რატომაა თხილის პლანტაციები მოუვლელი და რა უნდა იცოდეს ყველა ფერმერმა, რომ ბაქტერიოზი და სოკოვანი დაავადებები თავიდან აიცილოს?
2018 წლის მაისში, თხილის მსოფლიო კონგრესი ესპანეთში, სევილიაში გაიმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლობაც დაესწრება. თხილის მსოფლიო კონგრესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. სწორედ სევილიაშია მოსალოდნელი, რომ ოფიციალურად გაცხადდეს 2021 წელს, თხილის მსოფლიო კონგრესის საქართველოში ჩატარება! ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც თხილის დარგის, ასევე ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც. 2017 წელს, თხილის მსოფლიო კონგრესი ინდოეთში გაიმართა, სადაც პირველად, კონგრესის ისტორიის მანძილზე, საქართველო, თხილის დარგის პრეზენტაციით წარსდგა, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესი მოჰყვა. პრეზენტაციას საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია უძღვებოდა, რომელმაც ,,ვერსიასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას დიდი მნიშვენლობა აქვს დარგისათვის. ალექსანდრე მოწერელია იმ პრობლემებზეც საუბრობს, რამაც ქართული თხილის ხარისხი დააზიანა და ეს მხოლოდ ,,აზიური ფაროსანას” ბრალი არაა.
_ ბატონო ალექსანდრე, 2017 წლის ზაფხულში, ,,აზიურმა ფაროსანამ” თხილი დააზიანა, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ ყოფილა…
_ ზოგადად, ჩვენი დარგისთვის 2017 წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო, რადგან საგრძნობლად შემცირდა, მოსავალი. ის, რაც გადარჩა, სამწუხაროდ, პირველი და მეორე კლასის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მართალია, მესამე და მეოთხე სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ დარჩენილი პროდუქცია იმ კომპანიებმა შეიძინეს, რომლებიც მოხალვა-დაქუცმაცების შედეგად, ამ პროდუქტს გადაამუშავებენ. მნიშვნელოვანი ნიშა, რაც ევროპის ბაზარზე ქართულმა თხილმა მოიპოვა, სამწუხაროდ, გარკვეულწილად დავთმეთ ზემოხსენებული მიზეზების გამო და გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა ძველ პოზიციებზე დავბრუნდეთ. ადრე არა თუ პოზიციების განმტკიცებაზე, არამედ მის გაფართოებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ძველი პოზიციების დაბრუნებას, დრო დასჭირდება. გეთანხმებით, რომ
პრობლემა მხოლოდ ,,აზიური ფაროსანა” არ ყოფილა, კომპლექსური პრობლემები გვქონდა. ვგულისხმობ თხილის ბაქტერიოზს, სოკოვან დაავადებებს, ზოგადად, ბუნებრივ-კლიმატური პირობებს, იმას, რომ თხილის პლანტაციების უმრავლესობა მოუვლელია, ფერმერები და ნედლეულის სხვა მწარმოებლები აგროწესებსAარ იცავენ… მოკლედ, უამრავმა პრობლემამ მოიყარა თავი და ასეთი მძიმე შედეგი მივიღეთ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ბევრი კუთხეა, სადაც წელს ,,აზიური ფაროსანა” არ გამოჩენილა, მაგრამ თხილი მაინც გაფუჭდა. ამ ადგილებში მოსავალი თხილის ბაქტერიოზმა და სხვადასხვა, სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.
_ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმარება ნედლეულის მწარმოებლებს და ფერმერებს, ურიგებს ფლაერებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოუარონ მოსავალს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ამასვე აკეთებთ თქვენც. თუმცა ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც გვაქვს, რა ხდება, ხალხი თხილის პლანტაციების მოვლას გადაეჩვია?
_ პირველ რიგში, ფესვები წარსულში უნდა ვეძებოთ. თქვენც გაგებული გექნებათ, მოარული ფრაზა, რომ ,,თხილს მოვლა არ სჭირდება”, რაც გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. მაშინ თხილი ერთეული ნარგაობის სახით იყო წარმოდგენილი საკარმიდამო ნაკვეთებზე, მას არ ჰქონდა სამრეწველო დანიშნულება, მწარმოებელი არ იყო დაინტერესებული მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებით, არც უვლიდა მას და ეს ფრაზაც _ თხილს მოვლა არ სჭირდება, სწორედ აქედან მოდის, რაც არასწორია.
თხილის ინდუსტრიული გაშენების შემდეგ, ყველა პრობლემამ ერთდროულად იჩინა თავი _ პირველ რიგში, არაკვალიფიციურობამ ნერგებისა და ნიადაგების შერჩევაში, ასევე ნიადაგის სასუქით გამდიდრებაში. რატომღაც ნედლეულის მწარმოებლები ცალმხრივად, მხოლოდ მინერალურ სასუქებს იყენებენ, რის გამოც დასავლეთ საქართველოს ისედაც მძიმე ნიადაგებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდა. ამან გამოიწვია მცენარის დაკნინება და დასუსტება, რის გამოც სხვადასხვა დაავადებებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. ამას ისიც დაემატა, რომ მწარმოებლები მცენარეს სათანადოდ ვეღარ უვლიან, რადგან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. თხილის პლანტაციები რომ ნახოთ, ძირითადად, მოუვლელი და გაუსხლავია რა თქმა უნდა, ყველაფერში სახელმწიფოს დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან დიდი ხანია, სახელმწიფომ ამ მიწების პრივატიზაცია განახორციელა. შესაბამისად, სახელმწიფო თხილის ბაღების პატრონი არ არის! საბჭოთა კავშირის დროს, კოლმეურნეობები და სახელმწიფო საწარმოები,Yყველა სახის ნარგაობის მოვლა-პატრონობაზე ზრუნავდა. დღეს კი ყველამ უნდა გაიგოს და გაითავისოს, რომ საკუთარ ბაღსა და პლანტაციას, თვითონ მიხედოს! იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სტიქიურ უბედურებასა და სხვა ფორს-მაჟორულ სიტუაციასთან, ცხადია, სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. სწორედ, ,,აზიურ ფაროსანასთან” დაკავშირებით, როდესაც აშკარა გახდა, რომ ეს უცხო, ინვაზიური მავნებელი იყო, რომელთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენში არ გააჩნდათ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ჩაერია.
აშშ-შიც კი, ,,აზიური ფაროსანა” ბოლომდე დამარცხებული არაა, თუმცა ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ სწორედ თხილის ბაღების მოუვლელობის გამო, გავრცელდა ბაქტერიოზი და სხვა, სოკოვანი დაავადებები! ამას ხელი შეუწყო უარყოფითმა კლიმატურმა პირობებმაც. აღვნიშნავდი იმასაც, რომ თხილის წარმოებაში მრავალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ჩაერთო, რაც ცხოვრებამ მოიტანა, მათი უმრავლესობა კი სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან ადრე შეხებაში არ ყოფილა და ამდენად, არც სათანადო ცოდნა, გამოცდილება, უნარ-ჩვევები აღმოაჩნდათ, რამაც განაპირობა ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ნარგაობათა მოვლა-პატრონობის საქმეში.
_ თხილის ბაქტერიოზსა და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა რთულია?
_ იმ პრობლემების გადაჭრა, რაც დღეს, ჩვენს დარგში დაგროვდა, საკმაოდ შრომატევადი და რთულია, მაგრამ როდესაც ბაქტერიოზსა და სოკოვან დაავადებებზე ვსაუბრობთ, მათ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შესაძლებელია. უბრალოდ, მწარმოებლებმა უნდა მოინდომონ და აგროწესები დაიცვან. ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა მარტივი და ხელმისაწვდომია, ამისთვის სპილენძის შემცველი ხსნარი გვჭირდება. ამის შესახებ ჩვენი აგრარიკოსები რეკომენდაციებს გასცემენ და ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ მწარმოებლებმა ხელმისაწვდომია. როგორც ჩვენი მეცნიერები გვირჩევენ აუცილებელია, რომ თხილის ნარგავები სპილენძის შემცველი პრეპარატით დამუშავდეს! თხილის პლანტაციის მოვლის ერთადერთი, მარტივი რეცეპტი მწარმოებლების განათლება და პლანტაციების მოვლა-პატრონობაა! უკვე მეორე წელია, მწარმოებლები დიდ ზარალს განიცდიან, მაგრამ ექსპორტიორებიც დავზარალდით _ პრაქტიკულად, საწარმოები გაჩერებულია და შესაბამისი ნედლეულის არქონის გამო, ქართული თხილის ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა. ვფიქრობ, ჩვენი ფერმერები ახლა უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ თხილის პლანტაციების მოვლას.
_ მხოლოდ სპილენძის ხსნარი შველის ბაქტერიოზსა და სოკოვან დაავადებებს? როდის უნდა დაამუშაონ თხილის პლანტაციები ფერმერებმა ამ ხსნარით?
_ სპილენძის შემცველ ხსნარს, მხოლოდ ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. უფრო კომპეტენტურ მითითებას, როდის, რომელ თვეს და რა ხსნარი უნდა გამოიყენონ, უშუალოდ, აგრარიკოსები გასცემენ. აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თხილის პლანტაციები და ბაღები სპილენძის ხსნარით დროულად დაამუშაონ!
_ სად უნდა მიაკითხონ ფერმერებმა აგრარიკოსებს?
_ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში. აგრარიკოსების გარდა, ფუნგიციდების შესახებ ინფორმაციას ფერმერები მათთვის დარიგებული ბუკლეტებისა და ფლაერების საშუალებით, ასევე ფერმერთა ასოციაციაშიც მიიღებენ. მაგალითად, თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით, მის თითოეულ წევრს რეგულარულად უგზავნის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები და რა ვადებში უნდა განახორციელონ.
_ ინტერვიუს დასაწყისში ბრძანეთ, რომ ევროპის ბაზარზე უკვე მოპოვებული პოზიციები დავკარგეთ, მაგრამ ქართული თხილი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მაინც უმთავრესია. მეტიც, თხილის სახელმწიფო პროგრამა არსებობს და სოფლის მეურნეობის მინისტრი თვეში ერთხელ, ამ დარგის წარმომადგენლებს ხვდება.
_ ევროკავშირის ბაზრებზე, წელს ქართული თხილი, ძირითადად, თურქული და აზერბაიჯანული თხილით ჩანაცვლდა. როდესაც გითხარით, რომ პოზიციები დავთმეთ სწორედ ამას ვგულისხმობდი. ვიდრე საქართველოში თხილის ხარისხი არ გამოსწორდება, დარგის განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ბაქტერიოზსა და სოკოვან დაავადებებს ეფექტურად ვებრძოლოთ, რადგან შედეგად, ქართული თხილის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება. რაც შეეხება ,,აზიურ ფაროსანას”, ეს მავნებელი იტალიასა და შვეიცარიაშიცაა გავრცელებული, აღარაფერს ვამბობ აშშ-ზე, მაგრამ დასავლეთ საქართველოს მაღალტენიანი კლიმატი ფაროსანასთვის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს. რაც მთავარია, იტალიასა და შვეიცარიაში ზარალი ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც საქართველოში. მეტსაც გეტყვით, დასავლეთ საქართველოში არის თხილის ისეთი პლანტაციები, რომლებიც ფერმერებმა ფუნგიციდების საშუალებით, დროულად დაამუშავეს, ამიტომ ,,აზიურ ფაროსანას” კატასტროფული ზიანი ამ პლანტაციებისთვის არ მიუყენებია!
რაც შეეხება თხილის საბჭოს, ის უშუალოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და ამ საბჭოსაც მინისტრი თავმჯდომარეობს. თხილის საბჭოში დარგის წარმომადგენლები ვართ გაერთიანებული, მათ შორის, ჩვენი ასოციაცია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიკრიბებით და ყველა საჭირბოროტო საკითხს ვიხილავთ. აქედან გამომდინარე, თხილის საბჭოს ამ ფორმით არსებობა, საკმაოდ ეფექტურია.
მაია მიშელაძე
წყარო:http://versia.ge