ყველა დეტალი ვაკეში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე – რა იყო მოტივი და როგორ გამოჭრა ყელი გერს მამინაცვალმა?
13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელი გამოჭრეს. გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ამ შემზარავი მკვლელობის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაარკვია. მკვლელობიდან დაახლოებით ერთ საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს ყოფილმა მამინაცვალმა გამოასალმა. ბრალდებული 45 წლის ვეფხია ბაქრაძეა. ის თამარ გამრეკელაშვილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლე გახლდათ, თუმცა ბოლო წლებში ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. გავარკვიეთ, რომ ბაქრაძე ნათელა გობაძეზე სისტემატურად ძალადობდა. მაგალითად, 2014 წელს მან ყოფილ მეუღლეს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა.
„პათოლოგი იყო და არ ურიგდებოდა ნათელა. ის კი დაჟინებით სთხოვდა შერიგებას. ბათუმში ყვავილებით ჩააკითხა, ეუბნებოდა, ზღვისკენ გავისეირნოთო, დახრჩობა უნდა მისი. რომ არ გაჰყვა, ქვით გაუჩეჩქვა თავი“, – იხსენებს ნათელა გობაძის ნათესავი.
გამოცემის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე ყოფილ მეუღლეს თავს 2014 წელსაც დაესხა და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ის დააკავეს. 2015 წელს სასამართლომ სხეულის დაზიანების ბრალდებით ბაქრაძე პასუხისგებაში მისცა, თუმცა ის მალევე პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს ვადაზე ადრე დატოვა.
ახლობლების გადმოცემით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ვეფხია ბაქრაძე ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც განაგრძობდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, ნათელა გობაძემ კვლავ პოლიციას მიმართა. გასულ კვირას, იმ ტრაგიკულ დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებამ ვეფხია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ დოკუმენტით მოძალადის შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორც გამოცემასთან ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ბაქრაძე ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და შვილის მოკვლითაც არაერთხელ დაემუქრა. სწორედ ამის გამო მიმართა ნათელა გობაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით. 13 აპრილს დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა თამარ გამრეკელაშვილიც, რომელმაც პირადი მიზეზების გამო, განყოფილება უფრო ადრე დატოვა.
ვეფხია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა. ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77-ში, სადაც თამარ გამრეკელაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. თავდამსხმელმა იცოდა რა, რომ თამარის მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.
გარდაცვლილის ცხედარი პირველად მეზობლებმა აღმოაჩინეს. ისინი ბინაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც ბავშვების განწირული ტირილის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთმა მეზობელმა თავდამსხმელიც დააფიქსირა, რომელიც უკვე ფანჯრიდან ხტებოდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა თამარ გამრეკელაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო. მის ცხედარს იმავე ღამეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თელავის რაიონის სოფელ სანიორეში გადაასვენეს.
ცნობილი ხდება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე სოლოლაკში შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მან იქ საცხოვრებელი ოთახი აპრილის დასაწყისში იქირავა და როგორც ირკვევა, მკვლელობის შემდეგ მან სწორედ აღნიშნულ საცხოვრებელში გაიარა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა. სამართალდამცველებმა შინდისის ქუჩაზე ჩხრეკა 14 აპრილს დილითვე ჩაატარეს და ნივთმტკიცებებიც ამოიღეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კუმისის აგარაკებსა და მცხეთის რაიონშიც, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებული უძრავ ქონებას ფლობს.
ცნობილია ისიც, რომ 45 წლის ვეფხვია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. უწყებაში ის, სულ რაღაც, ერთი წელი მუშაობდა და სამსახური მალევე დაატოვებინეს. ჩვენი ინფორმაციით, 2015 წლამდე ბრალდებული კიდევ ერთხელ იყო ნასამართლევი. ბაქრაძე, 2009 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გაასამართლეს, რაც გულისხმობს „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება, თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე, დახმარების საჭიროების შესახებ, სათანადო დაწესებულებისთვის ან პირისთვის შეუტყობინებლობას“.
სამართალდამცველებმა, 24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე თელეთის დასახლებაში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით წარუდგინეს. ბრალდებულის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ვეფხია ბაქრაძე 2017 წელს საპატიმროდან ვადაზე ადრე, პრეზიდენტის შეწყალებით განთავისუფლდა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს…
გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა…
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე, თუმცა ამ პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა და იქვე დაადასტურა, რომ „2015 წელს ვ.ბ. დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ. პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა“.