“თუ რამე სინათლე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გახლდათ ნოდო” – ინტერვიუ დოდო გუგეშაშვილთან

სამი კვირა გავიდა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმიდან, თუმცა კვლავ უცნობია, თუ ვინ გაუსწორდა „მხედრიონის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს და ვინ გამოასალმა სიცოცხლეს მისი ერთადერთი ვაჟი. გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში დოდო გუგეშაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან.
„ძალიან კარგი შვილი მყავდა. ერთადერთი შვილი, რომელიც ხელიდან გამომაცალეს. მე არ მქონია ვარდებით გავლილი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების გზა სულ ეკლიანია. ერთადერთი, თუ რამე სინათლე იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს გახლდათ ნოდო”.
ქალბატონო დოდო, თავდამსხმელმა თქვენთან ფოტო გადაიღო?
არანაირი „სელფი“ არ ყოფილა.
თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მან „სელფის“ გადაღება გთხოვათ, თითქოს თურქ ბიზნესმენთან გადასაგზავნად, რომელიც ვითომდა უკრაინაში ქარვის ქვების შესყიდვას აპირებდა…
კი ბატონო, ეს სიმართლესთან ახლოს არის. მან ნამდვილად მთხოვა „სელფის“ გადაღება. მე ვკითხე რა საჭირო იყო ეს „სელფი“. მითხრა, უნდა გადავუგზავნო ჩემს თურქ პარტნიორს, რომ ის დარწმუნდეს რა ცნობილი ადამიანი ხარ და ნამდვილად შეგიძლია შენი კონტაქტებით მისი დახმარებაო. საუბარია უკრაინაში შეძენილი ქარვის ქვების აეროპორტამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე.
და საბოლოოდ „სელფის“ გადაღებაზე უარი უთხარით?
რასაკვირველია. მე ვუთხარი არაფერში მჭირდება ეს სელფი-მეთქი. ეს ყველაფერი ხდება ამ დონეზე და არანაირი სურვილი არ მაქვს საქმეში ჩემი ჩართვის-მეთქი.
და როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდებოდა მას თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება?
აი, ეს უკვე სერიოზული თემაა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფოტო მკვლელობის შემკვეთისთვის უნდა გადაეგზავნა. თუმცა, ამის ცალსახად დადასტურებაც გამიჭირდება. ვიცი, რომ გამოძიება დღე-ღამეში 30 საათს მუშაობს და ბევრი ვერსია მუშავდება. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად არ ვარ ჩართული გამოძიების მასალებში.
ქალბატონო დოდო, ფაქტია თქვენი შვილი არ იყო თავდასხმის მთავარი სამიზნე, რადგან, როგორც ცნობილია, თავდასხმელი წინა დღესაც სტუმრობდა თქვენს საცხოვრებელ სახლს და მაშინ ნოდარი სახლში მარტო იმყოფებოდა, შესამაბისად, თუ მისი ლიკვიდაცია სურდა, გაცილებით ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა… არ მეთანხმებით?
ამ ეტაპზე ჩემთვის შეუძლებელია რაიმეს დაზუსტებით თქმა, რადგან რამდენჯერმე ნოდო ნამდვილად იყო მარტო, როდესაც ეს არაადამიანი მეძებდა, და ასევე რამდენჯერმე მეც ვიყავი მარტო ამ ვითომ „ზურასთან“ პირისპირ. აქედან გამომდინარე, მიჭირს ვარაუდებზე საუბარი.
ვითომ „ზურა“ რატომ, ფიქრობთ რომ ზურა არ არის მისი ნამდვილი სახელი?
ესეც არ ვიცი.
რამდენიმეთვიანი ურთიერთობის დროს არ დაინტერესდით, რომ მისთვის გვარი გეკითხათ?
რასაკვირველია, ის მეტყოდა რაიმე მოგონილ გვარს. მან მთხოვა დახმარება ქარვის ქვების ტრანპორტირებაში, ეს იყო და ეს. ზედმეტად აღარ დავინტერესებულვარ მისი პიროვნებით.
ამ ხნის განმავლობაში 4-ჯერ თუ 5-ჯერ გქონდათ მასთან შეხვედრა… ძირითადად სად ხვდებოდით? შესაძლებელი იყო თუ არა სადმე კამერებს დაფიქსირებული ჰყოლოდა?
ეს შეხვედრები იყო სხვადასხვა ადგილას. თუმცა, დიდი ინტერვალით. პირველი საუბრის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და გამოჩნდა იგივე თემით, მერე ისევ გაქარა, მერე ისევ გამოჩნდა… სიმართლე გითხართ, ამის გამო ამ თემას სერიოზულადაც აღარ აღვიქვამდი. რადგან შეხვედრიდან შეხვედრამდე დიდი დრო იყო გასული, მე ვერ გეტყვით კამერებზე თუ არის სადმე დაფიქსირებული. ამიტომ ვერ ვხვდები და ძალიან ძნელია ამ ლაბირინთიდან იპოვო გამოსავალი. ის იმდენად უცნაური გარეგნობის იყო, არაფრით გამოირჩეოდა და რთულია მისი დამახსოვრება.
წარმომავლობით რომელი კუთხიდან იყო?
ერთი ვიცი და კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მეგრელი ყოფილიყო. მას არ ჰქონია მცირე აქცენტიც კი. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც ცდილობენ ეს ჩემი უბედურება 90-იან წლებს დაუკავშირონ და ჭრილობები გააღვივონ, მაგრამ შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მომხდარი იმ მოვლენებს ნამდვილად არ უკავშირდება. სიმართლე გითხრათ, ვერც რუსულ კვალში ვხედავ ლოგიკას, რადგან მე არ გახლავართ გაერთიანებული ჯარების სარდალი, ან იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ამ გზით მომხდარიყო ჩემზე ანგარიშსწორება. არც ოფიციალური პირი ვარ, არც ბატალიონის მეთაური, ან კონტრაქტორი.
თქვენი და ნოდარის გარდა, „ზურასთან“ არავის ჰქონია კომუნიკაცია, თუნდაც დანახვის დონეზე?
არა, რადგან მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის მნახულობდა. ასე მოულოდენლად გამოჩნდებოდა ხოლმე. თავიდან ის ჩემთან შემოვიდა კონტაქტში და ახსენა ჩემი მეგობრების სახელი, რომელთან ერთადაც მე წლები მაქვს გატარებული სანგარში და წინა ხაზზე. ასეთივე წარმატებით შეეძლო მას ეხსენებინა ნებისმიერი სხვა ვეტერანის სახელი. ისინიც გაოგნებულები არიან. მე ჩემს ვეტარანებს სრულად ვენდობი. შესაძლოა ინტერნეტში მოძებნა რომელიმე მათგანის სახელი და ასე სცადა ჩემთან ნდობაში შემოსვლა. სამწუხაროდ, მე ეს არც გადამიმოწმებია, იმდენად არასერიოზული ჩანდა ყველაფერი. ფაქტია, რომ მკვლელს ან მის ზურგს უკან მდგომ ადამიანებს სურდათ ჩემი ოჯახის ამოწყვეტა და მოახერხეს კიდეც – ერთადერთი შვილი მომიკლეს. ამის მიუხედავად, მე მჯერა, რომ გამოძიება მკვლელს იპოვის და ეს საქმე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები