მზად არის თუ არა ჩვენი საზოგადოება ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის?
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი „რეზონანსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არ ნიშნავს ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას: „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ნარკოდამოკიდებული ადამიანის მიმართ მკაცრი სასჯელის შემსუბუქებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას! მთავრობა მუშაობს კომპლექსურ, სრულფასოვან და დაბალანსებულ სტრატეგიაზე და ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც გაითვალისწინებს არსებულ უამრავ გამოწვევას და მაქსიმალურად იქნება მორგებული საზოგადოების ინტერესებს,“ – აცხადებს პარლამენტის წევრი.
ამასთან, როგორც წილოსანი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პირობებში მკვეთრი წითელი ხაზი გაევლოს ნარკოგამსაღებლებსა და ნარკომომხმარებლებს შორის. „ნარკოპოლიტიკის რეფორმის მთავარი გამოწვევაა, არ მოხდეს ნარკოდამოკიდებულის და ნარკოგამსაღებლის აღრევა. ნარკოგამსაღებლების მიმართ კანონმდებლობა უნდა იყოს მკაცრი,“ – ამბობს დეპუტატი ინტერვიუში.