„ეს არის მკვლელი, დაიჭირეთ… დაპირისპირება 8 წლის წინ, გოგონას გამო დაიწყო…“
„მიშველეთ, შვილი მომიკლეს!“ – 7 თებერვალს, 11:00 საათი ხდებოდა, როცა დიღმის მასივში კორპუსის ბინადრებს ქალის განწირული კივილი მოესმათ. ქალი დაჭრილი იყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. გაოგნებული მეზობლები მის მოსულირებას ცდილობდნენ, როცა კიბეზე მამაკაცმა ჩამოირბინა. „ეს არის მკვლელი, დაიჭირეთ!“- სწორედ მისკენ გაიშვირა ხელი დოდო გუგეშაშვილმა. თუმცა, სანამ მეზობლები რეაგირებას მოახდენდნენ, მამაკაცმა კიბე ჩაირბინა და მიიმალა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლეს, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ითქვა ისიც, რომ მკვლელი დოდო გუგეშაშვილმაც დაჭრა და ამას ადასტურებს სადარბაზოდან გამოსული სისხლის კვალიც, რომელიც დიღმის ტყე-პარკამდე მიდის. მკვლელს სავარაუდოდ, მანქანა ელოდებოდა.
მკვლელობის ზუსტ მოტივზე არავინ საუბრობს, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, დამანაშავეს დოდო გუგეშაშვილის ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მოკვლა სურდა. როგორც ამბობენ, დაპირისპირება დიდი ხნის წინ, გოგონას გამო დაწყებულა. ამ საქმის გარჩევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 წლის წინ მომხდარა, მერე თითქოს ბიჭები შეურიგებიათ და ყველას ეგონა, რომ ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ დამნაშავემ ძველი წყენა გაუხსენა ნოდარს და შური იძია. ითქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსულია.
წყარო: „კვირის პალიტრა“.