ზაჰესში, ახალი წლის ღამეს მოკლული ცოლ-ქმრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაჰესის დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნა. 66 წლის ერვანდ ტატიშვილისა და მისი 51 წლის მეუღლის, ინგა ხუბაევის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ცოლ-ქმარი ძველით ახალ წელს საკუთარ მაღაზიაში იპოვეს გარდაცვლილები.
მართალია, შს სამინისტროს ბრალდებულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, „პრაიმტაიმისთვის“ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის ბრალდებულის ვინაობა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს – 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს – 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე და 236-ე მუხლით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულის 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მკვლელობა ყაჩაღობის მიზნით მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ამყარებს ისიც, რომ საჯარო განცხადების შემდეგ სამართალდამცველებმა დაკავებულს ბრალი დაუზუსტეს და მას კიდევ ერთი მუხლი – 179-ე (ყაჩაღობა) წარუდგინეს ბრალად.
გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულის სახით დაკავებულია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მეზობელი, 36 წლის მიხელ ნავრადაშვილი. ის საკუთარი სახლიდან აიყვანეს, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ.
ნავრადაშვილების ოჯახი გარდაცვლილი ცოლ-მქრის გზის საპირისპირო მხარეს ცხოვრობს და იქვე ფლობს კომერციულ ფართს, სადაც, ასევე სასურსათო მაღაზია ფუნქციონირებს.
მეზობლები პირად საუბარში ამბობენ, რომ დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მათი თქმით, ნავრადაშვილების ოჯახი საკამოდ შეძლებულად ცხოვრობს და დაუჯერებლად ეჩვენებათ ვერსია, რომლის თანამხმად მკვლელობის მოტივი, შესაძლოა ყაჩაღობა ყოფილიყო.
„საკმაოდ შეძლებული ოჯახია. აგერ, ამხელა კომერციული ფართი აქვთ გაქირავებული. ყოველთვიურად 1500 დოლარს უხდიან. რა გაუჭირდა, ასეთი, რომ იმ საწყალი ხალხის დაყაჩაღება გადაწყვიტა და თან ასე სასტიკად დახოცა?! დაუჯერებელია“, – ამბობს იქვე მდებარე მაღაზიის გამყიდველი.
ერთ-ერთი მეზობელი კი იხსენებს, რომ მიხეილ ნავრადაშვილი გარადაცვლილი ცოლ-ქმრის სამძიმარზეც იმყოფებოდა.
„ამ ამბის შემდეგ ეს ბიჭი ჩვეულებრივ მოძრაობდა. საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს. სამძიმარზეც იყო მისული. ძალიან კარგი დედა ჰყავს. პედაგოგია. ახალახანს იყო იმათი ორმოცი და დაკავებულის დედაც იყო ორმოცზე. კარგი ოჯახია, მაგრამ ასეთი რამ როგორ გააკეთა, არ ვიცით… ყველანი შოკში ვართ“, – ამბობს ბრალდებულის მეზობელი.
ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარე სატვირთო ავტომობილების სადგომზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც გამოცემა წერს, კადრებში ჩანს, თუ როგორ შედის მამაკაცი მაღაზიაში, რომელიც შიგნიდან კეტავს კარს.
ჩანაწერი 14 იანვარს დაახლოებით 23:00 საათზეა გაკეთებული. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველით ახალ წელთან დაკავშირებით, ქუჩაში პერიოდულად პიროტექნიკის აფეთქებების ხმა ისმოდა, შესაბამისად, იარაღის გასროლას, მეზობლების ეჭვი არ გამოუწვევია. იქვე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ „მეზობლემა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, ეს სწორედ საახალწლო ფოიერვერკებს დაუკავშირეს და ყურადღება არ გაუმახვილებიათ“.
გარდაცვლილები პურისა და მზა პროდუქტების დისტრიბუტორმა ვინმე გელამ აღმოაჩინა. მისი ახლობლების გადმოცემით, დისტრიბუტორი ერვენდ ტატიშვილის მაღაზიას პროდუქტის ჩასაბარებლად 08:30 საათზე ესტუმრა, თუმცა, მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდა. ცოლ-ქმარი მაღაზიას დილის 08:00 საათზე აღებდა და დაახლოებით 23:00 საათზე კეტავდა.
როგორც ირკვევა, ადგილზე მისული დისტრიბუტორი მაღაზიაში ანთებულმა სინათლემ დააეჭვა, რის შემდეგაც მაღაზიის მეპატრონეებთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა, არცერთი მათგანი ზარს არ პასუხობდა.
„თვითონ ეს ცოლ-ქმარი მაღაზიის უკან ცხოვრობდა, იქ აქვთ სახლი. როდესაც გელას მაღაზია დაკეტილი დახვდა და არც ტელეფონზე პასუხობდნენ, გვერდიდან მოუარა და სახლში შევიდა. სახლის კარი დაკეტილი დახვდა, მაღაზიის კარიც სახლის მხრიდან ღია იყო. დაინახა, რომ იქვე დახლებთან ამ ქალის დასისხლიანებული ცხედარი ეგდო. იქვე ეგდო მისი მეუღლის ცხედარიც. შოკიდან ვერ გამოსულა ახლაც. ეგრევე გამოიძახა პოლიცია და მთელი დღეს განყოფილებაში ჰყავდათ დაკითხვაზე. სავარაუდოდ, მკვლელი მაღაზიაში გზის მხრიდან შევიდა და უკნიდან, სახლით გავლით დავტოვა ტერიტორია“,- აღნიშნა საქმის მთავარი მოწმის, დისტრიბუტორის ახლობელმა.
ადგილობრივების თქმით, ინგა ხუბაევის ცხედარს, ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, სხვა მრავალი დაზიანებებიც აღენიშნებოდა.
„სამძიმარზე იყვნენ წასულები მეზობლები. ნახეს, რომ ცხედარი მთლიანად დასახიჩრებული იყო. ქალი სასტიკად არის ნაცემი“,- აღნიშნა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში ერთ-ერთმა მეზობელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები