ე.წ. კანონიერი ქურდი ილია სამსონია აეროპორტში დააკავეს
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი ილია სამსონია დააკავეს. ის საქართველოში შემოსვლას ყირგიზეთიდან ცდილობდა, სადაც 2012 წლიდან დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მას ბრალი „კანონიერი ქურდობის“ მუხლით წაუყენეს, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მისი გვარი ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში ამოტივტივდეს და შესაბამისად, ბრალიც დაუმძიმდეს.
44 წლის ილია სამსონიას სხვადასხვა ქვეყნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 20 წელზე მეტი აქვს გატარებული. კრიმინალურ წრეებში მას „ილო ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ. 2009 წელს სამსონია რუსეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და 2012 წელს გაათავისუფლეს. გამომდინარე იქიდან, რომ ის ფლობდა ყირგიზეთის პასპორტს „ილიას ალიევის“ სახელზე, თბილისის ნაცვლად მისი დეპორტაცია ბიშკეკში განხორციელდა. სამსონია ყირგიზეთში დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ კი ის რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოამგზავრეს.
ილია სამსონია „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს „მონათლა“ გავლენიანმა თბილისელმა ქურდმა რობერტ კალანდაძემ, მისივე მეგობრის გიორგი ღლონტის რეკომენდაციით. სწორედ ღლონტთან მეგობრობა აღმოჩნდა მისთვის საბედისწეროც…
„პრაიმტაიმი“ ერთხელ უკვე წერდა გასული წლის 20 ივლისს ოზურგეთში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე. 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მისი 33 წლის სიძე, დიმა ომოლჩენკო ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. მკვლელობიდან რამდენიმე თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა 1969 წელს დაბადებულ კახა მეგრელიშვილს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ბუძგიას“ მეტსახელით იცნობენ. გარდაცვლილთა ახლობლები იმთავითვე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკვლელობა კრიმინალური ვენდეტა იყო და მეგრელიშვილის უკან გავლენიანი „კანონიერი ქურდები“ იდგნენ. სწორედ ამ კონტექსტში სახელდება ილია სამსონიას გვარიც.
კრიმინალურ პოლიციაში “პრაიმტაიმის” წყარო ვარაუდობს, რომ გურამ ფოცხიშვილი „კანონიერი ქურდების“ შეკვეთით მოკლეს და, ასევე, მოიცილეს მისი სიძე, რომელიც იმ მომენტში ფოცხიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
რა კავშირი აქვს ამ ორმაგ მკვლელობას „კანონიერ ქურდებთან“ და რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა დაპირისპირება აწ გარდაცვლილ გურამ ფოცხიშვილს?
გარდაცვლილი გურამ ფოცხიშვილი ძველი თაობის „კანონიერი ქურდის“, გურამ ფოცხიშვილის (უფროსი) შვილიშვილია. უფროსი ფოცხიშვილი 1993 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, გურამ ფოცხიშვილს (უმცროსი) და კახა მეგრელიშვილს („ბუძგია“) შორის დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ 2000 წლიდან იღებს. ცნობილია, რომ მეგრელიშვილს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ზემოხსენებულ ილია სამსონიასთან, ისევე როგორც „კანონიერ ქურდ“ გიორგი ღლონტთან, რომელსაც ქურდულ სამყაროში „კოკილოს“ მეტსახელით იცნობდნენ. 18 წლის წინათ ის სწორედ გურამ ფოცხიშვილმა დაჭრა, რის გამოც „კოკილოს“ ფეხით გადაადგილებაც კი უჭირდა. ამის გამო „კოკილოს“ გარემოცვა მასზე შურისძიებას გეგმავდა, მათ შორის კახა მეგრელიშვილი („ბუძგია“), თუმცა გურამ ფოცხიშვილმა 2001 წელს საქმის გასარჩევად მეგრელიშვილს სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მეგრელიშვილმა და სამსონიამ ცეცხლი გაუხსნეს გურამ ფოცხიშვილს, თუმცა ამ უკანასკნელმა საპასუხო სროლა განახორციელა და მაშინ კახა მეგრელიშვილი სიკვდილს სრულიად შემთხვევით გადაურჩა.
გიორგი ღლონტზე მორიგი თავდასხმა კი 2005 წლის 25 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანშიც მოხდა, სადაც ის „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ქარდავამ იცოდა რა, რომ „კოკილო“ ფეხით სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა, თავდამსხმელების შეჩერება სცადა და გიორგი ღლონტს გაქცევის საშუალება მისცა, თავად კი ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ გიორგი ღლონტი ძირითადად მძიმე დაავადებას ებრძოდა. ის მკურნალობის კურსს გერმანიაშიც გადიოდა, თუმცა 2010 წლის 16 მარტს 49 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.
2002 წელს გურამ ფოცხიშვილის სამიზნე გახდა ამავე დაჯგუფების კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გოჩა ლომინეიშვილიც, რომელსაც დანით 12 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის ყელის არეში. ფოცხიშვილის თავდასხმას ლომინეიშვილიც გადაურჩა. მოგვიანებით, მას სხვა მიზეზით „კანონიერი ქურდის“ სტატუსი შეუჩერეს.
ყოველივე ამის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ფოცხიშვილს დიდხანს არ აცოცხლებდნენ და მასზე ნადირობაც გამოცხადდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მისი მკვლელობა გავლენიანმა „კანონიერმა ქურდებმა“ რამდენიმე წლის წინათ შეუკვეთეს, და ვინ შეასრულებდა ამ საქმეს ყველაზე უკეთ, თუ არა კახა მეგრელიშვილი, რომელსაც ფოცხიშვილთან პირადი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი. ასე იქცა ფოცხიშვილის ქილერად ადამიანი, რომელიც 2001 წელს მისავე ტყვიას გადაურჩა.
ცხადია, ფოცხიშვილმა იცოდა, რომ „კანონიერი ქურდებზე“ თავდასხმებს არ აპატიებდნენ, ამიტომაც ბოლო პერიოდში უსაფრთხოების მიზნით ის საქართველოს არ ტოვებდა. როგორც ჩანს, ვარაუდობდა, რომ აქ „კანონიერი ქურდების“ მიმართ მკაცრი პოლიტიკის გამო მათგან უფრო დაცული იქნებოდა, თუმცა კახა მეგრელიშვილმა გურამ ფოცხიშვილს სწორედ მშობლიურ ოზურგეთში მიაგნო…
ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ილია სამსონიას 2017 წლის ივლისში გურამ ფოცხიშვილის ლიკვიდაციასთან, ამ კითხვას ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ახლობლები პირად საუბრებში ირწმუნებიან, რომ მკვლელობა სწორედ „კანონიერი ქურდების“ დაკვეთით მოხდა.
გამოძიებით ირკვევა, რომ ფოცხიშვილზე ანგარიშსწორების მიზნით მეგრელიშვილმა სპეციალურად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის 20 ივლისს, მეგრელიშვილი აედევნა მსხვერპლს, რომელიც ოზურგეთში ნათესავთან – დიმა ომოლჩენკოსთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა. მან ჯერჯერობით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ ფოცხიშვილი და დიმა ომოლჩენკო ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.
ამით დასრულდა ქურდული ვენდეტა 18 წლის შემდეგ, თუმცა მანამდე ამ დაპირისპირებას რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ ტიტულიც შეეწირა. სწორედ გურამ ფოცხიშვილის გამო სტატუსი შეუჩერეს „კანონიერ ქურდ“ ვალიკო მჟავიას. გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ ვალიკო მჟავია „კანონიერმა ქურდებმა“ – კახა ორაგველიძემ და ბონდო სტურუამ ესპანეთში დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს, რატომ არაფერი მოიმოქმედა მაშინ, როდესაც ის პირისპირ შეხვდა გურამ ფოცხიშვილს. ადამიანს, რომელზეც ქურდულ სამყაროს ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული, გიორგი ღლონტისა და გოჩა ლომინეიშვილის გამო. ვალიკო მჟავიამ ფოცხიშვილთან შეხვედრა და მისი უმოქმედობა ვერაფრით ახსნა, რის გამოც კახა ორაგველიძის ინიციატივით მას ქურდის სტატუსი ჩამოართვეს.
სხვათა შორის, ეს ის ორაგველიძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ჩათვალა, რომ პირის დამნაშავედ ცნობისთვის მხოლოდ მისი სტატუსი საკმარისი არ იყო და ქმედებაში გამოხატული დანაშაულის არარსებობის გამო, ორაგველიძის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა. გაამართლებს თუ არა სასამართლო წინასწარ პატიმრობაში მყოფ ილია სამსონიასაც, ეს მთლიანად ბრალდების მხარის მტკიცებულებებზეა დამოკიდებული და თუ ფოცხიშვილის მკვლელობის საქმეში „ილო ოზურგეთსკის“ კავშირი დადასტურდა, სავარაუდოდ, მას ორთაჭალის #7 იზოლატორში კიდევ მრავალი წლის გატარება მოუწევს.
და აი, რას აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გურამ ფოცხიშვილის მკვლელობის შესახებ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კ.მ.-ს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.მ. განაწყენებული იყო ნაცნობზე – გ.ფ.-ზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, გ.ფ.-ს მოკვლა განიზრახა…
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
და ერთი საინტერესო დეტალიც… 20 ივლისს გურამ ფოცხიშვილთან ერთად მოკლული მისი დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ბავშვობიდან მონასტერში იზრდებოდა. ის სტიქაროსანი გახლდათ და ცხადია, კრიმინალური თავდასხმის სამიზნე ვერ იქნებოდა. სავარაუდოდ, ომოლჩენკო, როგორც მოწმე, ისე მოიცილეს. ადგილობრივების გადმოცემით, ომოლჩენკო ხუთი წლის ასაკში, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა იშვილა და მას შემდეგ გვერდიდან არ მოუშორებია. ამბობენ, მეუფემ შვილობილს ოზურგეთში ბინაც უყიდაო. მას მეუღლე და 3 წლის შვილი დარჩა.
რაც შეეხება გურამ ფოცხიშვილს, ქურდულ სამყაროსთან მისი პირველი დაპირისპირება მამის, დავით ფოცხიშვილის სახელს უკავშირდება, რომელსაც წლების წინათ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს და ქურდების დიდი ნაწილი განუდგა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ვაჟის, გურამ ფოცხიშვილის (უმცროსი) გააქტიურება „ავტორიტეტების“ წინააღმდეგ. 2006 წელს ის იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გაასამართლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მისი მოკვლა ციხეშიც სცადეს და მაკრატლით დაჭრეს კიდეც… გურამ ფოცხიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს დატოვა.
წყარო: “პრაიმტაიმი”