„მეუფე იაკობი და იაკობიანელები“ – რატომ გახშირდა მეუფე იაკობის ვიზიტი აშშ-ში
„მეუფე იაკობი და იაკობიანელები“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს, სადაც საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიას, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე იაკობის (კონსტანტინე იაკობიშვილის) და მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტის გამო აკრიტიკებს.
გამოცემა მიიჩნევს, მეუფე იაკობმა და სასულიერო პირებმა აშშ-ში „ფრენებს“ მას შემდეგ მოუხშირეს, რაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.
„ქართველი სასულიერო პირებისა და განსაკუთრებით, მაღალი სასულიერო იაერარქების უცხოეთში „გაფრენები“ მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2016 წლის დეკემბერში პატრიარქი ყველასთვის მოულოდნელად ავად გახდა და სასწრაფოდ საოპერაციო შეიქმნა. ქართველ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ როგორც კი ილია მეორის ავადმყოფობის შესახებ ხმა გავარდა, საპატრიარქო „წეროს გუნდივით აირია“. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, რომ პატრიარქის ავადმყოფბას წინ უსწრებდა ის ე.წ. სემინარები, სადაც ბორჯომსა თუ ბაკურიანში ჩვენი მეუფეები უცხოელმა თუ უცხოელების მიერ გამოწვრთნილმა ქართველმა ინსტრუქტორებმა „დაატრენინგეს“ და 2016 წლის ნოემბერში ნატოს შტაბ-ბინაში მიავლინეს. ილია მეორე, ჯერ კიდევ გერმანიაში მკურნალობდა, როდესაც 2017 წლის 22 თებერვალს ევროკავშირისა და ნატოს ბრიუსელის ოფისში ქართველ საეკლესიო მორიგი დელეგაცია ჩაფრინდა.
ქართველი მღვდელთმთავრების პენტაგინში ნატო-სა და ევროკავშირში სტუმრობამ იმდენად ხშირი და შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ერთიხანობა ისიც კი გავიფიქრე, ალბათ ჩვენ მეუფეებს ღმერთთან ახლოს ყოფნა გულწრფელად მოესურვათ და რაკი დანამდვილებით იციან, თავიანთი ბიწიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, მამაზეციერთან მიახლებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ, „საქმეში“ თვითმფრინავებიც ჩართეს და ახლა პენტაგონის რაკეტებზე გადაჯდომას აპირებენ- მეთქი!
სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მთელი ეს გაფრენა-გამოფრენა ღმერთთან მიახლოებას კი არა, თურმე ისევ და ისევ ღმერთისგან გაქცევასა და განდგომას ემსახურებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი სრულიად აშკარაა მეუფე იაკობის პიროვნული და იდეური ტრანსფორმაცია განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, რაც საქართველოს-საპატრიარქოს მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირი დაადგინა“ – წერს „ასავალ-დასავალი“ .
ამასთან, გამოცემა მეუფე იაკობის პენტაგონის შენობის ფონზე ერთ-ერთ ინტერვიუს აკრიტიკებს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთმა ტელევიზიამ გააშუქა. სასულიერო პირმა 2013 წლის 17 მაისის აქცია, თავდაპირველი განცხადებებისგან რადიკალურად განსხვავებულად შეაფასა. „მეუფე იაკობი კაპიტოლიუმის ფონზე ლიბერალური სამსალით მოწამლული ექსპერტივით ალაპარაკდა“ – ასე აფასებს გამოცემა სასულიერო პირის ინტერვიუს.
ამასთან, გამოცემა მეუფე იაკობს მოუწოდებს:
„საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ნეტარნო მამანო, ნუ ეძებთ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტახტს პენტაგონში, „ეფესბეში“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროკავშირში, ნატო-სა და ლონგლიში! ეძიეთ მაღალი გონება, წრფელი სიყვარული, სინდისი შეუგინებელი და მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე – ადამიანების გულებში. მერწმუნეთ, თუ ასე მოიქცევით, საპატრიარქო ტახტის ძებნა არ დაგჭირდებათ, რადგან ტახტი თავისით მოვა თქვენთან!“ – წერს „ასავალ-დასავალი“.