„რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება ახალ დონეზე გადადის“ – რას აცხადებს ამირან სალუქვაძე

რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება ახალ დონეზე გადადის – მოსკოვი ამერიკულ ბაზებს პირდაპირი იერიშით ემუქრება – ამ სათაურით „რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე უკვე სახეზეა ძირითად მოთამაშეთა დაპირისპირება, რისი დამადასტურებელიცაა ის რიტორიკა, რასაც ახლა რუსეთი და აშშ მიმართავენ.

“აღმოსავლეთ გუტაში ძალიან მძიმე ვითარებაა, თუმცა რუსეთის მხარე ამას თავისებურად აშუქებს, ის არ აღიარებს ქლორისა და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებას. მე სხვადასხვა წყაროს ვეცნობი, ინფორმაციები განსხვავებულია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა რომ უკიდურესად მძიმეა, ამას ყველა მოწმობს. ამ ვითრებაში, რუსეთს უკან დასახევი არ აქვს და ის არც დათმობს. იმიტომ, რომ რუსეთი ამას აღიქვამს, როგორც მისი რეპუტაციის შელახვას. მეორე მხრივ, დათმობის შემთხვევაში ის დაკარგავს ბოლო პლაცდარმს ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზების სახით”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ თავის მხრივ არც აშშ არის დათმობაზე წამსვლელი.

სალუქვაძის თქმით, ის განცხადება, რაც აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთდა, კერძოდ, გაერო-ში ამერიკის ალჩის მიერ, რომ აშშ მზად არის, იმოქმედოს თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება გადაწყვეტილებაზე, ნიშნავს, რომ ამერიკა სამხდრო ოპერაციას განახორციელებს.

„აქ არ იგულისხმება აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ძალების მოქმედებები, აქ აშკარად იკვეთება, რომ აშშ სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. მაგრამ თუ აშშ უშუალოდ თავისი ძალებით განახორციელებს ოპერაციას, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რუსეთი უშუალოდ თავისი ქვედანაყოფებით შევიდეს მასთან დაპირისპირებაში, რადგან მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს ორი სახელმწიფო წლების განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტში ირიბად იყო დაპირისპირებული ერთმანეთთან. მაგალითად, საბჭოთა კავშირი აწვდიდა იარაღს, ეხმარებოდა სპეცილისტებით და ასეთი მეთოდით ეომებოდა ამერიკას როგორც ვიეტნამში, ისე ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა კონფლიქტში, იმავე კორეაში. ამ შემთხვევაში, რუსეთი ისედაც ეხმარება სირიის სამთავრობო ძალებს, მაგრამ არა მგონია, რომ ასადის ძალებმა ამერიკის რეგულარული არმიის წინააღმდეგ დიდხანს გაძლონ.

ამიტომ, ამერიკასთან უშუალო დაპირისპირებაში რესეთი ვერ შევა, შემოიფარგლება მხოლოდ ასადის რეჟიმის მხადრაჭერით. ასევე გაუჭირდებათ, რომ დავუშვათ აშშ-ის საფრენი აპარატები ჩამოაგდოს რუსეთის საზენიტო კომპლექსებმა, რადგან ესეც უშუალო დაპირისპირება იქნება. მაშინ რუსეთს მოუწვეს, რომ ეს კომპლექსები ფორმალურად მაინც გადასცეს ასადის არმიას და მან გამოიყენოს, რასაც დღეს არავინ დაიჯერებს, რადაგან ეს კომპლექსები სულ ახლახან იქნა გადატანილი სირიის ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ასადის ხელისუფლებისთვის არ მომხდარა. ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს,” – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები