სიცოცხლისთვის საშიში ტკბილეული დახლებზე – კვლევის შედეგების საგანგაშო სტატისტიკა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ე.წ. შოკოლადის კრემის მომზადების პროცესი. ირკვევა, რომ ამ მეთოდოლოგიით დამზადებულ კრემს ხშირად იყენებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ქართულ დახლებზეც. მაგალითად, რუსული წარმოების რამდენიმე სახეობის ვაფლი ქართულ მარკეტებში თავისუფლად იყიდება და ის მომხმარებლებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის აღნიშნულ პროდუქტში შემავალი მავნე ნივთიერებების შესახებ. “პრაიმტაიმმა” გადაწყვიტა, ორი კონკრეტული სახეობის ვაფლში ტრანსცხიმების ოდენობა დაედგინა და ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მიმართა. ნიმუშის სახით ლაბორატორიაში წარვადგინეთ ვაფლი „яшкино“-ს ორი სახეობა. სანამ კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, მანამდე ორიოდე სიტყვით მოგიყვებით, რას წარმოადგენს ტრანსცხიმები და რამდენად საზიანოა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ტრანსცხიმებით გაჯერებული პროდუქტის მიღება ბევრი დაავადების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ტრანსცხიმები ამცირებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ზრდის დიაბეტის, უნაყოფობის, დეპრესიების, ალცჰეიმერისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სიტუაცია მძიმდება იმით, რომ ვინაიდან ეს მოლეკულები არაბუნებრივი წარმოშობისაა, ორგანიზმს არ გააჩნია მათი ძირითადი ნაწილის გამოვლენის, დაშლის ან ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.

დადგენილია, რომ ტრანსცხიმები აქვეითებს ე.წ. „კარგი ქოლესტერინის“ წარმოქმნას ორგანიზმში და ზრდის ე.წ. „ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობას, რისი შედეგიცაა ათეროსკლეროზი და გულის კორონარული უკმარისობა.  შეფასებულია, რომ საკვებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონარული უკმარისობის რისკს ადამიანებში.

ჯერ კიდევ 2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ქვეყანას, ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები. რიგ ქვეყნებში (მაგალითად, დანია) ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა სრულიად აიკრძალა, სხვებში შეიზღუდა (მაგალითად, არგენტინასა და ბრაზილიაში დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში) ან დაწესდა ეტიკეტზე მითითების ვალდებულება (აშშ).

რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ბაზარზე ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვას დააწესებდა. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 21 ივლისს გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომელიც გასული წლის პირველ აგვისტოს შევიდა ძალაში. დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ვკითხულობთ, რომ „100 გრამ მზა სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს“.

ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს კვლევას…. ლაბორატორიიდან მიღებული კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ჩვენს მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი ორი სახეობის ვაფლიდან ორივეში ტრანსცხიმების ოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება დადგენილ ნორმას. კერძოდ, ორივე ნიმუშში ტრანსცხიმების მაჩვენებელი შეადგენს 5,31+0,15=5,46. ანუ კვლევით დადგინდა, რომ ვაფლი, რომელსაც საქართველოში საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, სხვადასხვა მძიმე დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს, რამეთუ ხელოვნური ტრანსცხიმების შემცველობა დასაშვებ 2 პროცენტს დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს.

ტრანსცხიმების მავნე ზეგავლენის შესახებ პირველი მტკიცებულებები 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ საწარმოო ტრანსცხიმები ზრდის გულის კორონარული დაავადებების რისკს. 2006 წელს კი ინგლისურ „სამედიცინო ჟურნალში“ გამოქვეყნდა სამეცნიერო მასალები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ტრანსცხიმები ზრდის სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის კონცენტრაციას და ამის შედეგად, ათეროსკლეროზის რისკს. მოგვიანებით დადგინდა კავშირი ტრანსცხიმებსა და მკერდის კიბოს, პროსტატის, დიაბეტის  წარმოქმნის რისკს შორის. ტრანსცხიმებს შეუძლია გამოიწვიოს აუცილებელი ფერმენტების მუშაობის პროცესის დარღვევა, რომლებიც აუვნებელყოფენ ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნივთიერებებს და კანცეროგენებს.  საინტერესოა, რომ ასეთი მძიმე თვისებები აქვს მხოლოდ საწარმოო ტრანსცხიმებს და არა ბუნებრივს. ბუნებრივი ტრანსცხიმები მცირე რაოდენობით გვხვდება ხორცისა და რძის პროდუქტებშიც, თუმცა ეს არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.

საწარმოო ტრანსცხიმებს შეიცავს კულინარიული ცხიმები, აქედან გამომდინარე, ის არის სხვადასხვა ტიპის ნამცხვრებში, პოპ-კორნში, ჩიპსებში, კრეკერებში და გამოსაცხობად მზა ცომებშიც კი. ტრანსცხიმები უხვადაა ფრიტიურში მომზადებულ ყველა პროდუქტში.

ასევე, ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, რომ ტრანსცხიმები ხშირად არის ისეთ დამუშავებულ მაღალნახშირწყლოვან პროდუქტებში, რომლებიც მაღალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევა და იწვევა ინსულინის დონის მატებას და ჭარბი ცხიმის დაგროვებას.

2006 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ მწარმოებლებს დაეკისრათ ვალდებულება, პროდუქტის შეფუთვაზე მიუთითონ ტრანსცხიმების შემცველობა და წილი. ბევრ შტატში მიღებულია კანონი, რომელიც ზღუდავს ან სრულად კრძალავს ტრანსცხიმების გამოყენებას რესტორნებში და სკოლის სასადილოებში.

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ ტკბილეულისა თუ სხვა სახის პროდუქციის შეძენის დროს ყურადღება გამოიჩინონ და დაინტერესდნენ კონკრეტულ პროდუქტებში მავნე ნივთიერებების არსებობით.

„საშიშროებას წარმოადგენს ხელოვნური გზით მიღებული ტრანსცხიმები, რომლებიც წარმოიქმნება უჯერი ცხიმების გადამუშავებით ნაჯერ ცხიმებად. ეს არის პროცესი, როდესაც ხდება ქიმიური ფორმულის შეცვლა და წყალბადის ზეჟანგის მოლეკულის დამატება. ამ დროს თხევადი მასა გარდაიქმნება მყარ ცხიმად… ეს ტრანსცხიმები ძალიან უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა დაავადების დროს. საუბარია არამხოლოდ ქრონიკულ დაავადებებზე, რომლებიც იწვევს სიკვდილიანობას, არამედ არის კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ტრანსცხიმები საგრძნობლად ზრდის მკერდის კიბოს, პროსტატას. ამასთანავე, დეპრესიას, დიაბეტს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ტრანსცხიმების მინიმალურ დონეზე გამოყენება, ან სახელმწიფოებრივ დონეზე მისი აკრძალვა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს პროფესორი, ნუტრიცოლოგ-ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახიძე.

 

 

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები