ექსკლუზივი: ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების საქართველოში დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, – ამის შესახებ „კვირას“ ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანია გადადებულ რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს.
„სახელმწიფო და მთავრობა დადგა გარანტად, იმ თანხის უზრუნველსაყოფად, რომელიც ტურისტულმა კომპანია Alltours-მა ვერ უზრუნველყო. გადადებული რეისები გადანაწილდება, განრიგის მიხედვით შესრულდება და მოხდება ანტალიაში დარჩენილი ტურისტების ჩამოყვანა“, – განუცხადა „კვირას“ იასე ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანტალია-თბილისის რეისი უკვე მეორე დღეა არ სრულდება და საქართველოს 150-მდე მოქალაქე ანტალიიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ისინი კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც ავიაკომპანია „აირზენამ“ რეისის შესრულებაზე უარი თქვა. უარის მიზეზი ტურისტული კომპანია Alltours-ის დავალიანება გახდა.
როგორც „კვირას“ „აირზენას“ გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა, ავიაკომპანიის მხრიდან არაერთი შეტყობინებისა და გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია Alltours -მა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიის გუშინდელი რეისის: ანტალია-თბილისის საფასურის გადახდა მაინც ვერ უზრუნველყო.