გიორგი გახარია: დიახ, #არაჩადებას, რადგან გვაქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩადება არ დაგვჭირდეს

„დიახ, #არაჩადებას, რადგან გვაქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩადება არ დაგვჭირდეს“ – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– საკმაოდ მოულოდნელი იყო, როდესაც თქვენი უწყების „ფეისბუკის“ გვერდზე გამოჩნდა ჰაშთაგი #არაჩადებას… რისი თქმა გსურდათ ამით?

– თქვენ მოგეწონათ?

– სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი…

– რატომ?

– ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო მანკიერი პრაქტიკის აღიარება და განაცხადი, რომ შსს აღარ აპირებს ამ მეთოდით ადამიანების დევნას…

– რა უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის – მიდგომები რომ შეიცვალა, თუ რაღაც აღიარა სამინისტრომ?

– თავისთავად აღიარება ნიშნავს, რომ ცვლილებებისთვის მზაობას აცხადებთ – ასე არ არის?

– რეალურად, ეს არ ყოფილა აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განაცხადი და პრეტენზია იყო ამ თემაზე.

– აბა, რა გინდოდათ გეთქვათ?

– კი ბატონო, აგიხსნით. ხშირად საუბარი იმაზე, რომ „მცემეს“, „ჩამიდეს“ და ა.შ. ხდება დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე. დამნაშავეებთან ერთად ამ მეთოდს ხშირად მათი დამცველებიც ეფექტურად იყენებენ. ეს არის ფაქტი და ამას ვერსად გავექცევით. ისიც ფაქტია, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები გახდნენ უფრო მგრძნობიარეები მსგავსი ბრალდებების მიმართ. ჩვენ ამ განაცხადით ვთქვით, რომ ჩადება არ გვჭირდება. არ გვჭირდება რამდენიმე მიზეზის გამო: ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. დიახ, #არაჩადებას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ ჩადება არ დაგვჭირდეს. შეგიძლიათ, გაესაუბროთ ჩემს მოადგილეებსაც, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს… ჩადება ამ ხალხისთვის არის შეურაცხმყოფელი. მე არაფერს არ გამოვრიცხავ არც წარსულში და არც მომავალში, მაგრამ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ, თუკი ასეთი რამ მოხდება, პასუხი იქნება ადეკვატური და მკაცრი, ვინც არ უნდა გააკეთოს. ეს არის პოლიციელების კეთილსინდისიერების შეურაცხყოფა.

– არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ხშირად ჯოხის გადატეხა ხდება პოლიციის რიგით ოფიცერზე… რამდენად გრძნობენ ეს ადამიანები თქვენი, როგორც მინისტრის მხარდაჭერასა და ზურგს?

– რიგ შემთხვევაში იყო შეკითხვები, როგორ გაიგებენ და შეხვდებიან ამას პოლიციელები?! პასუხი მარტივია. ამ უწყებაში მუშაობს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მათ თუნდაც ეს ჰაშთაგი ძალიან გაუხარდათ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენთვის იყო შიდა კომუნიკაციის ძლიერი მესიჯი. ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, სადაც საპოლიციო სისტემა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე ეფექტური და ყველაზე საპასუხისმგებლო სისტემა. ჩვენს თანამშრომლებთან გვაქვს რამდენიმე ფუნდამენტური თხოვნა – იყვნენ კეთილსინდისიერები და აქტუალურები. ამ პირობებში მივყვებით ბოლომდე, სადაც არ უნდა დასჭირდეთ მხარდაჭერა. ის, რომ ვიღაც მაღალჩინოსნის ბრალეულობა გადატყდება რიგით თანამშრომელზე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. გულწრფელად გეუბნებით.

სრულად იხილეთ გაზეთ “პრაიმტაიმის” დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები