ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული ექიმი „კვირასთან“ ექსკლუზიურად საუბრობს – „ჩვილი სამშობიაროდან წამოვიყვანე და ჩემთან დავაწვინე“

ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ გამოძიების ბრალდებას არ ეთანხმება და მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს.
„ჩემი დანაშაული არის ის, რომ რუსთავის სამშობიარო სახლიდან ჩვილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ჩემთან-კლინიკაში დავაწვინე, მოვუარე, აპარატზე შევაერთე და ვუვლიდი. მე ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული, დედამისი შვილს არ კითხულობდა, რა მექნა, ქუჩაში გამეგდო? მოვუარე, გადავარჩინე. ამ ბავშვზე საბუთებს ვამზადებდი, შაბათ-კვირა დაემთხვა და ორშაბათს სამართალდამცველებისთვის უნდა შემეტყობინებინა, მაგრამ არ მაცალეს.10359147_966240320065128_7478549167796072184_n
ახლა ვწერ საჩივარს, ფინანსთა სამინისტროს უნდა ვუჩივლო, მე მშობიარეებთან საერთოდ კონტაქტი არ მქონია, პროფესიით პედიატრი ვარ. ჩემი სახელი ცუდად გაჟღერდა. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რა უფლებით გააჟღერეს ჩემი გვარ-სახელი. საქმის მასალებშიც ჩემ მიმართ ბევრი შეცდომა დაუშვეს “, – აცხადებს მზია უგრეხელიძე.
მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთხელ დაჰკითხა. ბრალდებული მზია უგრეხელიძე „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დააკავა. თუმცა, საქალაქო სასამართლომ 10 ათასი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლა. როგორც „კვირას“  ბრალდებულის ადვოკატმა ანა ჟღენტმა განუცხადა,  72 წლის მზია უგრეხელიძეს სიმსივნის მე-4 სტადია აქვს და მოსამართლემ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების მიერ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
„72 წლის მზია უგრეხელიძე ამჟამად სახლშია, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს თანხა მეგობრებმა და სამსახურის თანამშრომლებმა შეუგროვეს. მას არანაირი ფინანსური საშუალება არ აქვს, რადგან მისი ხელფასი 250 ლარია, რაც დოკუმენტურად წარვადგინეთ და საქმის მასალებში დევს. ეს ბრალდებულის რეალური შემოსავალია, რადგან პროფესიით პედიატრია და კერძო კლინიკებში კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობდა, შესაბამისად, გამომუშავებაზე იყო. მას მედიასთან საუბარი არ სურს. მისი ღირსება ამ არასწორი ბრალდებით შეილახა. დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის საფუძველზე, თუ მუხლი არ ითვალისწინებს თავისუფლების უვადოდ აღკვეთას, ანუ ამ შემთხვევაში მას 17 წლამდე აქვს, საპატიმრო ასაკი იწყება არასაპატიმრო 65 წლიდან. ამ შემთხვევაში ბრალდებამ საპროცესო კოდექსი დაარღვია“, – ამბობს „კვირასთან“ ადვოკატი ანა ჟღენტი.11541122_966246213397872_266027297_n
ბრალდებული მზია უგრეხელიძე თბილისში მდებარე, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ახალი სამშობიარო ცენტრის“ თანადამფუძნებელია. როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწსებულების დირექტორმა ზურაბ ბართაიამ განუცხადა, მან თანაპარტნიორის დაკავება მედიის საშუალებით შეიტყო. ზურაბ ბართაია ამბობს, რომ იგი მზია უგრეხელიძეს წლების განმავლობაში იცნობდა და მსგავსი ბრალდება მისთვის წარმოუდგენელი იყო.
„ჩემი პარტნიორია, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ ყველაფერი გაირკვევა. გავიგე, რომ დააკავეს, დიდი ხანია, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობთ. ადრე რომ შემემჩნია ასეთი ფაქტი, როგორ ფიქრობთ, შესაბამის ზომებს არ მივიღებდი?! “ – აცხადებს „კვირასთან“ კლინიკის დირექტორი.
კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დაააკავეს, „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვია. მას გული აწუხებს და ამჟამად სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ბრალდებულის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მისი კლიენტი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ბარავკოვს პაციენტებთან შემხებლობა საერთოდ არ ჰქონია.
„რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორის დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ კლინიკის თანამშრომლები. სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილების უფროსი ლაურა მირაშვილი აცხადებს, რომ მისი უფროსის დაკავების დეტალები არ იცის.11352520_966241720064988_1331469491_n
„ვიცი, რომ დააკავეს, მაგრამ დანარჩენი დეტალები ჩემთვის უცნობია. არ მინდა საუბარი და ზედმეტ კითხვებს ნუ მაძლევთ“, – ამბობს ლაურა მირაშვილი.
საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული – „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯავიძეა. როგორც „კვირას“ მისმა ადვოკატმა განუცხადა, საგამოძიებო სამსახურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არც კონსტანტინე მანჯავიძე აღიარებს. თუმცა, კახაბერ მაისურაძე აცხადებს, რომ მისი კლიენტი პროფესიით გინეკოლოგია და მას უშუალოდ ჰქონდა პაციენტებთან შეხება.
„კონსტანტინე მანჯავიძე პროფესიით გინეკოლოგია. მას ბავშვების დაბადებასთან ჰქონდა კავშირი, გაშვილებასთან კი არა. თუ ვინმე მივიდოდა და მისგან აბორტის გაკეთებას მოითხოვდა, ექიმია და მოვალეობაც ჰქონდა, რომ ეთქვა, არ უნდა გაიკეთოთ აბორტიო და შემდეგი გზები ეჩვენებინა. ამას უთვლიან ვიღაც – ვიღაცები რაღაც არასწორად. ბრალდება არის ისე, რომ ვიღაც შეცდომაშია შესული, რომ ტრეფიკინგი, ვაჭრობა და რაღაც ბრალდება აქვთ წარდგენილი, რომ ესენი ვაჭრობდნენ. ვაჭრობა ითვალისწინებს ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ესენი არ აღიარებენ ამ ბრალდებას და თავს დამნაშავეებად არ ცნობს“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი კახა მაისურაძე.11647356_966241793398314_2091283746_n
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად ჩვილი ბავშვების ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულში მონაწილე 6 პიროვნება.
უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.


იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები