არასრულწლოვნის ისტორია ხაშურიდან – რა პასუხისმგებლობა აქვს ოჯახს?
არასრულწლოვნები და მათ პრობლემებზე წერა ყოველთვის სენსიტიურია და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით არ ასაჯაროებს ბავშვის ვინაობას, გაზეთი „პრაიმტაიმი“. თუმცა პრობლემა, რომლის შესახებაც გამოცემა წერს, არა მარტო შესაბამისი უწყებების, არამედ საზოგადოების ინტერესის საგანიც უნდა იყოს.
“ჩვენი სტატიის გმირი 12 წლის დ.ნ-ა. ხაშურში დაიბადა. ოჯახში პრობლემები აქვს. დედა და მამა დაშორდნენ. როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, ბიჭი მამასთან და ბებიასთან ერთად იზრდება. მამას პრობლემები აქვს. ამბობენ, რომ ალკოჰოლიკია. დედა შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს და სამსახურთან შეთავსებით ნახულობს.
ბიჭს დევიანტური ქცევები აღენიშნება. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ის სკოლას ხშირად აცდენს, სახლიდან იპარება და მთელ დროს ქუჩაში ატარებს. პოლიციის თქმით, იპარავს და მათხოვრობს კიდეც, ჯიბის ფული რომ ჰქონდეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სკოლა ბავშვს ყველანაირად ეხმარება, ცდილობს ოჯახთან კონტაქტს და ბავშვის საჭიროებების მიხედვით მოქმედებს, თუმცა ფაქტია, სოციალური მომსახურების სააგენტომ ინფორმაცია არასრულწლოვნის პრობლემების შესახებ მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ის სახლიდან მთელი დღით გაიპარა. შეტყობინების მიღებისთანავე ოჯახში სოციალური მუშაკი მივიდა”.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონის განყოფილების უფროსის გოჩა ბარბაქაძის თქმით, პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და ბავშვისთვის სპეციალური პროგრამები იქნება შეთავაზებული:
– თებერვლის დასაწყისში იყო მომართვა პოლიციიდან, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილები გაუჩნდა. დედ-მამა ცალკე ცხოვრობს, ბავშვს, ფაქტობრივად, ბებია ზრდის. დაწყებული გვაქვს მონიტორინგი, ოჯახისა და ბავშვის დასკვნა დადებული გვაქვს, უახლოეს მომავალში ფსიქოლოგიურ შეფასებას მოვახდენთ და ვფიქრობთ, ჩავრთოთ სახელმწიფო პროგრამაში „უფასო პრევენცია“. ჩვენ ყველა ღონისძიება გავატარეთ.
– თქვენ ამბობთ, რომ ბავშვს სახლიდან გასვლის სურვილი გაუჩნდა, რას გულისხმობთ ამაში?
– ჩვენ პოლიციამ მოგვმართა, რომ ბავშვი დაიკარგა. სავარაუდოდ, ამის შესახებ სამართალდამცველებს მშობელმა შეატყობინა. ჩვენ შეგვატყობინა პოლიციამ და ჩავერთეთ მათთან ერთად საქმეში. ჩვენთვის სხვა ინფორმაციებიცაა ცნობილი. ბავშვმა სამი სკოლა შეიცვალა, სხვა პრობლემებიც იყო და ვმუშაობთ. პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს ეს ყველაფერი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
– თქვენ ადასტურებთ ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიჭი იპარავს?
– არა ამას ვერ დავადასტურებ. ბიჭი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია. უფროსი და ჰყავს და ძალიან კარგი ბავშვია. უბრალოდ, მოხდა, რომ პრობლემები აქვს. ბავშვმა მამასთან ყოფნა აირჩია, დედასთანაც აქვს კონტაქტი. მოზარდია, გარდატეხის ასაკი აქვს. თავისი პრობლემები გაუჩნდა. ფსიქოლოგი ჩაერთვება მალე და პრობლემა მოგვარდება. ოჯახის წევრები თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ფსიქოლოგი უახლოეს კვირაში შეხვდება მას.
– როცა ოჯახში მსგავსი პრობლემებია, როგორ მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო?
– პირველ რიგში, ოჯახში მივდივართ, ოჯახსა და ბავშვს ვაფასებთ და რომელი მზრუნველობაც არის საჭირო, იქ აგვყავს და ვეხმარებით. ამ შემთხვევაში უფასო რეინტეგრაციის პროგრამას შევთავაზებთ და მონიტორინგს განვახორციელებთ. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის საჭიროებას ვერ ვხედავთ, უბრალოდ, ჩვენ განვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს.
გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და განვითარების უფლება, აგრეთვე, საკუთარ ოჯახში ცხოვრების უფლება, როცა ეს შესაძლებელია და თუ – შეუძლებელია, მაშინ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალურად დაუცველი ბავშვისა და ოჯახის იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების შეფასებაა. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური მუშაკი ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით ინტერვენციას გეგმავს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის რამდენიმე ქვეპროგრამა მოქმედებს. ესენია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა; ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა; ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დღის ცენტრების ქვეპროგრამა; დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა; მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა; მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა.
ჩვენს გმირს სოციალური მომსახურების სააგენტო ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამას შესთავაზებს. ქვეპროგრამის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ, რაც დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;
თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად. ამასთანავე, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ პუნქტის შესაბამისად, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი ყველა ტიპის თერაპიისა და სეანსის ჩატარება;
ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”