ჯულიეტა ვაშაყმაძეს: თქვენი შვილის გამო, ის ირაკლი ზის საკანში, რომლის დაბადების სიხარულიც თქვენ გაიზიარეთ

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი წევრის, ირაკლი დოლენჯაშვილის დედა, მაია კუსიანი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს მიმართავს.
როგორც მაია კუსიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, წლების წინ, ის და ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში ერთად მუშაობდნენ და მეგობრები იყვნენ.
ამასთან, დედის ინფორმაციით, როდესაც მას ირაკლი შეეძინა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ პირადად მიულოცა და დალოცა კიდეც.
მისივე თქმით, მისი შვილი, რომელიც ამჟამად საპატიმროში იმყოფება, 24 წლისაა და საერთაშორისო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
„დღეს, სწორედ ის ირაკლი ზის საკანში, რომლის დაბადების სიხარულიც ჩემთან ერთად გაიზიარა, დიახ, ქალბატონო ჯულიეტა, ჩემ შვილზეა საუბარი, თქვენი შვილის მოსაზრების გამო, ირაკლი, თავის მეგობრებთან ერთად, ციხეში უსამართლოდ ატარებს საუკეთესო წუთებს, მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ მართლმადიდებლობა, საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვა!
ქალბატონო ჯულიეტა, როგორც დედასა და ჩემი ოჯახის გულშემატკივარს, მინდა მოგმართოთ, დედაშვილურად სთხოვეთ გიორგის, ბოდიში მოიხადოს!
ნუ ადენთ ცრემლს ოჯახს, რომელიც თქვენგან დალოცვილია! ქალბატონო ჯულიეტა, იმედია, ამ სტატიის წაკითხვისთანავე ამოიღებთ ხმას და იტყვით სათქმელს, ისეთს, როგორიც თქვენ შეგეფერებათ! ვერაფრით დავიჯერებ, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილი ასეთი ცინიკოსი, მართლმადიდებლობისა და ქართველი ხალხის მოძულეა!“ – აცხადებს მაია კუსიანი.
ამასთან, მაია კუსიანი გამოცემასთან ამბობს, რომ იგი გიორგი გაბუნიას პირადად იცნობს და მის თვალწინ გაიზარდა.
„ჩემ თვალწინ გაიზარდა ტელევიზიაში, არაჩვეულებრივი, ზრდილობიანი ბავშვი იყო. დღეს რომ ვუყურებ მის გამოსვლებს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ სხვა ადამიანი საუბრობს. სხვათაშორის, იმ დღეებში ვფიქრობდი, რაღაცას მაინც მეტყოდა ეკრანიდან, მაგრამ მან გულდაგლეჯილი დედების გასაგონად, სიხარულით ახსენა – 6 ახალგაზრდა ციხეში ჩაყარესო. მოკლედ, მეორედ გაასამართლეს ბავშვები. მისი სითამამე და თავისუფლება შეცდომებში გადაიზარდა, რომელიც უკვე დანაშაულად იქცა“, – აცხადებს პატიმრის დედა მაია კუსიანი.
იგი ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნიასაც მიმართავს.
„გიორგი, შვილო, როდესაც შენი მოსაზრებებით, „დემოკრატიული გამოვლინებებით“, ერსა და ბერს ეხები, ეს უკვე დანაშაულია. მარიამის წილხვედრ საქართველოს შენი „ქადაგებებით“ არაფერი დაუშავდება, მაგრამ თავად დაზიანდები, რადგან ადამიანების სიძულვილი ყველაზე დიდი სასჯელია!” – მიმართავს მაია კუსიანი გიორგი გაბუნიას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები