მკვლელი გარეთ დადის. ერთ-ერთი არის უკვე დაკითხული მოწმე მიხეილ კალანდია. ის, წესით, დღეს დაკავებული უნდა იყოს იმის გამო, რომ სასამართლოზე მიცემული ჩვენება მეორე პროცესზე შეცვალა, თუმცა ამაზე პროკურატურის რეაგირებას ვერ ვხედავ და გამოდის, რომ მას ხელს აფარებს!“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
პროკურატურის ,,ოქროს მოწმის“ სამდღიანი დაკითხვა, როგორც იქნა, დასრულდა. წესით, მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემა პროკურატურამ უნდა განახორციელოს, თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიება ამას არც გეგმავს.
წყარო: “ვერსია”
თათია გოჩაძე