“ირანში ჩამოხრჩობა ელის” – ინტერვიუ ირანის მოქალაქესთან, რომლის მკვლელობაც თბილისში იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე ირანის მოქალაქე დააკავა. მას ბრალი, ასევე, ირანის მოქალაქის მკვლელობის მომზადებისთვის წარუდგინეს. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. ითქვა მხოლოდ ის, რომ ბრალდებულმა, 5500 დოლარის სანაცვლოდ, თავისავე თანამოქალაქის მკვლელობა შეუკვეთა.

გაზეთი „პრაიმტაიმი“ აღნიშნული საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ წერს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ პირის ვინაობა, რომლის მკვლელობის მომზადებას სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ედავებიან. ის ირანის მოქალაქე 37 წლის ვაჰიდ ებოდი გახლავთ. „პრაიმტაიმი“ მკვლელობის სავარაუდო სამიზნეს პირადად ესაუბრა და შეეცადა, გაერკვია, რის გამო შეიძლებოდა დაგეგმილიყო მისი ლიკვიდაცია“,- წერს გამოცემა.

როგორც თბილისში მცხოვრები ირანელებისგან „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებული 54 წლის რეზა სულეიმან პაკია, თუმცა მას ბეჰრუზ  ნავაბის სახელითაც იცნობენ. ჩხრეკისას მის სახელზე არსებული რამდენიმე პასპორტი ამოიღეს. ჩვენი ინფორმაციით, მასზე არაერთ ქვეყანაში შიდა ძებნა იყო გამოცხადებული, მათ შორის კანადაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. რეზე სულეიმან პაკის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ირანშიც. აქ მყოფი ირანელებისგან შევიტყვეთ, რომ მას ირანის ხელისუფლება ღალატში ადანაშაულებს და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ჩამოხრჩობა ელოდება.

საქართველოში რეზა სულეიმან პაკი დაახლოებით ორი წელია ცხოვრობს. მისი ვაჟის სახელზეა რეგისტრირებული დადიანის ქუჩაზე აღმოსავლური რესტორანი „ნაიები“. აღნიშნული ობიექტი სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დღეს გაჩხრიკეს და სხვა მტკიცებულებებთან ერთად რეზა სულეიმან პაკის კუთვნილი ხანჯალი ამოიღეს. რესტორანი დღეს უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ობიექტის მენეჯერმა, ნინო ხარებავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რეზა სულეიმან პაკის დანაშაული არ ჩაუდენია და, შესაბამისად, არც არაფერს აღიარებს.

„დაკავებულს რესტორანთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი ვაჟია ჩვენი რესტორნის მფლობელი. მომჩივანთან უკვე ორი წელია რაღაც პრობლემა აქვს. ეს პიროვნება ჩვენთან მუშაობდა, შესაბამისი ანაზღაურებაც აღებული აქვს. როგორც ჩანს, მას პირადი ინტერესები აქვს. აქ აშკარად ჩანს ირანელების ერთი ჯგუფის ინტერესები, რომლებიც კონკურენტებად მოიაზრებენ დაკავებულ პიროვნებას. ისინი, ასევე, ფლობენ ირანულ რესტორანს და ამის გამო იყო უთანხმოება. პირიქით, ე.წ. დაზარალებული ემუქრებოდა დაკავებულს. მან გააკეთა „ფეისბუკის“ ყალბი ექაუნთი და ავრცელებდა დაკავებულის შესახებ ცრუ ინფორმაციებს. კიდევ ერთს აღვნიშნავ, დაკავებული არ გახლავთ ირანის მოქალაქე, ის არის ირანელი, მაგრამ გერმანიის მოქალაქე“, – ამბობს რესტორან „ნაიების“ მენეჯერი ნინო ხარებავა.

გამოცემის ინფორმაციით კი, რეზა სულეიმან პაკიზე გერმანიაშიც შიდა ძებნაა გამოცხადებული გამოძალვის ბრალდებით. ამ საკითხზე რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ „ეს პრობლემა დაახლოებით ცხრა წლის იყო“, თუმცა დეტალების შესახებ მისთვისაც უცნობია.

რაც შეეხება მკვლელობის სამიზნეს, როგორც უკვე გითხარით, ის 37 წლის ირანელი ვაჰიდ ებოდი გახლავთ. საქართველოში ორი წლის წინათ ჩამოვიდა და ძირითადად თანამემამულეების ბიზნესობიექტებზე მუშაობდა. მათ შორის გაარემონტა დადიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის ვაჟის კუთვნილი რესტორანიც, თუმცა როგორც ამბობს, კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი მასა და რეზა სულეიმან პაკის შორის. ვაჰიდ ებოდი „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაპირისპირების დეტალების იხსენებს.

ვაჰიდ ებოდი:

– პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადამარჩინეს. რომ არა ისინი, დღეს, ალბათ, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

– რამ გამოიწვია თქვენსა და რეზა სულეიმან პაკის შორის კონფლიქტი… რატომ უნდა ნდომოდა მას თქვენი ლიკვიდაცია?

– ეს კონფლიქტი უკავშირდება თანხას. მე მას ვთხოვდი ჩემი კუთვნილი თანხის დაბრუნებას. ვიმუშავე და მომატყუა, არაფერი არ მომცა. შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემსავით უამრავი ადამიანი ჰყავს ასე მოტყუებული. ხალხს ვითომ ბიზნესში დიდი ოდენობით ფული ჩაადებინა და უკან არაფერი დაუბრუნა, უბრალოდ მიითვისა. შევიკრიბეთ ეს ხალხი და სათავეში ჩავუდექი იმას, რომ როგორმე ამ თაღლითს პასუხი ეგო. მივმართეთ ირანის საელჩოსაც, საგამოძიებო ორგანოებსაც.

– დაკითხეს ამ თანხების მითვისების საქმეზე?

– დიახ, პოლიციაში იყო დაბარებული.

– და თუკი სხვა ბევრი ადამიანიც მოატყუა, მაინცდამაინც თქვენ რატომ აგირჩიათ სამიზნედ?

– იმიტომ, რომ მე ჩავუდექი ამ ხალხს სათავეში. სისტემატურად ვამხელდი მის თაღლითობას. ამის სანაცვლოდ კი მისგან მუდმივად ვიღებდი მუქარასა და შეურაცხყოფას. „ფეისბუკზე“ და ინსტაგრამზე ავრცელებდა ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს რაიმე დანაშაულში ვიყავი გახვეული. შეგიძლიათ ნებისმიერ ირანელთან იკითხოთ, ვინ ვარ მე და რას წარმოადგენს ეგ პიროვნება. ნოემბერში, როდესაც პოლიციაში ვუჩივლეთ და ჩვენება ჩამოართვეს, მისმა შვილმა მითხრა: ათი დღე დაითვალე და მერე ნახე, რაც მოხდება შენს თავსო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ მკვლელობაზეც წავიდოდა. კი მემუქრებოდნენ მეც და ჩემს ოჯახსაც მკვლელობით, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია. როგორც ჩანს, საფრთხე რეალური იყო.

– მის რესტორანში ამბობენ, რომ, პირიქით, თქვენ გქონდათ პრობლემები სამართალდამცველებთან…

– ეს არის აბსურდი. შეგიძლიათ, მარტივად გადაამოწმოთ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დადიანის ქუჩაზე პროვოკაცია მომიწყვეს. 2017 წლის 27 ნოემბერს მისი სიძე შემხვდა, ჩვეულებრივ მოვიკითხეთ ერთმანეთი, მაგრამ ხელი ვერ ჩამოვართვი, რადგან იმ დროს ხელი მტკიოდა და კოსტიუმის შიგნით მქონდა მარჯვენა ხელი. ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მაგრამ მეორე დღეს პოლიციაში დამიბარეს – იარაღის ტარებაზეა შემოსული საჩივარიო. აღმოჩნდა, რომ პაკის უჩივლია, უთქვამს კოსტიუმის შიგნით იარაღს მალავდა და ამ გზით ჩემს სიძეს ემუქრებოდაო. ამ აბსურდში პოლიციაც დარწმუნდა, როცა ვიდეოთვალის ჩანაწერები შეამოწმეს. არანაირი იარაღი მე არ მქონია. უნდოდათ ჩემი პოლიციის გზით მოშორება, ეს რომ არ გამოუვიდათ, მკვლელობა დაგეგმეს. ამ ყველაფერს მოგვიანებით მივხვდი. იმ სიძემ გამაფრთხილა კიდეც, – ფრთხილად იყავი, რაღაცებს აპირებენო.

– როდის გაიცანით რეზა სულეიმან პაკი?

– ის საქართველოში გავიცანი, დაახლოებით რვა თვის წინ. საქმე გავუკეთე და შესაბამის ანაზღაურებას ვთხოვდი.

– მის რესტორანში გვითხრეს, რომ ემუქრებოდით… მართალია?

– არასოდეს არავის დავმუქრებივარ. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მე ვინმეს დავემუქრე. ამას ვერავინ იტყვის. ჩემს მიმართ კი სისტემატურად იყო მუქარა და რატომ? იმიტომ რომ ყველა დაზარალებული მე დავაკვალიანე, მე ვურჩევდი მათ, რომ პოლიციისთვის მიემართათ. მე ვიბრძოდი კანონის ფარგლებში – ვეუბნებოდი ყველას, საჩივარი შეიტანეთ, თორემ ვერაფერს მიაღწევთ მასთან საუბრით-თქო. ამის გამო რამდეჯერმე პირადად დამემუქრა, შემდეგ მისმა შვილმა მითხრა: დღეიდან დათვალე ათი დღე, მერე შენი საქმე წასულიაო.

წყარო: ვრცლად იხილეთ გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელ ნომერში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები