“ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან” – ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება

ახალი ომის კერა ჩვენს საზღვრებთან – ერდოღანი სირიელ ქურთებს იერიშით ემუქრება – ამ სათაურით „რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ 30 000-იანი ქურთულ არმიას აიარაღებს და ქურთებისგან თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, რასაც ის მანამდე “გაგუდავს”, სანამ შეიქმნება.

თურქეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში აანონსებს სამხედრო ოპერაციების დაწყებას ქურთული შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებენ და რომლებსაც აშშ მხარდაჭერას დაჰპირდა.

გარდა ამისა, ერდოღანი ნატოსაც საყვედურობს, რომ ამერიკის მიერ “ტერორისტების შეიარაღების” საპასუხოდ არაფერს აკეთებს.

ცნობისათვის, სამხედრო კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან აპირებს 30 000-იანი ახალი სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნას, რომელთაგან 15 000 წევრი სირიელი ქურთებისგან შემდგარი “სირიის დემოკრატიული ძალებიდან” დაკომპლექტდება. ქურთულ დაჯგუფებებს კი ერდოღანის თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

გუშინ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა, რომ თურქეთის არმია რეგიონში ტერორისტებს მალე გაანადგურებს, სულ მალე სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთ რაიონებიდან, აფრინიდან და მემბიჯიდან დაიწყება, სადაც ქურთული არმია მოქმედებს და ამას ხელს ვერ შეუშლიან ის ქვეყნები, რომლებიც ანკარას თითქოს მხარდაჭერას უცხადებენ, მაგრამ, ამავე დროს, თურქეთს “ზურგში მახვილს ურტყამენ”.

ერდოღანის თქმით, თურქეთმა სირიის სასაზღვრო დაცვის ძალები უნდა გაანადგუროს მანამ, სანამ ის შეიქმნება.

“ახლა ამერიკა ჩვენს საზღვრებთან ახლოს ქმნის ტერორისტულ არმიას, რომელიც საფრთხეს უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას. ჩვენი ამოცანაა, გავგუდოთ ეს არმია, სანამ ის დაიბადება. თუ აშშ-ს სურს ამ ველურებთან თანამშრომლობა, ეს მათი საქმეა. მაგრამ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ,” – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქი სამხედროები გააგრძელებენ სირიელი ქურთების თავდაცვის პოზიციების დაბომბვას აფრინში. “ვიმედოვნებ, ჩვენი სამხედრო ძალები უახლოეს პერიოდში გადაწყვეტენ პრობლემას აფრინში. ოპერაცია იქ შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს,” – დასძინა ერდოღანმა.

როგორც ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, დიდია იმის ალბათობა, რომ თურქეთი მის საზღვრებთან ქურთების გაძლიერებას არ დაუშვებს და ამის აღკვეთას მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო გზით შეეცდება, რადგანაც აშკარაა, რომ პოლიტიკურად ვაშინგტონთან ამ საკითხს ვერ მოაგვარებს.

“თუ თურქეთი ამ გადაწყვეტილებაზე წავა, სამხედრო ოპერაციის დაწყებას უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. ქურთული მოძრაობის გაძლიერება, როგორც თურქეთის სამხრეთში, ასევე სირიაში, თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამას ანკარა თუ ნომერ პირველ საფრთხედ არა, ერთ-ერთ საფრთხედ აღიქვამს, ამიტომაც ყველანაირად შეეცდება, ეს პროცესი არ დაუშვას,” – აღნიშნავს სალუქვაძე.

მისი თქმით, ერდოღანის განცხადება, რომ ქურთების განადგურებას იწყებს, პირდაპირ აშშ-ის წინააღმდეგ მუქარად არ შეიძლება იყოს აღქმული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებია.

“30 000-იანი კონტინგენტი პატარა არ არის, მით უმეტეს, ის დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი მებრძოლებით. სირიასა და თურქეთის მეზობელ სახელმწიფოებში დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ანკარისთვის მიუღებელია, რადგან მოლოდინია, რომ ეს პროცესი მათ სამხრეთ რეგიონში მცხოვრებ მრავალმილიონიან ქურთულ მოსახლეობასაც გადაედება. ის პროცესი, რაც სირიის ჩრდილოეთში იწყება, გამოიწვევს ქურთული მოძრაობის გაძლიერებას, ამიტომ ეს არ არის პირდაპირ აშშ-ის წინააღმდეგ თურქეთის მოქმედებები, ამ შემთხვევაში თურქეთი იცავს თავის ინტერესებს. თუმცა აშშ-სა და თურქეთს შორის არის დაპირისპირების სხვა საკითხებიც, იგივე ფეთჰულა გიულენის გადმოცემის საკითხი, ასევე ახლახან იყო დიპლომატიური ინციდენტებიც, რომლებიც პრინციპში მოგვარდა. მთლიანობაში დაძაბული ურთიერთობებია. ახლახან მოჰყვა ევროკავშირის განცხადებებიც, რომ დემოკრატიის იმ სტანდარტებით, რაც დღეს თურქეთშია, თურქეთის ადგილი ევროპაში არ არის. ეს ყველაფერი კი ხდება თურქეთის რუსეთსა და ირანთან დაახლოების ფონზე,” – ამბობს სალუქვაძე.

მისი თქმით, 2 წლის წინ, როდესაც აშშ-თურქეთს შორის სირიის გამო გარკვეული დაძაბულობა და ამავდროულად რუსეთ-თურქეთს შორის დათბობა დაიწყო, მაშინ იყო კითხვები, ხომ არ გამოიწვევდა ეს თურქეთის ნატოდან გასვლას.

“მაშინ პასუხისგან თავს ვიკავებდი, ახლაც თავს შევიკავებ, თუმცა ასეთი დაძაბულობის ფონზე უკვე ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს. ამის ალბათობა საგრძნობლად მატულობს. გააჩნია, პროცესები როგორ განვითარდება. აშშ-ის მიერ თუ სირიის ჩრდილოეთში სირიის სასაზღვრო დაცვის ძალების შექმნა დაიწყება და მის აღსაკვეთად საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდება, გამორიცხული არაფერი არ არის. არც ისაა გამორიცხული, თურქეთ-რუსეთ-ირანის მჭიდრო თანამშრომლობა ვიხილოთ ამ დაჯგუფების წინააღმდეგ. ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს საზღვრებს სულ უფრო და უფრო უახლოვდება. გამორიცხული არ არის, ამ საბრძოლო მოქმედებებმა გადაინაცვლოს კიდეც თურქეთის ტერიტორიაზე. ბევრი რამ გადაწყდება ვანკუვერში ტილერსონ-ჩავუშოღლუს მოლაპარაკებებისას, მხარეები შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრებენ,” – დასძენს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები