„თავდამსხმელი დოდო გუგეშაშვილს სულ ოთხჯერ შეხვდა“

გაზეთი „პრაიმტაიმი“ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესახებ დამატებით დეტალებზე საუბრობს. გამოცემის ინფორმაციით, თავად დოდო გუგეშაშვილი მომხდარს ბოლო პერიოდში უკრაინაში მის საბრძოლო საქმიანობას უკავშირებს.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ საქმეში უკრაინაში მყოფი ყოფილი მხედრიონელის, დათო შონიას სახელი ფიგურირებს.
გამოცემა წერს, რომ დოდო გუგეშაშვილმა მკვლელი ტელეფონით პირადად დააკავშირა დათო შონიას, რომელიც უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა.
თავდამსხმელი სახელად „ზურა“ დოდო გუგეშაშვილს დაახლოებით 10 თვის წინ დაუკავშირდა და ამ ხნის განმავლობაში მას სულ ოთხჯერ შეხვდა. ის გუგეშაშვილს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი თურქი ბიზნესმენის შუამავალი, რომელსაც უკრაინაში ერთი მილიონის ღირებულების ძვირფასი ქვების შეძენა სურდა: „გუგეშაშვილმა მას უკრაინაში მყოფი მისი მეგობრის, დათო შონიას სახით დახმარება შესთავაზა და მათ შორის ამ თემაზე სატალეფონო კავშირიც შედგა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული შონია ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეც იყოს, რომელიც მკვლელის შესახებ დამატებით ინფორმაცას ფლობს“.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „დათო შონია იყო დოდოს მეგობარი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მის თვალწინ დაურეკა დოდომ ამ შონიას და ესაუბრა ქარვის ბიზნესთან დაკავშირებით. უთქვამს, რომ ამ კაცს უნდა უკრაინაში დიდი ოდენობით ქარვის შეძენა და რამე პრობლემა ხომ არ არისო?! რაზეც დათო შონიამ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და ის თავად დაეხმარებოდა ყიდვაშიც და ტრასპორტირებაშიც. მაგიტომ დაურეკეს, რომ რახან შენ უკრაინაში ყველაფერი იცი, იქნებ ამ საქმეში დაგვეხმაროო. ასე ყვება თავად დოდო“.
„პრაიმტაიმმა“ ასევე გაარკვია, რომ თავდამსხმელი გუგეშაშვილების ოჯახს ბოლო სამი დღის განმავლობაში სისტემატიურად სტუმრობდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე იყო დაგეგმილი. ის გუგეშაშვილებთან ხუთ თებერვალსაც მივიდა, თუმცა სახლში არავინ დახვდა. მეორე დღეს, ექვს თებერვალს სახლში მხოლოდ ნოდარ გუგეშაშვილი იმყოფებოდა, რის გამოც სტუმარი მალევე გაბრუნდა უკან. ეს გარემოება პრაქტიკულად გამორიცხავს ვერსიას, რომ თავდასხმის რეალური სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო, ვინაიდან ამის შესაძლებლობა მკვლელს ექვს თებერვალსაც ჰქონდა, თანაც გაცილებით ხელსაყრელ მომენტში. საბოლოოდ ის გუგეშაშვილებს შვიდ თებერვალს დილის 10:00 საათის შემდეგ ესტუმრა და გეგმის სისრულეში მოყვანაც სცადა, თუმცა მან უშუალოდ სამიზნის ლიკვიდაცია ვერ მოახერხა და დოდო გუგეშაშვილის ნაცვლად, სიცოცხლეს მისი 33 წლის ვაჟი გამოასალმა.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები