გიორგი გახარია: რომელიმე მაღალჩინოსნის ბრალეულობა რიგით თანამშრომელზე არ გადატყდება
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიციის ოფიცრებს უწყების სრული მხარდაჭერა ექნებათ. მინისტრის თქმით, წარმოუდგენლია, რომელიმე მაღალჩინოსნის ბრალეულობა, რიგით თანამშრომელზე გადატყდეს. ამის შესახებ შს მინისტრმა გაზეთ “პრაიმტაიმთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“ამ უწყებაში მუშაობს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მათ თუნდაც ეს ჰაშთაგი #არაჩადებას ძალიან გაუხარდათ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენთვის იყო შიდა კომუნიკაციის ძლიერი მესიჯი. ჩვენ უნდა მივიდეთ იქ, სადაც საპოლიციო სისტემა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე ეფექტური და ყველაზე საპასუხისმგებლო სისტემა. ჩვენს თანამშრომლებთან გვაქვს რამდენიმე ფუნდამენტური თხოვნა – იყვნენ კეთილსინდისიერები და აქტუალურები. ამ პირობებში მივყვებით ბოლომდე, სადაც არ უნდა დასჭირდეთ მხარდაჭერა. ის, რომ ვიღაც მაღალჩინოსნის ბრალეულობა გადატყდება რიგით თანამშრომელზე, წარმოუდგენლად მიმაჩნია. გულწრფელად გეუბნებით”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას გიორგი გახარია.