„გამოცდების ცენტრს შეუძლია, დააწესოს ნებისმიერი სირთულის ტესტი ისე, რომ მას აბიტურიენტის ჩაჭრა მოჰყვეს“
საატესტატო გამოცდის ფორმატი იცვლება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუ აქამდე მოსწავლე გამოცდის დასრულებისას იგებდა ქულას და შესაბამისად, იმას, გადალახა თუ არა მინიმალური ზღვარი. ცვლილების შემდეგ, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
გამოსაშვები გამოცდების შეცვლილ ფორმატს საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. როგორც წესი, ცვლილებას ზოგი იზიარებს, ზოგი კი არ ეთანხმება და საფრთხეს ხედავს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განმარტებით, საატესტატო გამოცდები, ფორმატის ცვლილებით, თავდაპირველ ჩანაფიქრს დაუბრუნდა, რომლის მიხედვითაც, საატესტატო გამოცდებს მოსწავლეების მინიმალური კომპეტენცია უნდა შეეფასებინა.
ივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე: „თავიდან, როცა გამოცდა იგეგმებოდა, განზრახული იყო, როგორც ჩათვლა-არჩათვლის ტიპის გამოცდა. ეს სასერტიფიკატო ტიპის გამოცდაა. კანდიდატებს ჭიდილი გარკვეულ ბარიერებთან უწევთ. ასეთ შემთხვევაში უპრიანიცაა და მიზანშეწონილი, რომ გადალახა-არგადალახა ტიპის გამოცდა იყოს. ეს მეთოდურადაც გამართლებულია და ასეთი ტიპის გამოცდებისთვის საკმაოდ სწორი მიდგომაა. მოსწავლის მიღწევებს აფასებს სკოლა და წლიურ ნიშანში აფიქსირებს. ატესტატს ერთვის ნიშანთა ფურცელი, რომელშიც მოსწავლის მიღწევაა მოცემული. ამ გამოცდის მიზანი არ იყო მოსწავლის მიღწევების შეფასება და შეჯამება. ამ გამოცდის მიზანია, რომ გავიგოთ, რა მინიმალური კომპეტენცია აქვს მოსწავლეს ძირითად სასკოლო საგნებში. ამიტომ ეს არის არა მიღწევების შესაფასებელი ტესტი, არამედ სწორედ იმის, რამდენად მინიმალური კომპეტენცია მოიპოვა საგანში“.
ივა მინდაძის განმარტებით, ცვლილების მიზეზი ასევე დაკავშირებულია იმ სტრესთან, რომელსაც საატესტატო გამოცდები იწვევს და მოიცავს როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსა და, ზოგადად, სკოლას: „ქულის დაწერა სტრესთან იყო დაკავშირებული. ეს სასელექციო ტიპის გამოცდა არ არის, სადაც ქულას არსებითი მნიშვნელობა აქვს. სასერტიფიკაციო ტიპის გამოცდებში ყველა მოსწავლე ერთ ბარიერს ეჭიდება, ამიტომ ჩათვლა-არჩათვლა უფრო სწორია. მოსწავლის შედეგებზე ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას: სოციალური ფონი, სოციალური მდგომარეობა, სხვა მსგავსი ფაქტორები და გამოცდები სკოლის შეჯიბრება გახადეს. 2011 წელს 200-მდე დირექტორი გაათავისუფლეს კატის შედეგების გამო, რაც არასწორი მიდგომა იყო გამოცდის მიმართაც და დირექტორის მიმართაც“.
მოსწავლეების ნაწილი ცვლილებას იზიარებს, ნაწილისთვის კი მიუღებელია და აცხადებენ, რომ ქულების დახმარებით საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის შეფასებას ახერხებდნენ, რასაც ცვლილების შემდეგ ვეღარ შეძლებენ.
მზიკო ბეგაშვილი, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მე-12 კლასის მოსწავლე: „თუ კარგად დავფიქრდებით, ქულები მომცემდა იმის საშუალებას, რომ შემეფასებინა საკუთარი თავი, რა დონეზე ვიცი საგანი. მაგალითად, თუ ისტორიაში ავიღებდი 7-ს, მაშინ დარჩენილ დროში გამოცდებამდე მეტ დროს დავუთმობდი ამ საგანს“.
რაც შეეხება თამარ ჩადუნელს, რომელიც სურამის მეოთხე სკოლის მე-12 კლასელია, მიაჩნია, რომ ცვლილება კარგია, რადგან გამოცდის ქულა არსად ფიქსირდებოდა.
„გამოცდების ახალი სისტემა მომწონს. ქულებით შეფასება მაშინ იქნებოდა კარგი, მოსწავლის ნიშანზე გავლენა რომ მოეხდინა და რადგანაც ამ ქულებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვფიქრობ, რომ სიტყვიერი შეფასება კარგია. აღარც მოსწავლე განიცდის იმას, რას მიიღებს. გამოცდაზე უფრო დამშვიდებული შევა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს მოტივაციაც დაეკარგათ. ის, რომ ქულა იწერებოდა, ბავშვები უფრო მოტივირებულები იყვნენ და ზედმიწევნით სწავლობდნენ ყველაფერს“, – ამბობს ის.
განათლების სფეროს ექსპერტებს ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და სასკოლო განათლების სისტემაში კონკრეტულ საფრთხეებს ხედავენ.
განათლების საკითხების ექსპერტის სიმონ ჯანაშიას თქმით, საატესტატო გამოცდების ფორმატის ცვლილება გამოცდების ეროვნულ ცენტრს მეტ ძალაუფლებას აძლევს და საზოგადოებას ნაკლებ გამჭვირვალე პროცესს სთავაზობს.
სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში: „ამ გადაწყვეტილების მთავარი პრობლემა არის ის, რომ სისტემის გამჭვირვალობა მცირდება. თუ აქამდე ინდივიდს შეეძლო საკუთარი ქულის გაგება და საზოგადოებას სპეციალურ ბარიერებს უქმნიდა იმისთვის, რომ გამოცდების სისტემის ეფექტურობა შეეფასებინა, ახლა არა მხოლოდ საზოგადოებას ექმნება ბარიერი, არამედ იმ ინდივიდსაც, რომელიც გამოცდას აბარებს. ადამიანს არ ეცოდინება, ზღვარის ვერგადალახვის შემთხვევაში, რამდენად შორს იყო ბარიერისგან და მეორე, თუ ქულები არ დაიწერება და ამ ქულებსაც არავის გაუზიარებენ, მაშინ ვერასდროს ვეღარ შევაფასებთ, კატის გამოცდები მეთოდოლოგიურად სწორად არის შედგენილი თუ არა. ამ ცვლილების მოტივაციაა მეტი ძალაუფლება. ცენტრის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგებოდა ხოლმე მაშინ, როცა საზოგადოება თვლიდა, რომ მათი ინსტრუმენტები რეალობას არ ემთხვეოდა. დღეს გამოცდების ცენტრს შეუძლია, დააწესოს ნებისმიერი სირთულის ტესტი ისე, რომ საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და ნებისმიერი სირთულის ტესტს შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი რაოდენობის აბიტურიენტისა თუ სკოლადამთავრებულის ჩაჭრა“.
სიმონ ჯანაშია გამოცდების ეროვნულ ცენტრს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული ჟურნალისტებისა და მკვლევრების მიმართ მიკერძოებულია, საჯარო ინფორმაციას სრულყოფილად არ გასცემს, ზოგიერთ უნივერსიტეტთან თუ მკვლევართან კი ხელშეკრულებას აფორმებს და საჯარო ინფორმაციას ყიდის.
სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში: „კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს გამოცდების მონაცემებს არ აძლევენ და ეუბნებიან, რომ არ აქვთ იმ ფორმით, როგორც ითხოვენ. სამაგიეროდ იგივე მონაცემებს ყიდიან იმ მკვლევარებზე, რომელიც მათ მოსწონთ. სახელმწიფო ფინანსებით შექმნილ მონაცემებს ისინი ყიდიან სხვებზე, უბრალოდ, იმას მიჰყიდიან, ვისაც მოისურვებენ. ცხადია, ფინანსურ სარგებელს არ არქმევენ ამას და ამბობენ, რომ სპეციალური სამუშაო უნდა გასწიონ იმისთვის, რომ ეს მონაცემები დაამუშაონ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ყველაფერი თანაბრად ხელმისაწვდომი კი არ არის, არამედ არის მიკერძოებულად ხელმისაწვდომი“.
ვრცლად იხილეთ გაზეთ “პრაიმტაიმის” დღევანდელ ნომერში.