დავით სარალიძის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა – შეეძლო თუ არა ბიჭს, რომელიც 40 კილოს იწონიდა, 130 კილოიანი მოზარდისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიეყენებინა
„სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გაზეთ „ალიას“ ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ესაუბრა.
“გამოძიება ამბობს, რომ დავით სარალიძეს სხეულზე 12 ჭრილობა აქვს მიყენებული. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, ეს კონკრეტული ჭრილობები ერთი დანით არის მიყენებული, თუ სხვა დანაც ფიგურირებს?
გამოძიებას ასეთი რამე უწერია, რომ საქმეში ფიგურირებდა ორი დანა და ორივე დანა ამოღებულია. წერენ, რომ სარალიძეს გ.ჯ.-მ მიაყენა 12 ნაკვეთი ჭრილობა, რის გამოც მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ანუ გამოძიება ამბობს, რომ დავითს 12-ვე ჭრილობა გ.ჯ.-მ მიაყენა ერთი და იგივე დანით. თუმცა, პროკურატურას გარდაცვლილი სარალიძის სხეულზე ექსპერტიზის დანიშვნის დროს, ექსპერტიზისთვის არ აქვს კითხვები დასმული – არის თუ არა აღნიშნული ჭრილობები ერთი და იგივე დანით მიყენებული? თუ ჭრილობები რამდენიმე დანით იყო მიყენებული? არადა, ეს არის საკვანძო კითხვები, რომელზე პასუხებიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ, ნამდვილად გ.ჯ.-მ მიაყენა 12-ვე ჭრილობა სარალიძეს თუ მას დანა სხვამ (სხვებმა) დაარტყეს? დათო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, სპორტსმენი ბიჭი იყო – მისი სიმაღლე 196 სმ, წონა კი 130 კგ იყო. რატომ ვუსვამ ახლა ამას ხაზს: ვისზეც გამოძიება ამბობს, ანუ გ.ჯ.-ზე, რომ მან მიაყენა 12 ჭრილობა დათოს, ეს მოზარდი არის დაბალი, გამხდარი ბიჭი, რომლის წონა 40 კილოგრამია. შესაბამისად, გ.ჯ. ფიზიკურად ვერ მიაყენებდა მსგავსი სახის ჭრილობებს დათოს, რადგან ფიზიკური მონაცემებით დათო მასზე გაცილებით ძლიერი იყო, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც დათოსთვის მიყენებული პირველი ჭრილობა არ იყო სასიკვდილო – ის თავდაპირველად ფეხში დაჭრეს. ეს ჭრილობა სწორედ გ.ჯ.-მ მიაყენა მას, რის შემდეგაც, ჩემი ინფორმაციით, გ.ჯ.-ს შეეშინდა, დანას ხელი გაუშვა და გვერდზე გაიწია.
იგივეს აცხადებს გ.ჯ-ს ადვოკატი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა მხოლოდ ერთხელ აქვს მოქნეული… გამოდის, გარდაცვლილი სარალიძის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ განცხადებას, რომ კონკრეტულად გ.ჯ.-მ დაარტყა მათ შვილს 12-ჯერ დანა – არ ენდობა?
პირდაპირ გეტყვით, რომ არ ენდობა! მათ არ სჯერათ გამოძიების ამ ვერსიის, რომ დათოს 12-ვე დარტყმა გ.ჯ.-მ მიაყენა. მშობლები ითხოვენ რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს ადეკვატურად. ამ შემთხვევაში, ოჯახი ფიქრობს, რომ გ.ჯ.-სთან მიმართებაში გამოძიება არის ძალიან მკაცრი, რადგან მას „ეტენება“ ის დანაშაული, რაც არ ჩაუდენია: გ.ჯ-ს ედავებიან განსაკუთრებით სისასტიკით განზრახ მკვლელობას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით – მართალია, მან დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახული მკვლელობა. მან შესაძლოა, მოახდინა დაჭრის ფატი, თუმცა, ექსპერტიზა დაადგენს, რომელი დანით მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა დავით სარალიძე, შესაბამისად, სწორედ იმ დანის მომქნევია მკვლელობის ჩამდენი. სარალიძის ოჯახი ცალსახად ამბობს – კი გ.ჯ არის სავარაუდოდ, დამნაშავე, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რასაც მას პროკურატურა ედავება. გ.ჯ. თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მაგრამ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უნდა, რომ ყველა იმ პირზე გადანაწილდეს სასჯელი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და არა ის, რომ ყველას დანაშაული ერთ მოზარდს „აკიდონ“.
თუ ის ვერსია ნამდვილია, რომ დათოს 12-ვე ჭრილობა გ.ჯ.-მ მიაყენა, მაშინ დაჭრის მომენტში დათო ვერ იქნებოდა თავისუფალ მდგომარეობაში. – ასეთ შემთხვევაში ერთი ხელის მოქნევით მოისროდა გ.ჯ-ს. ოჯახის პოზიცია ასეთია: თუ მხოლოდ გ.ჯ.-მ მიაყენა ამდენი ჭრილობა ჩვენს შვილს, მაშინ გამოდის, რომ სხვები დათოს აქეთ-იქიდან აკავებდნენ, რომ გ.ჯ-ს მისთვის ბევრჯერ დაერტყა დანა. თუკი ეს ასეა და დათოს ვინმე აკავებდა, ამ შემთხვევაში ისინიც უკვე მკვლელობის თანამონაწილეები არიან. ოჯახს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გამოძიება არ არის ადეკვატური, უბრალოდ, ერთი მხრივ, ველოდებოდით იმას, როდის დაამთავრებდა პროკურატურა ძიებას და საქმე როდიდან წავიდოდა სასამართლოში – არ გვინდოდა პროკურატურას ეთქვა, რომ გარდაცლილის ოჯახის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელი შეგვეშალა საქმეშიო, ამიტომ სარალიძეების ოჯახი მკვეთრად არ ერეოდა. მეორე მხრივ, ელოდებოდნენ დათოს ორმოცის გასვლას, ორმოცი იყო უკვე, შესაბამისად, ამ საქმეზე ამის შემდეგ უფრო გავაქტიურდებით”, – წერს გაზეთი.
წყარო: გაზეთი „ალია“