მამა ნაუმი, რომელიც სიმსივნით დაავადებულებს კურნავს -“ყრუ მოსულა და თვალით უხილავიც განუკურნია”

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნინო სანაძემ „ფეისბუქში“ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

„მეგობრებო!! ახლა ყინწვისში ვიყავი, ბერია მამა ნაუმი, სასწაულებს ახდენს, მოჰყავთ სიმსივნით დაავადებულნი და განკურნებულებს უშვებს, უამრავი ადამიანი განკურნა სხვადასახვა დაავადებისგან, საკუთარ თავზე გამოვცადე, წელი საშინლად მაწუხებდა, ძლივს ავედი, დამლოცა, აღარც წელი მაწუხებს და აღარც მუხლი, ყველას ჯვარი გწერიათ, მაგრამ თქვენს ირგვლივ თუ ვინმეა განსაცდელში, ურჩიეთ წასვლა, ქარელს გასცდები და იქვეა, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, შეგეწიოთ მისი მადლი ყველას!! გაავრცელეთ, რადგან ყველამ გაიგოს და დავეხმაროთ ჯანმრთელობაშეალახულთ. დილის ათიდან ხუთ საათამდეა, სახლშიც მიჰყვება, თუკი ვინმეა ისეთი, ვინც ვერ შეძლებს ასვლას“.

გაზეთი „ალია“ ყინწვისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბერ-მონაზონს ესაუბრა:

-22 წელია, რაც მამა ნაუმი მართლმადიდებლურ სამყაროში მოღვაწეობს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში კი დაახლოებით, 1998 წელს მოვიდა.

– რა სახის ჩივილებით მოდიან ხოლმე აქ ადამიანები და რისგან იკურნებიან?

მამა ნაუმი ტრომბის გარდა ყველაფერზე ლოცულობს, რადგან ტრომბი არ დაიძრას, კუჭს მოხვდება და გარდაიცვლება ადამიანი. დანარჩენ ყველაფერზე შეძლებისდაგვარად ლოცულობს.

-სოციალურ ქსელში ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ მამა ნაუმი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს კურნავს..

დიახ, ლოცულობს მაგ დაავადებებზე, ხოლო კურნება უფალზე და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული.

-რა სახის დაავადებებით მოსულან აქ და მერე აქედან განკურნებულები წასულან?

ლეიკემიით დაავადებული მოსულა, ყრუ მოსულა და თვალით უხილავიც განუკურნია მამაოს. ყველაზე მეტი კი კიბოიანი განუკურნია.

-კიბოს შემთხვევაში, განკურნება დაავადების სტადიებზეა დამოკიდებული, თუ ყველა სტადიას ეხება?

დიახ, სტადიებზეც არის დამოკიდებული, თუმცა შენ როგორ გწამს, მაგაზე უფროა დამოკიდებული. შეიძლება კიბოს ბოლო სტადიაც განიკურნოს. ყოფილა შემთხვევა, რომ ზეთისცხებითაც განკურნებულა ბოლო სტადიაში მყოფი ადამიანი და ლოცვა საერთოდ არ დასჭირვებია. შენ როგორ შეევედრები უფალს, მაგაზეა დამოკიდებული, ვინ გილოცებს – ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ყველაზე დიდი ლოცვა დედისაა და დედა თუ გილოცებს, ყველაზე ძლიერი ლოცვა ესაა.

-გასაგებია, თუმცა, ფაქტია, ბოლო პერიოდში სწორედ მამა ნაუმის შესახებ გავრცელდა მის მიერ განკურნებული ადამიანების შესახებ. ეს რით შეგიძიათ ახსნა?

არ ვიცი, მაგაზე ვერაფერს გეტყვით.. აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას. შეიძლება რიგშიც ვერ მოასწროთ ჩადგომა მთელი დღის განმავლობაში. მამა ნაუმი ღამის 9-10 საათამდე ლოცულობს ხოლმე.

-თავად მამა ნაუმის შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ? მაგალითად, რა ერქვა ერისკაცობაში? ისიც საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა მას ტაძარში წასვლა?

ის არ საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე, შესაბამისად, ჩვენც არაფერი ვიცით.

-იგი მხოლოდ ლოცვით კურნავს ხალხს, თუ რამე ბალახეულ ნაყენსაც ამზადებს?

მხოლოდ ლოცვით, სხვა არაფერი.

-პატარა ასაკის ბავშვებიც მოჰყავთ ხოლმე?

დიახ, ძალიან პატარა ასაკის ბავშვებიც კი მოჰყავთ, 1-2-3 წლის.. ისინი უფრო ცერებრალური ტრავმებით არიან ხოლმე. ის ტრავმა ღვთისგანაა, რადგან ასეთი დაიბადა ადამიანი და ერთგვარად ღვთის შეწინააღმდეგებაც გამოდის, მას რომ ულოცო, თუმცა მამაო მათი შემწეობისთვის მაინც ლოცულობს. სნეულებისთვის ჩვენ, ძმებიც ვლოცულობთ, მარტო მამა ნაუმი არა, თუმცა ცერებრალური ტრავმის განკურნება თითქმის შეუძლებელია. რადგან ეს ადამიანს ღვთისგან აქვს და ის თუ ამას დაითმენს, ცხონდება. მამაო საავადმყოფოშიც დაჰყავთ ხოლმე, გულზეც ლოცულობს, ოპერაციებზეც..

-თქვენ რა გახსენდებათ ყველაზე მძიმე შემთხვევა?

კარგად მახსოვს, მამა ნაუმიმ კიბოიანი განკურნა. რამდენიმე თვის წინ, ორი ყრუც განკურნა, ერთ-ერთის დედას სმენის აპარატი ეჭირა და გახარებული ტიროდა, აღარ სჭირდება უკვე ეს ჩემს შვილსო. ჩემს თვალწინ მეტი არაფერი მომხდარა, რადგან მე იმ ტაძრის ეზოში არ ვარ, დაბლა ვარ ხოლმე და ყველაფერს ამიტომ ვერ ვუყურებ.

 

გაზეთი „ალია“ მამა ნაუმის ტელეფონის ნომერს ავრცელებს, რომ მსურველებმა მასთან კონტაქტი შეძლონ: 591 60 64 07

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები