შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1966 წელს დაბადებული მ.ფ. და 1969 წელს დაბადებული ი.მ. ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე შპს „გადამზიდი 2012“-ის თანამშრომელი – მ.ფ., გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, მოქალაქეებს პასპორტებში სხვადასხვა ქვეყნის ყალბი შტამპებისა და ბეჭდების დასმას სთავაზობდა, რომლებსაც მისი თანამზრახველი – ი.მ. უმზადებდა.
სამართალდამცველებმა, „გადამზიდი 2012“-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 18 პასპორტი, ხოლო ი.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას – 5 პასპორტი, თუნუქის კოლოფში მოთავსებული სამელნე, ასევე, სხვადასხვა ზომისა და ფორმის 28 შტამპი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.