ვანო მერაბიშვილი ლარის კურსის გაუფასურების გაგრძელებას პროგნოზირებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ვარაუდობს, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება და 2,50 -ს გადააჭარბებს. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
“ყველამ იცის, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკუთარი უნიათობა და მავნებლურად იქცევა. საერთოდ, ჩვენი მთავრობა იქცევა მდაბიურად, რის შედეგადაც საზოგადოებაში გაჩნდა პესიმიზმი, არსებობს პესიმიზმი, რომ ტარიფები გაიზრდება დენის, გაზის, ლარი კვლავ გაუფასურდება 2.50 – ს გადააჭარბებს, რომ ეკონომიკა გაჩერებულია”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ის ტრადიციული განწყობები, რაც იყო შევარდნაძის დროს, უკვე დაბრუნებულია.
“საერთოდ, ის ტრადიციული განწყობები, რაც იყო შევარდნაძის დროს, უკვე დაბრუნებულია. მაგრამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ სიტუაცია არ არის ასეთი უიმედო, იმიტომ რომ არის პოტენციალი, რომ თუ ნორმალური მთავრობა დაბრუნდება ხელისუფლებაში, რამდენიმე თვეში შემოაბრუნებს სიტუაციას. ეს დაამტკიცა თუნდაც უკარაინის მოვლენებმა, როდესაც 50 000 000-ანმა უკრაინამ გაიზიარა ის გამოცდილება, რაც ჰქონდა საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მოსამართლემ მერაბიშვილს სიტყვა გააწყვეტინა, სხდომა დახურულად გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ დროისთვის მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას ეცნობიან, რის შემდეგადაც დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით განიხილავენ.