გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე: ვიმედოვნებ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ
“ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები”, – ასე ეხმაურება “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს.
გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა გონივრულ ვადებში მოხერხდება.
“პირველი რიგში, თქვენი გაზეთის საშუალებითაც მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად ქვეყანას. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები. ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა ფორმატებში. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის არა თანამდებობრივად, არამედ პიროვნულად გაუგებარია გარკვეული შეფასებების გაკეთება, რადგან ზოგიერთი ის შეფასება, რაც მე ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, შეიძლება ხელის შემშლელიც კი იყოს ამ პროცესისთვის. ამიტომ მთელ საზოგადოებას გვამრთებს ამ მიზნის ირგვლივ კონსოლიდირება”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას გიორგი გახარია.