თურქი მსახიობი ნუმან აჯარი ჭიათურაში მაღაროელის როლს ირგებს
საქართველოში თურქულ-ქართულ მხატვრულ ფილმს იღებენ. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი თურქი მსახიობი ნუმან აჯარი საქართველოს სტუმრობს. მსახიობი მაღაროელის როლს ირგებს. ეს არის ქართულ-თურქული კოპროდუქცია – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩრდილში“.
ქართველი მაყურებლისთვის ნუმანი ცნობილია ამერიკული სერიალიდან „სამშობლო“, სადაც ჰასამ ჰაკანის როლს ასრულებს. აგრეთვე, მისი ფოტოს ნახვისას გაგახსენდებათ სერიალი „გაქცევა“, სადაც ის აბურ ამალის როლს ასახიერებს. მან ერთ-ერთი ბოლო როლი შეასრულა გაი რიჩის ბოლო მხატვრულ ფილმში „ალადინი“, რომელიც ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა.
ფილმს „ჩრდილში“ წარმოგიდგენთ თურქული მწარმოებელი კომპანია „კონტაქტ ფილმსი“ და ქართული კოპროდიუსერი კომპანია „დიგითალ ქითჩენ ფილმსი“. ფილმის რეჟისორია: ერდემ თეფეგოზი, რომელიც 2013 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის პრომეთეს პრიზიორია ფილმით „ნაწილაკი“.
ფილმის პროდიუსერები თურქული მხრიდან არიან: ფიგენ და უმუთ ოზჩორლუები. საქართველოს მხრიდან კი – გიორგი თავართქილაძე.
გიორგი თავართქილაძე:
– ქართული წარმოების ჯგუფი სრულად უზრუნველყოფს გადაღებებს საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის. კერძოდ, ეს პროექტი რიგით მესამე კოპროდუქციაა საქართველოსა და თურქეთს შორის. თურქეთის კინობაზარი დღითი დღე იზრდება. საქართველო დიდად ხელსაყრელი ქვეყანაა კინოწარმოებისთვის მრავალი მიმართულებით. ბოლო წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ე.წ. „ქეშ რიბეითის“ პროგრამა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქართული კინომწარმოებელი კომპანიების პოზიციებს.
ჩვენს შემთხვევაში, თურქული კინოკომპანიის დაინტერესება თავიდან ლოკაციებმა გამოიწვია, რითიც საქართველო ნამდვილად მრავალფეროვანი და მდიდარია. მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია „ჯორჯიან მანგანეზმა“. ფილმის უდიდესი ნაწილის გადაღება სწორედ „ჯორჯიან მანგანეზის“ ტერიტორიებზე ხდება. საქართველოს მდიდარი კინოისტორია აქვს და ქართველ ხალხს კინო ძალიან უყვარს. ამას მოწმობს ეს უდიდესი მხარდაჭერა, ურომლისოდაც ამ ფილმის გადაღებები, ალბათ, ვერც დაიწყებოდა. სწორედ, ყოველივე ეს მიქმნის პოზიტიურ განწყობას. ვფიქრობ, ქართულ კინოინდუსტრიას განავითარებს უცხოური პროექტების შემოტანა და კოპროდუქციები, ამიტომ მე და ჩემი გუნდი დღეისთვის დაუღალავად ვცდილობთ „ჩრდილშის“ გადაღებები წარმატებით დასრულდეს.
– რომელი ქართველი მსახიობები არიან დაკავებულნი ფილმში?
– რაც შეეხება ქართულ სამსახიობო გუნდს, მხოლოდ მასობრივ სცენებში მონაწილეობენ, ძირითადად – ადგილობრივი მსახიობები. ვინაიდან ფილმის ენა თურქულია, ძირითადი სამსახიობო გუნდიც თურქეთიდანაა. მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ტელე და კინომსახიობი ნუმან აჯარი.
– საკმაოდ რთული გარემოა გადასაღებად…
– ნამდვილად, გადაღებები მიმდინარეობს ექსტრემალურ გარემოში. ხშირად ვმუშაობთ ჩართულ ქარხნებში, რაც ძალიან სახიფათოა, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები უდიდესი მობილიზებითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით უზრუნველყოფენ ჩვენს ობიექტებზე მუშაობას. ხშირად ვიღებთ ისეთ სცენებს, რომლებიც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აუცილებლად გაგაოცებთ.
მას შემდეგ, რაც ლოკაციების მოძიების პროცესი დავიწყეთ, როდესაც მოსამზადებელ პერიოდში ვიყავით, დაახლოებით 3-ზე მეტი პროექტის იდეა გაჩნდა. მათ შორისაა, ერთი ამერიკული მისტიკური ჟანრის კინოპროექტი. ასე რომ, არაა გამორიცხული „ჩრდილშის“ დასრულების შემდეგ კიდევ რამდენიმე წელი „არ მოვეშვათ“ ქალაქ ჭიათურას. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული. საქართველოში კიდევ არაერთი თავისებური და საინტერესო ქალაქი თუ სოფელია, რომელიც მომავალში კიდევ სხვა კინოპროექტების სამიზნე გახდება, რაც, გარდა ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისა, ადგილობრივი მოსახლეობის ყოფასაც გარკვეულწილად გააუმჯობესებს.
ნიკოლოზ ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი:
– ხილულია ის პოტენციალი, როგორ შეიძლება გამოიყენო კინოსთვის ეს ადგილები. ამავე დროს ტურიზმისთვისაც. გაჩნდება სხვა საწარმოები, სასტუმროები. ასე რომ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჭიათურისთვის, რომ კიდევ ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს.
„პრაიმტაიმი“ მოგითხრობთ ფილმის სიუჟეტზეც. ფილმი პოსტაპოკალიპსურ პერიოდზეა, როდესაც დედამიწაზე თითქმის აღარაა დარჩენილი მადნეული. ზაითი (მთავარი პერსონაჟი) ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც უკანასკნელ მოქმედ მადნის მომპოვებელ საწარმოში მუშაობს. საზოგადოება, სადაც ზაითი ცხოვრობს, გადაშენების პირასაა და ზაითია ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც უკანასკნელი ადამიანური გრძნობები ამოძრავებს. ზაითი აღმოაჩენს, რომ მადნეული, რომელსაც მისი სამსახური ეძებს, ამოწურულია და მალევე მიხვდება იმასაც, რომ სივრცე, სადაც ის ცხოვრობს, ჩაკეტილი წრეა. ის ცდილობს, ამ წრეს თავი დააღწიოს, მაგრამ რაც მეტს ცდილობს, მით მეტად ვიწროვდება ეს წრეც.
როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, ყველას ჰგონია, რომ ჟიათურის მაღაროს ნახვის შემდეგ გაჩნდა იდეა ამ ფილმის გადაღებისა.
„ჯერ დაიწერა სცენარი და შემდეგ ვნახეთ ეს ადგილი. ჭიათურის მაღარო ზუსტად შეესაბამებოდა ჩვენი ფილმის სცენარს“. – აღნიშნა ერდემ თეფეგოზმა. ფილმის რეჟისორი მკაცრად ასაიდუმლოებს კინოსურათის ფინალს.
პროექტი დაფინანსებულია თურქეთის კულტურის სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული ტელეარხის – TRT-ს მიერ.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტროები, Georgian Manganese, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თურქეთის საელჩო საქართველოში, თურქეთის კულტურის ცენტრი და ქართულ – თურქული ბიზნესასოციაცია „Gurtiad“.
პროექტი მონაწილეობს „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, „ქეშ რიბეითის“ პროგრამაში.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობს მთლიანად ჭიათურაში, მანგანუმის მომპოვებელ მაღაროებსა და ქარხნებში Georgian Manganese-ის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანდათან უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი კინომწარმოებლებისთვის, დღემდე ძალიან იშვიათია ქართულ-თურქული კოპროდუქცია.
ფილმში მონაწილეობენ როგორც თურქი, ისე ქართველი მსახიობები. გადამღები ჯგუფი დაკომპლექტებულია ქართველი და თურქი პერსონალით.
გადაღებები გაგრძელდება მარტსა და აპრილში.
დახურული პრემიერა დაგეგმილია წლის ბოლოსთვის, რის მერეც ფილმი საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.
გადაღებების სანახავად ჭიათურაში სპეციალურად ჩამოვიდა თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი. „ეს კლდეები ჩემი ინსპირაციის წყაროა და შესაძლებელია, კლდეზე ცოცვაც კი დავიწყო“, – განუცხადა „იმედის კვირას“ თურქეთის ელჩმა.
ფილმის გადაღებები აპრილში დასრულდება და წლის ბოლოს ყველა გავიგებთ, გაექცა თუ არა ზაითი ჩაკეტილ სივრცეს.
ავტორი: ნინო მჭედლიშვილი
წყარო: primetime.ge