ამირან გამყრელიძე: საქართველოში ვაქცინა 2015 წელს ყველა წესის დაცვით შემოვიდა (ვიდეო)

ვაქცინა 2015 წელს შემოიტანეს ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჰქონდა რეკომენდაცია ცოფის კონკრეტული ვაქცინაციის ამოღებასთან დაკავშირებით და ის თვენახევარში ახლით ჩანაცვლდა.
„თუ ადამიანს ცოფი განუვითარდა, ჯერ-ჯერობით მედიცინა ამ დაავადების წინააღმდეგ უძლურია, ერთადერთი, ცოფი იმართება ვაქცინების საშუალებით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ ის, რომ არც ერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა, უმჯობესდება ქვეყანაში აცრები მთლიანად და მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო. სწორედ ამის შედეგი არის ის, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ბოლო სამი წელია, ქვეყანაში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და დღეს ხდება პუბლიკაცია სწორედ ამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე მინდა დავაფიქსირო, რომ ეს ვაქცინა 2015 წელსაა შემოსული ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა ქვეყანაში გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული, როგორც ვაქცინის შემოტანიდან ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის დაუყოვნებლივი ამოღება არ უნდა მომხდარიყო. როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია, მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება გამოდგეს სასიკვდილო. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებს. ამიტომაც გამოთხოვიდან დაახლოებით თვენახევარში, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უზურნველყო ამ ვაქცინის ახალი ვაქცინით ჩანაცვლება (რადგან ეს იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება), და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ვაქცინის ერთი წლის განმავლობაში და მეტი გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულია. მათ შორის, 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გაქვს“, –განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები