მამუკა არეშიძე: შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს!
„კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს“, – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი გამოცემასთან არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.
მისი თქმით, ტატუნაშვილს აიძულებდნენ, რომ ვიდეოკამერის წინ მიეცა „ჩვენება” და „ეღიარებინა”, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ დივერსიულ ჯგუფს ქმნიდა, რაც არ გააკეთა და სწორედ ამის გამო მოკლეს. „კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს. იგი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში და მისთვის უნდა დაებრალებინათ დივერსიული ჯგუფების შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მთავარი აქ ის იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებისთვის ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა „ჩვენება” და „ეღიარებინა”, თითქოს დივერსიულ ჯგუფს ნამდვილად ქმნიდა. ტატუნაშვილი ახალგორში აიყვანეს ოსებმა, რუსები იქ არ ყოფილან! არჩილ ტატუნაშვილი არის იმ ტიპის გმირი, როგორი გმირობაც გიორგი ანწუხელიძემ ჩაიდინა, ანუ არჩილ ტატუნაშვილი ვერაფრით აიძულეს, კამერის წინ ჩვენება მიეცა და ცემით მოკლეს!” – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ტატუნაშვილის მკვლელობაში უშუალოდ რუსები მონაწილეობდნენ თუ არა, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელი ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამის სტრუქტურებშია გაერთიანებული. ამდენად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს!” – განაცხადა არეშიძემ.
ამასთან, არეშიძე აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის გამო რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროებას ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიეცა. „როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, პუტინმა თურმე მომხდარის გამო, ძალიან მკაცრი ბრძანებები გასცა… ამის გამო ოსები ძალიან შეშინებულები არიან და არ იციან, როგორ გამოძვრნენ სიტუაციიდან! ” – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.