10-წლიანი გარანტია და მეტროში ჩამონგრეული ჭერი – რას ამბობს ჩინოსანი, რომელმაც გარემონტებული „ვარკეთილი” ჩაიბარა

რას ამბობს ჩინოსანი, რომელმაც გარემონტებული „ვარკეთილი“ ჩაიბარა – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში ლევან მეხრიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, პასუხისმგებელი პირი, რომელსაც 2017 წლის სექტემბერში, ტექნიკურად გამართული რეაბილიტირებული მეტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩაბარება ევალებოდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში ლევან მეხრიშვილი იყო და ის მერიაში დღესაც ამ სამსახურს ხელმძღვანელობს.
მეხრიშვილი ამბობს, რომ ხუთი თვის წინ ყველა პროცედურა დაიცვა და „ყვარელრემმშენისგან“ გარანტიაც მიიღო, რომ მეტროსადგური ათი წლის განმავლობაში გამართულად იმუშავებდა.
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კოსმეტიკური რემონტი გაკეთდა, კონსტრუქციებს არ შეხებიან, ამიტომ ჩატარდა მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზები. ძველ კონსტრუქციაზე გააკრეს ახალი ჭერი და ამის ექსპერტიზა ჩატარდა. უფრო სწორედ, მდგრადობა ინჟინერ–კონსტრუქტორმა გამოსცადა“ –აცხადებს ლევან მეხრიშვილი, თუმცა ვერ იხსენებს აღნიშნული ინჟინერ–კონსტრუქტორის ვინაობას.
„სახელი და გვარი არ მახსოვს, თუმცა, დასკვნაში მითითებული იყო, რომ კონსტრუქცია მდგრადი გახლდათ, “ყვარელრემმშენმა“ კი ჩატარებულ სამუშაოებზე 10 წლიანი გარანტია მოგვცა“, – აცხადებს ლევან მეხრიშვილი.
კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე – მეხრიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი არასერიოზული იქნება.
„დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც შსს და სამხარაულის ექსპერტიზა არიან ჩართული. ვნახოთ, რას გვეტყვის გამოძიება“ –აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მეტროსადგურ „ვარკეთილში“, მეტროს ქვედა მოსაცდელში “დაკიდული ჭერის” კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები