კახა მამულაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი – რას აცხადებს დაკავებულის ინტერესების დამცველი „კვირასთან“

კახა მამულაშვილის ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალის წარდგენა ყველა წესის დაცვით მოხდა, თუმცა მას საქმის დეტალებზე საუბარი ოჯახთან შეუთანხმებლად არ სურს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, როგორც კი ამის უფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი ან ოჯახის რომელიმე წევრი მისცემს.

„მე ადვოკატი ვარ, პროცესიდან გამომდინარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გარეშე საუბრის უფლება არ მაქვს. რა თქმა უნდა, მე საქმესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უკვე მაქვს, თუმცა თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ან მისი ოჯახის წარმომადგენლის სურვილი იქნება, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი გავაკეთო, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვისაუბრებ. ჯერ არ ვიცი კახას და მისი ოჯახის წევრების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დაგელაპარაკებით მას შემდეგ, რაც მხარე ჩამოყალიბდება და მეტყვის, რომ დაველაპარაკო ჟურნალისტებს. მესმის, მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ არ მაქვს უფლება. ეს აცილების საფუძველი იქნება ჩემზე“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მუხლით მთავარმა პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდების მხარემ საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა გუშინ დააკავა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები