“მოაშორეთ ლაშა ბუღაძისნაირები თამარ მეფეს, ეკრანსა და სცენას კი, _ ვანო ჯავახიშვილისნაირი “
„პანთეონში არ დამკრძალოთ, არც ზიარება მინდა“- აცხადებს საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი 78 წლის ამირან შალიკაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას, დღევანდელ ნომერში.
როგორც ამირან შალიკაშვილი გამოცემასთან აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამიტომ შვილებს ანდერძს უტოვებს, რომლის ზოგიერთ ფრაგმენტს მკითხველსაც ანდობს.
ამირან შალიკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დღემდე განიცდის პანტომიმის თეატრის ბედს. ამბობს, რომ მან დახმარებისთვის ყოფილ პარლამენტარს გოგი ქავთარაძეს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
მისივე თქმით, არაერთი წერილი გააგზავნა მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა პასუხი ვერ იქ მიიღო. დახმარებისთვის, რეჟისორ რობიკო სტურიასაც მიმართა, თუმცა, არც ის დაეხმარა.
ხელოვანი დღემდე განიცდის იმ ფაქტს, რომ რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში პანტომიმის კათედრა გააუქმეს, რომელიც წლების წინ თავად დაარსა. ამასთან, დღემდე წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში პანტომიმის პედაგოგი არ არსებობს.
იგი ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლოს უამრავი შეკითხვა დარჩა პასუხგაუცემელი და ამიტომ შვილებს ანდერძს უტოვებს, საზოგადოებას და ხელისუფლებას კი თხოვნით მიმართავს – „მიხედონ პანტომიმის თეატრს!“
ხელოვანს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მისი ღვაწლი სათანადოდ ვერ დააფასა და გულისტკივილს გაზეთ „ასავალ-დასავალს“ უზიარებს.
„სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია, არც ახალგაზრდობაში და არც ახლა მეშინია… რადგან დავიბადე, უნდა მოვკვდე კიდეც და ეს განსჯას არ ექვემდებარება. რადგან არავის უკითხავს, დაბადება მინდოდა თუ არა – ამიტომ ჩემი სიცოცხლეც იმის ხელშია, ვინც სული ჩამბერა. გარდაცვალების მერე თბილისში სახლში არ დამასვენონ, არ გამომასვენონ ჩემს მიერ დაარსებული თეატრიდან. პანთეონში დაკრძალვა არ მინდა, არც ზიარება. მაინც ვერაფერს გავიგებ! გულახდილად გეტყვით, ჩვენი ეკლესიის მსახურებმა საქმე ისე წაიყვანეს, რომ მათზე ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა, გული ამიცრუვდა, აღარც ეკლესიაში დავდივარ, აღარ ვენდობი. საშინელი ხალხი ყოფილა, მხოლოდ ქონების დაგროვებისა და სახელმწიფოს მართვაში ჩარევისთვის უმსახურიათ.
მოაშორეთ ლაშა ბუღაძისნაირები თამარ მეფეს, არ დაუშვათ, ასეთი ლაწირაკების ჩაძრომა თამარის უბეში, ეკრანსა და სცენას მოაშორეთ ვანო ჯავახიშვილნაირი არაპროფესიონალები – არც მსახიობები არიან და არც ჟურნალისტები“ – აცხადებს ამირან შალიკაშვილი.
საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ქართველ მამაკებს ურჩევს და ანდერძს უტოვებს, რომ მხოლოდ ქალებს ეტრფოდნენ და პატივი სცენ მხოლოდ მათ.
„დაე, ეტრფოდეთ და პატივს სცემდეთ ქალებს, ქალი შთაგონებაა, სიყვარულის ფენომენია“,- ამბობს ამირან შალიკაშვილი.
ამასთან, ყველა ქართველს მიმართავს, რომ დედა განსაკუთრებული ფენომენია და მას განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება.
„დედისგან ვიცი, რომ ცხოვრებაში სამი ვარდი უნდა მოკრიფო. წითელი, თეთრი და შავი. წითელი – სიყვარულის სიმბოლოა, თეთრი – სიმართლის, შავი – სიკვდილის. სიყვარულით უნდა იცხოვრო, სიმართლით უნდა იარო და სიკვდილს ასე მიუახლოვდე“ – ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამირან შალიკაშვილი.
დაბოლოს, საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ანდერძში საკუთარ საფლავსაც უთითებს.
მისი თქმით, იგი სურვილისამებრ, ჩოხატაურის რაიონის, სოფელ აკეთში, ბაბუის ვალერიან შალიკაშვილის გვერდით დაიკრძალება.