ილია მეორე: წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი (ვიდეო)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

პატრიარქი საახალწლო მილოცვაში საქართველოს მოსახლეობას ბედნიერებას უსურვებს.

”ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას ვინც არის საქართველოში.

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია – პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს აპატიოს შეცდომები სხვა ადამიანს. როდესაც ადამიანი გრძნობს თავის დანაშაულს და მოინანიებს – ჰე უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.
ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები, რომელიც მას ჩაუდენია, გადმოდის იმაზე ვინც განიკითხავს.

ილია მეორე საახალწლო მილოცვაში ბავშვებზეც საუბრობს.

„დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შვილებს, ბავშვებს. ხშირი შემთხვევაა როდესაც ბავშვები იზრდებიან ქუჩაში, შედეგებიც სათანადოა.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ სიმშვიდეს. სიმშვიდემ უნდა დაისადგუროს თქვენს გულში და გონებაში. იყავით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – აღნიშნავს ილია მეორე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები