„ქართველებო, არ წახვიდეთ ისრაელში, თქვენთვის ეს საშიშია“ – როგორ ექცევიან ქართველებს ისრაელის აეროპორტში
„ქართველებო, არ წახვიდეთ ისრაელში, თქვენთვის ეს საშიშია“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ერთ-ერთი ქართველის, თიკო პაპუაშვილის ინტერვიუს სთავაზობს, რომელიც საქართველოდან ისრეაელში, მომლოცველებთან ერთად, 2018 წლის 8 იანვარს გაემგზავრა. თუმცა, ისრაელის აეროპორტიდან უკან საქართველოში დააბრუნეს.
თიკო პაპუაშვილი ინტერვიუში იმ დეტალებზე საუბრობს, თუ როგორ სასტიკად მოექცნენ ისრაელის აეროპორტში უშიშროების თანამშრომლები ტურისტული ჯგუფის წევრებს.
მისი თქმით, 13-კაციან მომლოცველთა ჯგუფს სულიერი მოძღვარი მამა კონსტანტინე ხელმძღვანელობდა და ჯგუფის წევრებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ.
„ყველა საჭირო დოკუმენტი, მოწვევით დაწყებული და სასტუმროს ჯავშნით დამთავრებული, წესრიგში გვქონდა. თელ-ავივში, ბენ -გურიონის საერთაშირისო აეროპორტში ჩასვლისთანავე, საბაჟო კონტროლის გავლისას, პასპორტები ჩამოგვართვეს და ე.წ. გასაუბრების ოთახში შეგვიყვანეს, რომელიც დაკითხვას უფრო ჰგავდა. ეს პროცესი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა და აეროპორტის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა, რუსმა ებრაელმა, ვინმე კონსტანტინემ, რომლის გვარიც ვერაფრით გავიგე, ნამდვილი კოშმარი მოგვიწყო. მან მობილური ტელეფონები ჩამოგვართვა და უცერემონიოდ შეიჭრა ჩემს პირად სივრცეში – ამოწმებდა შემოსულ და გასულ ზარებს, კითხულობდა ჩვენ მიერ გაგზავნილ და შემოსულ „ესემესებს“, ყველანაირად ცდილობდა, ფსიქოლოგიურად დავეტერორებინეთ და წყობილებიდან გამოვეყვანეთ. ეს კოშმარი 6 საათი გაგრძელდა, რის შემდეგადაც მომლოცველთა ჯგუფის 7 წევრს ისრაელში შესვლაზე უარი გვითხრეს. მამა კონსტანტინემ მოსთხოვა არგუმენტირებულად აეხსნათ, თუ რატომ არ გვიშვებდნენ ისრაელის ტერიტორიაზე, მაგრამ მათი პასუხები აბსოლუტურად არაადეკვატური და უსაფუძვლო იყო. მე დამაბრალეს, თითქოს აეროპორტის ტერიტორიიდან ტელეფონით ვესაუბრე 5 არალეგალს, ხოლო ჩემს სიძეს იმაზე მოსდეს შარი, 2 ათასი დოლარი რატომ გაქვსო? ამდენი ფული რად გინდაო? არადა 700 დოლარი მარტო ტურში უნდა გადაგვეხადა“ – აცხადებს თაკო პაპუაშვილი.
მისი თქმით, ამის შემდეგ ჯგუფის ის წევრები, რომლებიც უშიშროების თანამშრომლებმა ისრაელის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, გისოსებიან მანქანაში ჩასვეს და „საემიგრაციო ცენტრში“ გადაიყვანეს.
„სამართალდამცველები დაგვცინოდნენ და აბუჩად გვიგდებდნენ. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მომლოცველები კი არა, საშიში დამნაშავეები ვიყავით. დახმარებისთვის საქართველოს საკონსულოში დავრეკეთ, მაგრამ დილის 5 საათი იყო და არავინ გვიპასუხა. შეტყობინება დავტოვეთ, რომ დახმარება გვესაჭიროებოდა, მაგრამ არავინ შეგვეხმიანებია. აეროპორტის თანამშრომლებს თუ ინგლისურად დაელაპარაკებოდი, ადამიანისმაგვარ არსებად ჩაგთვლიდნენ და გპასუხობდნენ, თუ რუსულად ელაპარაკებოდი, ძაღლებივით გექცეოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულიც ესმოდათ და ქართულიც. ქართული ესმოდათ და ზოგიერთი სიტყვებიც იცოდნენ, რომლებსაც ჩვენს მიმართ ცინიზმის გამოსახატად იყენებდნენ. მაგალითად, აგდებულად და დამცინავად მოგვმართავდნენ – „წამო გოგო, წამო!“ – იხსენებს თაკო პაპუაშვილი.
მისი თქმით, იმ შენობაში, სადაც 7 ქართველი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი – ნაოპერაციები ქალბატონი ცუდად გახდა და წყალიც არავინ მიაწოდა.
„ეს ქალბატონი გაიყვანეს და 45 წუთის შემდეგ უკან მოიყვანეს, რომ ვკითხე – ამდენ ხანს სად იყავი მეთქი, მითხრა – 45 წუთის განმავლობაში ექიმს ვეხვეწებოდი წყალი დამალევინეო, თურმე წყალს რომ სთხოვდა, ექიმი ცინიკურად პასუხობდა – მე, რა მაღაზია ვარო?!“ – ამბობს თაკო პაპუაშვილი.
მისი თქმით, 12 საათიანი ცინიზმის შემდეგ, ჯგუფის წევრები საემიგრაციო ოთახიდან ავტობუსში ჩასვეს და ისრაელის აეროპორტიდან საქართველოში დააბრუნეს.