„შეწყდეს რუსეთის აგრესია“, – ამ ლოზუნგით ქართველმა ემიგრანტებმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, რუსეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართეს.
ემიგრანტებმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებები გააპროტესტეს.
მათ ცხინვალში მოკლული არჩილ ტეტუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და მასთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გამოშვება მოითხოვეს.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს, რადგან ვთვლი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ირლანდიაში მცხოვრები ქართველები შევიკრიბეთ რუსეთის საელჩოსთან და მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტეთ რუსეთის მიერ ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული აგრესია და უკანონო ქმედებები. მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ შეწყდეს ის აგრესია, რომელსაც კრემლი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ეწევა. ამასთან, ვთვლით, რომ ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩვენც – ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი იმაში, რომ საერთაშორისო საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რუსეთის უკანონო ქმედებების თაობაზე. გვესმის, რომ ასეთ დროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებისთვის სათანადო შეფასების მიცემა“, – განუცხადა „კვირას“ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ლაშა საბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.