„40 ათასი ტაქსისტიდან 90% უმუშევარი დარჩება“
დიდი ფინანსური გარიგება ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის სახელით – რამდენი ტაქსისტი დარჩება უსამსახუროდ და შესაბამისად, რამდენი ოჯახი დარჩება ულუკმაპუროდ?! რა ხდება თბილისის მერიაში – რომელი კომპანიის მონოპოლისტად მოვლენისთვის „იღწვის“ დედაქალაქის მთავრობა და რა გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დადგებიან ძალიან მალე ტაქსის მძღოლები? გაზეთ „ალიას“ „მძღოლთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ კაჭკაჭური ესაუბრა:
ყველაფერი ძალიან ჩახლართულად დაიწყეს და წარმოადგინეს, რეგლუაციებიო, განახლება, ესაო, ისაო…თუმცა, სიმართლე ერთია. გასულ წელს, ქვეყანაში შემოვიდა „იანდექს ტაქსი“, რომელიც გახლავთ რუსული კომპანია და თავისი სიიაფით პირველია ქვეყანაში. ეს კომპანია, მთელი წელია მუშაობს წაგებაზე, ისევე, როგორც ეს ერევანში გააკეთა. ისე, როგორც ჩვენთანაა, იაფი იყო მანამ, სანამ „ვლასტი“ არ ჩაიგდო ხელში. როგორც კი გახდა მონოპოლისტი ბაზარზე, მაშინვე გააძვირა მომსახურება და გადავიდა მოგებაზე.
ამავე მიზნითაა ახლა ეს კომპანია შემოჭრილი. ამ ეტაპზე ყველანაირად ცდილობს, რომ გაფართოვდეს, მიიზიდოს მაქსიმალურად ბევრი ტაქსის მძღოლი, რომლებსაც მალე მონებად გაიხდის, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ დარჩებათ ამ მძღოლებს, ვეღარ იმუშავებენ დამოუკიდებლად, უკვე ეს ახალი რეგულაციები ამუშავებული იქნება.
როგორ გავიგოთ, რომ ეს ე.წ. ახალი რეგულაციები წესდება იმიტომ, რომ „იანდექსმა“ საბოლოოდ ხელში ჩაიგდოს სატაქსო მონოპოლია? და თუ ეს ასეა, რა გამოდის, ვინ ჰყავს ამ დონის მფარველი ამ კომპანიას მერიაში, ან რა გარიგებაზეა საუბარი?
„იანდექსი“ არის რუსული კომპანია, სარფიანი ბიზნესი. მერიის მაღალჩინოსნებისთვის კი, მერიდან დაწყებული, მთელი ცხოვრება არის ბიზნესი. ყველა ფულის კეთებაზეა გადასული და ვის ახსოვს საქმის კეთება, საწყალი ტაქსისტი და მისი ოჯახი.
თქვენი გაანგარიშებით, ამ რეგულაციების ამუშავების შედეგად, რამდენი ოჯახი დარჩება ლუკმაპურის, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე?
როგორც თავად გვეუბნებიან, 40 ათასამდე ტაქსისტი მოძრაობს ქალაქში და ამ რეგულაციების ამუშავების შემდეგ, ძალიან დიდ უმეტესობას, თითქმის 90%-ს ემუქრება უმუშევრად დარჩენა.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოგვარდეს ტაქსისტების პრობლემა?
ამ ახალ რეგულაციებთან ერთად, ტაქსისტების ძალიან დიდი პრობლემაა საცობები. ტაქსისტების ნაკადი თუ არ გაიყო ორად, მათი საშველი აღარ დადგება. 2 საათი დაგვჭირდა ვაჟა-ფშაველადან ისნამდე ჩამოსასვლელადო, წინა დღეს მეუბნებოდა ტაქსის მძღოლი. როგორ შეიძლება ასეთი რამ? ერთ საათსა და 25 წუთში მე თბილისიდან გურჯაანში ჩავდივარ!
როგორ წარმოგიდგენიათ ტაქსის ნაკადების გაყოფა, ან როგორ უნდა გააკონტროლოს ადამიანმა მსგავსი რამ?
ამ ტექნიკური შესაძლებლობის ხანაში ყველაფერი შესაძელებელია. არსებობს „ჯიპიაის“ მოწყობილობები, რომლებიც უნდა დამონტაჟდეს ყველა ტაქსიში, რომ მეორე დღეს იგივე ტაქსმა, ეს მანქანა სატაქსო დანიშნულებისთვის ვერ გამოიყენოს. თუ პირადი საჭიროებისამებრ ქოქავს მანქანას, დისპეჩერს უნდა აცნობოს. დღეს რაიონებიდან უამრავი ტაქსისტი ჩამოდის, იქმნება საცობები, არის გაუვლელობა. აბა გადახედეთ, მოძრაობა რომ იკეტება პიკის საათების დროს, რა წილია ტაქსის მანქანების. ძალიან ბევრი, ლამის ნახევარი ტაქსია.
რა ქნას ამ ხალხმა ლუკმაპური აღარ იშოვოს?
მე რასაც ვამბობ, ეს რომ გაკეთდეს, ძალიან ელემენტარული რამ არის საჭირო – ორად რომ გაიყოს ტაქსების ნაკადი, თუნდაც კენტ რიცხვებში ერთმა ნაწილმა რომ იმუშაოს და ლუწ რიცხვებში მეორე ნაწილმა, ის პრობლემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ტაქსისტებს, ხომ მოგვარდება? მაგრამ არ ესმით! არც ხალხი დაიტანჯება ამ საცობებით და თუკი ყოველდღე 20 ლიტრ საწვავს ასხამენ და ვერც კი ანაზღაურებენ ხშირად დანახარჯს, ამ მოძრავ ქუჩებში უკვე დახარჯული თანხებიდან მოგების გაორმაგებას და გასამმაგებასაც შეძლებენ. თან ერთ დღეს დაიძინებენ და მეორე დღეს გავლენ სამუშაოდ – ადამიანურად.
ტრანსპორტის სამსახურს ამ ყველაფერზე დეტალურად ესაუბრეთ?
რა თქმა უნდა, და ამასთან, შევთავაზე სატრანსპორტო სამსახურს, ტაქსების განყოფილება და სადისპეჩერო სამსახური გაეხსნათ. სულ რომ თითოეულმა ტაქსისტმა დღეში ერთი ლარი გადაიხადოს, ეს განყოფილება / სამსახური, ანუ ბიუჯეტი წელიწადში ათ მილიონამდე ლარს მიიღებს, _ აცხადებს ნიკოლოზ კაჭკაჭური გაზეთ “ალიასთან” საუბრისას.