სპეცოპერაცია ესპანეთში – ვინ არიან მადრიდში დაკავებული ქართველები და რა ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს საქართველოში
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ევროპელი სამართალდამცველების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ. ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე არაერთი ასეთი დაჯგუფება მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ირკვევა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს პოლიციის ატაშეს ინსტიტუტი, რომლის დახმარებითაც გასულ კვირას ესპანეთში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს“, – განაცხადეს შსს-ში.
უწყებაში მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა. ირკვევა, რომ დაკავებულთა შორის არიან ძმები ოთარ და მალხაზ ბოლქვაძეები, მათი ბიძაშვილი ბექა ბოლქვაძე და, ასევე, ლევან ჯოხაძე.
აღმოჩნდა, რომ ძმები ბოლქვაძეები და ლევან ჯოხაძე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის ქურდობის, ძალადობისა და ძარცვის ბრალდებით.
ბოლო პერიოდში ეს არ გახლავთ ერთადერთი სპეცოპერაცია, რომელიც ქართველების მიმართ ევროპაში ჩატარდა. ერთი თვის წინ, ასევე, პოლიციის ატაშეს დახმარებით კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები პარიზში დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დავით ლაცაბიძის ინფორმაციით, დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად. შსს-ს მაღალჩინოსანს იდენტიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა დაადასტურა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“.
„სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს.
ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“. აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ვინ არიან ის „კანონიერი ქურდები“, რომელთან კავშირსაც დაკავებულებს ედავებიან? ეს შსს-ს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ 2017 წლის ნოემბერში პარიზსა და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები: ნიკოლოზ ნოდია, რევი დარახველიძე, ილია ხელაძე, ნოდარ გამისონია და გიორგი ფოლადაშვილი, მეტსახელად „სინკარა“.
36 წლის ნოდარ გამისონია და 37 წლის გიორგი ფოლადაშვილი „კანონიერ ქურდებად“ 2013 წელს თურქეთში „მონათლეს“. 38 წლის რემი დარახველიძე კი ამ სტატუსს 2000 წლიდან ატარებს. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დროს დაპატიმრებული იყო საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში.
ის, რომ ბოლო პერიოდში ქართველი კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურდა, ეს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. გიორგი გახარიას თქმით, იგეგმება პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის გაძლიერება და რაოდენობრივი ზრდა.
„ჩვენ ვაძლიერებთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტს. ეს ინსტრუმენტი ისედაც ძალიან ეფექტურად მუშაობს. იგეგმება რაოდენობრივი ზრდა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ ამ თვეში უკვე საბოლოოდ გავაფორმებთ ხელშეკრულებას ევროპოლთან. საქართველო უკვე როგორც ევროპოლის სრულფასოვანი წევრი, მიიღებს კონკრეტულ შედეგებს, როგორც ინფორმაციის 24-საათიან რეჟიმში გაცვლის, ისე ბევრი სხვა კუთხით. ასევე, ვგეგმავთ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, რთულდება გვარის შეცვლის პროცედურა. ანუ გაჩნდება რაღაც ინფორმაციული კომპონენტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გაირკვეს, შეცვლილი აქვს თუ არა პიროვნებას გვარი. დაწყებულია ფართო საინფორმაციო კამპანია. ის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შეიძლება გაზრდილიყო, ამის მოლოდინი ჩვენც გვქონდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს სახელმწიფო“, – ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი.
გახარია გადაჭარბებულს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს ქართულ კრიმინალურ სინდიკატზე. რამდენად სერიოზული თავის ტკივილია ევროპისთვის ქართული კრიმინალური სამყარო? ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ასე პასუხობს:
„ევროპის პრესა, ასევე, წერს რუსულ, იტალიურ, ბალკანურ და კიდევ ბევრ კრიმინალურ დაჯგუფებაზე, მათ შორის ქართულზეც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არ არის სტრუქტურირებული ქსელის სახით ჩამოყალიბებული. ძირითადად ეს არის წვრილმანი ქურდობები და მსგავსი არაკანონიერი ქმედებები, რაც ასევე გამაღიზიანებელია“, – ამბობს გახარია.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“