შსს ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობით, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება და საკუთარ სახლებში დაბრუნება შეძლო -ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში შეხვდა.
„გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება”, – განაცხადა კახა საბანაძემ
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.
საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში მოხდეს. როგორც კახა საბანაძემ განაცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
“როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები