“სარალიძის ოჯახს აქვს ეჭვი, რომ მალავენ ვიღაც ისეთს, ვისი გამოჩენაც არ უნდათ“ – დეტალები გარდაცვლილი მოზარდის საქმიდან

„სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გაზეთ „ალიას“ ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ესაუბრა.
როგორც კუპარავა გამოცემასთან საუბარში ამბობს, აღნიშნულ საქმეში, გარდაცვლილი ორი მოზარდის გარდა, დაჭრილი პირებიც ფიგურირებენ.
„დავით სარალიძის მშობლებს საქმის მასალებს არ აცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ის დაზარალებულად არის ცნობილი. გამოძიებას ასე მოქცევის უფლება არ აქვს. სარალიძის მშობელს თუ არ აძლევენ საქმის მასალებს იმ მოტივით, რომ საქმე რიფირებულია და არაა საჯარო, მაშინ გამოძიებამ, ამ შემთხვევაში, გაუთქმელობაზე უნდა მოაწერინოს ხელი და ამ პირობით გადასცეს. არაერთხელ მივმართეთ მე და გარდაცვლილი მოზარდის მამამ გამოძიებას, მათ შორის წერილობით, ზეპირსიტყვიერად, ტელეფონზეც ვესაუბრეთ გამომძიებელს, პროკურორს, მაგრამ საქმის მასალებს დღემდე არ იძლევიან“,- აცხადებს კუპრავა.
ჟურნალისტის კითხვაზე აღნიშნული ქმედება ნიშნავს, თუ არა რომ გამოძიება რაიმეს მალავს, კუპრავა ამბობს, რომ – კი.
„მაგაშია საქმე რომ რაღაცას მალავენ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვიცით, რა ხდება საქმეზე – მოწმეთა დაკითხვებით, საქმეში იკვეთება, რომ არიან დაჭრილებიც. ასევე, არიან ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვანი პირები, რომლებიც იძლევიან ჩვენებას, რომ ისინი თურმე უბრალოდ შორიდან უყურებდნენ ამ ჩხუბს, თორემ ჩხუბში არ ჩარეულან – ამ ჩვენებებს იძლევიან დაჭრილი არასრულწლოვნები! აქ ლოგიკურად ისმის კითხვა – თუ ჩხუბში არ მიუღიათ მონაწილეობა და შორიდან უყურებდნენ ყველაფერს, მაშინ როგორ მიიღეს ჭრილობები, ხომ? ერთი სიტყვით, გამოძიების მიმართ ბევრი პრეტენზიაა დაგროვებული და ჩვენ ამ პრეტენზიებზე უახლოეს მომავალში ვაპირებთ ხმამაღლა საუბარს. მე ვერ ვხედავ, რომ ამ დაჭრების ფაქტზე გამოძიება ყურადღებას ამახვილებდეს, ამაზე ცალკე გამოძიება ხომ უნდა იყოს? შეიძლება გამოძებას ფორმალურად კი აქვს ამ დაჭრებზე საქმე აღძრული, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. გამოძიება უნდა იყოს დეტალური და საზოგადოებას ის ინფორმაციები უნდა მიაწოდოს, რომელიც მნიშვნელოვაია, ხალხმა იცოდეს. ამავდროულად, ცხადია, ოჯახმა უნდა იცოდეს ყველაფერი. ჩვენ რაც ვიცით, ეს ინფორმაციები ჩვენი წყაროებიდან მოვიპოვეთ“,- განაცხადა „ალიასთან“ საუბარში ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავას ინფორმაციით, დაჭრილები ორივე მხრიდან არიან, როგორც გარდაცვლილი მოზარდების მეგობრების, ისე მათთან დაპირისპირებული მოზარდების მხრიდან.
„გამოძიებას ოფიციალურ დადგენილებაში უწერია: როდესაც ერთ-ერთმა მოზარდმა თავის ნათესავს დაურეკა, მას შემდეგ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ ეს და ესო და 6-7 მოზარდის გვარია ჩამოთვლილი, რომლებსაც 51-ე სკოლასთან დახვდნენ ჩხუბში მონაწილე სხვა მე-11 კლასელებიო და ისევ გვარებია ჩამოთვლილი – სარალიძე, დადუნაშვილი, კიდევ რამდენიმე გვარი და ჩხუბში მონაწილე კიდევ სხვა 15 მოზარდიო. ამ შემთხვევაში მზესუმზირის ქურდობაზე ხომ არ ვსაუბრობთ? გამოძიება ხომ რაღაც წვრილმან დანაშაულს არ ეხება? როდესაც ასეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ჰპოვა, გამოძიება „კიდევ სხვა 15 მოზარდის“ ენით არ უნდა საუბრობდეს! როდესაც პოტენციურ დამანაშავეებს „და სხვების“ სახელით მოიხსენიებენ, ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს“, – აცხადებს კუპრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები