რატომ სტუმრობდა საქართველოს რუსი ჯაშუში, რომელიც მონტენეგროს მთავრობის დამხობისა და პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნება

„პრაიმტაიმი“ ცოტა ხნის წინ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა საქართველოში მოქმედი რუსეთის მეხუთე კოლონისა და რუსული სპეცსამსახურების მოქმედების გეგმებზე. მათ შორის იმას, რა სქემით და ვისი გავლით ხდებოდა ქვეყანაში პრორუსული პროპაგანდისთვის საჭირო თანხების მობილიზება. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეს კოორდინაციას უწევდნენ როგორც მოსკოვიდან, ისე თბილისში, რუსეთის ინტერესების სექციიდან, სადაც ერთი შეხედვით მხოლოდ სავიზო საკითხები გვარდება, თუმცა რეალურად, ვიზების სანაცვლოდ დიდი ოდენობით გადახდილი ქრთამის ნაწილი, ისევ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, დეზინფორმაციის გავრცელებას და პრორუსული ძალების გაძლიერებას ხმარდება.

ამჯერად კი ჩვენთვის ცნობილი გახდა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, არა მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყურადღების საგანიც კი გახდეს, რამეთუ საქმე ეხება 2016 წელს ნატოს წევრ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ დაგეგმილ სამხედრო გადატრიალებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჩვენი ქვეყნის ხშირი სტუმარიც გახლდათ.

მოკლედ, ყველასთვის ცნობილია, რომ 2016 წლის ოქტომბერში ბალკანეთის პატარა ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა კრემლის მიერ სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ აგრესიას. გაირკვა, რომ რუსეთის გრუ-ს ორი ოფიცერი – ედუარდ შიშაკოვი და ვლადიმერ პოპოვი საიდუმლო ქმედებების საშუალებით ცდილობდნენ, ძალადობრივი გზით ჩაეშალათ დემოკრატიული არჩევნები მონტენეგროში, რომლის საბოლოო მიზანი მთავრობის დამხობა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მკვლელობა გახლდათ. საბედნიეროდ, მონტენეგრომ შეძლო აღნიშნული შეთქმულების გამოაშკარავება და აღკვეთა შეთქმულების სისრულეში მოყვანამდე. დღეს, როგორც შიშაკოვს, ისე პოპოვს ტერორიზმის მომზადების ფაქტზე დაუსწრებლად აქვთ ბრალი წარდგენილი. მართალია, დაგეგმილი გადატრიალება არ შედგა, მაგრამ რუსეთის ორბიტაზე მყოფი სუვერენული ქვეყნებისთვის ეს აღმოჩნდა საშიში სიგნალი, რაზეა წამსვლელი რუსეთი და მისი ჯაშუშური ქსელი საკუთარი ზრახვების მისაღწევად.

მონტენეგროში განვითარებული მოვლენები და კრემლის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც შეშფოთების საგანია. მით უფრო, რომ რუსეთის გრუ-ს ოფიცერი ვლადიმერ პოპოვი, რომელიც მონტენეგროში პრემიერ-მინისტრის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ორგანიზებას ახდენდა, იმავე პერიოდში ჩვენს ქვეყანას რეგულარულად სტუმრობდა. ჩვენი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, პოპოვის საქართველოში ვიზიტები ემთხვევა მონტენეგროში შეთქმულთა კრიმინალური ქსელის ჩამოყალიბების პერიოდს. უფრო ზუსტად კი ჩვენი წყაროს ცნობით, 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, პოპოვი 8-ჯერ შემოვიდა და გავიდა საქართველოდან და თითოეული ვიზიტის დროს ქვეყანაში მოკლე პერიოდით ჩერდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რატომ სტუმრობდა დემოკრატიული ევროპული მთავრობის დამხობაში აქტიურად  ჩართული რუსეთის გრუ-ს ოფიცერი საქართველოს ამდენი მოკლევადიანი ვიზიტით?

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, 2012-2015 წლებში პოპოვის საქართველოში ვიზიტები არ იყო ტურისტული. აშკარაა, რომ ის ქვეყანაში პეიზაჟებით, ღვინით, სუფრითა და სტუმარმასპინძლობით ტკბობის მიზნით არ ჩამოდიოდა.

„საქართველოში პოპოვის გადაადგილება საკმაოდ უცნაური ხასიათის იყო და ძალიან ჰგავდა იმ პირის გადაადგილებას, რომლის ჩამოსვლის მიზანი საიდუმლო შეხვედრების გამართვაა“, – აცხადებს წყარო.

მისი ინფორმაციით, საქართველოში პოპოვი ორჯერ გემით შემოვიდა შავი ზღვის პორტებში. პირველად რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან მომავალი გემით ბათუმის პორტში, რის შემდეგაც ჩავიდა თბილისში და საქართველო თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა. რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ მეორე ვიზიტს, ის ფოთის პორტში ჩავიდა კვლავ უკრაინიდან და ოთხი დღის შემდეგ ქვეყანა ბათუმის აეროპორტის გავლით დატოვა. ჩვენი წყარო იხსენებს, რომ  საიდუმლოებით მოცული სხვა ვიზიტების დროს ის ქვეყანაში ჩამოსვლისა და ქვეყნიდან გამგზავრების მიზნით სხვადასხვა აეროპორტებს იყენებდა და სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩერდებოდა საქართველოში.

„ის დაკავებული უნდა ყოფილიყო რაღაც საიდუმლო საქმეებით ამ უცნაური ვიზიტებისას, რომელთა მარშრუტებიც ბათუმსა და თბილისზე გადიოდა“, – ამბობს წყარო.

ამჯერად, პოპოვი მართლმსაჯულებას რუსეთში ემალება მონტენეგროში ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლების შიშით. შესაძლოა, ჩვენ ვერც ვერასდროს შევიტყოთ, რას საქმიანობდა ის საქართველოში ყოფნის დროს, თუმცა, გრუ-სა და ეფესბე-ს სხვა ოფიცრები, ალბათ, დანამდვილებით განაგრძობენ საქართველოში საიდუმლო ვიზიტებს. ამისთვის მათ არ სჭირდებათ ვიზები, განსხვავებით საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომელთაც რუსეთში გამგზავრების სანაცვლოდ უწევთ ქრთამისა და დამატებითი გადასახადების გადახდა.

საბედნიეროდ, მონტენეგროს მთავრობამ ნათელი მოჰფინა მათ ქვეყანაში დაგეგმილი მკვლელობისა და შეთქმულების დეტალებს. და აი, რა დასკვნა დაიდო მონტენეგროში ჩატარებული გამოძიების შედეგად:

რუსეთის გრუ-ს ოფიცრები პოპოვი და შიშმაკოვი თანამშრომლობდნენ სერბეთის მოქალაქე ალექსანდრე (საშა) სინდჯელიკთან მონტენეგროს მთავრობის დამხობისა და ქვეყნის პრემიერის მკვლელობის განხორციელების მიზნით. შიშმაკოვი და სინდჯელიკი ერთმანეთს თავდაპირველად უკრაინაში შეხვდნენ, სადაც შიშმაკოვი თითქოსდა ჩართული უნდა ყოფილიყო „ჰუმანიტარულ საქმიანობაში“ და არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში. გრუ-ს ოფიცერი შიშმაკოვი სინდჯელიკთან დასაკავშირებლად იყენებდა სკაიპს, 2015 წლის მარტსა და მაისში მოსკოვსა და სერბეთში, კერძოდ, კალემეგდანის პარკში შეხვედრების ორგანიზების მიზნით. სასამართლოზე წარადგინეს ამ შეხვედრების ამსახველი ფოტომასალაც, თუმცა ეს გახლავთ მხოლოდ მცირე სამხილი შიშმაკოვის წინააღმდეგ.

ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც გრუ-ს ოფიცრებმა სინდჯელიკის რეკრუტირება მოახდინეს, ისინი მას უხდიდნენ ხელფასს გრუ-ს იმ გეგმის განხორციელებაში დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ემსახურებოდა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების აღკვეთას მთავრობის ძალადობრივი დამხობის გზით. გრუ სინდჯელიკთან და პარტნიორებთან ერთად, ეცდებოდა მონტენეგროს პარლამენტზე იერიშის მიტანასა და ძალადობრივი გზით არჩევნების ჩაშლას.

აქვე საგულისხმოა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, სწორედ მაშინ, როდესაც უკვე ყალიბდებოდა მონტენეგროს მთავრობის დამხობის გეგმა, საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა საქართველოშიც. აშკარაა, რომ ამ დროს, რუსეთის დაზვერვის აგენტებს ნამდვილად ექნებოდათ საიდუმლო შეხვედრები კონტაქტებთან და კონსპირატორებთან საქართველოშიც.

მონტენეგროს შემთხვევასთან დაკავშირებით კი ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ გრუ ძალიან ახლოს იყო საკუთარი ბოროტი მისიის შესრულებასთან. გამოძიების ინფორმაციით, გრუ-ს ოფიცრები სინდჯელიკს და მის თანაკონსპირატორ მირკო ველიმიტოვიჩს აძლევდნენ ფულს შაშხანების, რესპირატორების, ცრემლმდენი გაზის, ხელკეტების, კასტეტების, მავთულხლართებისა და იმ შურდულების შესაძენად, რომლებსაც შემდგომში მინების ჩამსხვრევის მიზნით გამოიყენებდნენ. ასევე, უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გრუ-ს აგენტებმა კონსპირატორებს პოლიციის ფორმების ყიდვა დაავალეს, რომელთა გამოყენებითაც მოხდებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათივე გადაბრალება მონტენეგროს პოლიციისთვის. აღსანიშნავია, რომ გრუ-ს ისე უნდოდა მოვლენების წარმოჩენა, თითქოსდა შექმნილი არასტაბილური ვითარება და ძალადობა მონტენეგროს მთავრობისა და ნატოს დანაშაულს წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში, სინდჯელიკს ოპერაციების დასაფინანსებლად რუსებმა გადასცეს 200 000 ევრო, რითიც მან წარმატებით შეიძინა იარაღის, აღჭურვილობისა და პოლიციის ფორმების უმეტესი ნაწილი. მონტენეგროს უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული წარმატებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა გრუ-ს შეთქმულების აღკვეთა, რომელიც აუცილებლად სისხლისღვრით დასრულდებოდა.

მოგვიანებით, სინდჯელიკის მიერ მიცემული ჩვენებებით გაირკვა, რომ გრუ-ს ოფიცრებმა, კონკრეტულად შიშმაკოვმა, სერბ აგენტებს უთხრა, რომ მოეკლათ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი ოპერაციის მსვლელობისას და გამოეწვიათ მაქსიმალური დესტაბილიზაცია და დესტრუქცია. შემდგომში, რუსული პროპაგანდისტული მანქანა ძალადობასა და დესტაბილიზაციას მონტენეგროს ხელისუფლებას მიაწერდა, რითიც დააზარალებდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და დაასუსტებდა მთავრობას. აღსანიშნავია, რომ მაშინაც კი, როდესაც 2016 წლის ოქტომბერში მონტენეგროს მთავრობამ ძებნა გამოაცხადა შეთქმულების ავტორებზე, შიშმაკოვი შეეცადა, დაკავშირებოდა სინდჯელიკს ოპერაციის დაჩქარებისა და, ასევე, ალტერნატიული გზების დასახვის მიზნით, რაც მონტენეგროში ძალადობრივი ქმედებების გაღვივებას ისახავდა მიზნად.

სინდჯელიკის ჩვენებებიდან, ასევე, ირკვევა, რომ ის წარმოადგენდა გრუ-ს იმ დიდი და უაღრესად რთული ოპერაციის პატარა მოთამაშეს, რომელიც მიზნად ისახავდა მონტენეგროს მთავრობის დამხობასა და ბალკანეთის ამ ნაწილის დესტაბილიზაციას. სინდჯელიკს ჰქონდა მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია სხვა სერბ აგენტებთან დაკავშირებით, რადგან გრუ-ს მიერ რეკრუტირებული სხვა სერბი აგენტები კოდურ ნომრებსა და ანონიმურ მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ.

განსაკუთრებით საინტერესოა სინდჯელიკის ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ გრუ-ს გეგმაში გარკვეულწილად მონაწილეობდნენ პრორუსულად განწყობილი მონტენეგროელი პოლიტიკოსებიც, რომელთაც კრემლისგან მიიღეს დაპირება, რომ ხელში ჩაიგდებდნენ ქვეყნის მართვის სადავეებს და გრუ-ს გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ჩაერთვებოდნენ ქვეყნის მართვაში.

ცხადია, აქვე ჩნდება კითხვა საქართველოსთან მიმართებაშიც… საინტერესოა, ახლა, როდესაც პოპოვი გაიშიფრა, ვინ ჩამოდის საქართველოში მისი საქმიანობის გასაგრძელებლად?

წყაროს ნაამბობი ერთი შეხედვით ჯაშუშურ რომანს მოგაგონებთ, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკვე წლებია, კარგად არის ცნობილი მოსკოვის ინტრიგები და ბინძური სქემები. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამას მოწმობს ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში განვითარებული მოვლენებიც, როდესაც უკვე ხანში შესული სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს და მოკლეს. რუსი ჯაშუშების ამ ქიმიური შეტევის გამო საავადმყოფოში რჩება 50 უდანაშაულო ადამიანი (შესაძლოა, მეტიც).

მთელი ეს მოვლენები პატრიოტი მზვერავების მუშაობას ჰგავს თუ მკვლელი ტერორისტების ნამოქმედარს? ამ კითხვას ცივილიზებულ ქვეყნებში უკვე აღარ სვამენ. ყველა თანხმდება, რომ ეს ის ტერორისტული თავდასხმებია, რომელთაც კრემლის აგენტები ახორციელებენ.

ახლა ცივილიზებულ სამყაროს უფრო სხვა კითხვა აწუხებს – რას გეგმავენ ისინი ამ წუთას? და აქამდე რა გაუკეთებიათ ისეთი, რაც ჯერ ცნობილი არ გამხდარა?

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნა, რომ საქმე გვაქვს კრემლისა და მისი  დაზვერვის სამსახურის ბინძურ ქმედებებთან, რომელთა მიზანია, აცხოვროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობა და მსოფლიო მასშტაბით მცხოვრები რუსი მოქალაქეები პუტინისა და თანამედროვე „კგბ“-ს შიშში.

უსაფრთხოების ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე და იდგეს ცივილიზებული სამყაროს გვერდით. დღეს თბილისში სიმშვიდეა, მაგრამ ყველაფერი კარგად როდია. ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, სიჩუმე ზოგჯერ საფრთხის ნიშანია, რადგან მეზობლები რაღაცას გეგმავენ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები