“რომელი ქართველი არ იცნობს, მინიმუმ, ერთ „კანონიერ ქურდს“ მაინც?!“ – დაკავებების სერია პარიზში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები პარიზში დააკავა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ განაცხადა. შსს-ს მაღალჩინოსანს იდენტიფიცირება არ მოუხდენია, თუმცა დაადასტურა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“.
„სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი საფრანგეთის დედაქალაქში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად.
ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“. აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
ვინ არიან ის „კანონიერი ქურდები“, რომელთან კავშირსაც დაკავებულებს ედავებიან? ეს შსს-ს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ცნობილია, რომ 2017 წლის ნოემბერში პარიზსა და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35-კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა შორისაც არიან ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები: ნიკოლოზ ნოდია, რევი დარახველიძე, ილია ხელაძე, ნოდარ გამისონია და გიორგი ფოლადაშვილი, მეტსახელად „სინკარა“.
36 წლის ნოდარ გამისონია და 37 წლის გიორგი ფოლადაშვილი „კანონიერ ქურდებად“ 2013 წელს თურქეთში „მონათლეს“. 38 წლის რემი დარახველიძე კი ამ სტატუსს 2000 წლიდან ატარებს. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დროს დაპატიმრებული იყო საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში.
ის, რომ ქართველი „კანონიერი ქურდები“ მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური, ამას გასული წლის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული შავი სიაც ადასტურებს. ამერიკის მიერ სანქცირებულ ათ „კანონიერ ქურდს“ შორის ორი ქართველი – ლაშა შუშანაშვილი და შაქრო კალაშოვი არიან. სიაში, ასევე, მოხვდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის ისეთი გავლენიანი „კანონიერი ქურდები“, როგორებიც არიან ვასილი ქრისტოფოროვი („ვასკრესი“), კამჩიბეკ კოლბაევი („კამჩი ბიშკეკსკი“), ვლადისლავ ლეონტიევი, ვადიკ ბელი, იური ფიჩუგინი („პიჩუგა“), რუბენ თათულიანი („რობსონი“), ალიმჟან ტოქტახუნოვი („ტაივჩიკი“), ვლადიმერ ტიურინი („ტიურიკი“) და გაფურ რახიმოვი.
ყველა ამ პირზე დაწესებულია ეკონომიკური სანქციები. ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ. ასევე, ამერიკაში გაყინულია მათი ყველა საბანკო ანგარიში.
ე.წ. შავი სია 2017 წლამდე გაცილებით მასშტაბური იყო და სულ 23 ადამიანისგან შედგებოდა. ეს სია პოსტსაბჭოთა სივრცის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს მოიცავს. ამერიკის მიერ სანქციები ჰქონდა დაწესებული რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველ მომღერალს გრიგორ ლეფსვერიძესაც (გრეგორი ლეფსი), თუმცა ის 2017 წლის „შავ სიაში“ აღარ ფიგურირებს. გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ რედაქტორი ვიქტორია გრეფტერი ამას შემდეგნაირად ხსნის:
„როგორც ცნობილი არტისტი გრეგორი ლეფსი ბევრ „კანონიერ ქურდს“ იცნობს, ჯერ კიდევ სოჭიდან მოყოლებული. ის იქ ცხოვრობდა და გამოდიოდა სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე, მათ შორის იყვნენ „კანონიერი ქურდებიც“. გარდა ამისა – რომელი ქართველი არ იცნობს მინიმუმ ერთ „კანონიერ ქურდს“ მაინც?!“ – ამბობს ვიქტორია გრეფტერი.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”