იური ნოზაძე აკადემიკოს სერგეი ჩიჟიკს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, აკადემიკოსს სერგეი ჩიჟიკს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ბელორუსიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს მინსკში გამართული საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს პირველად მიეცათ საშუალება საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია ბელორუსიის რესპუბლიკაში მოეხდინათ.
იური ნოზაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2015 წელსაც დაეხმარება ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს ბელორუსიაში აგროგამოფენაში მიიღონ მონაწილეობა.
„ქართველი და ბელორუსი ბიზნესმენების სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მემორანდუმი, რომელიც ორიოდე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ბელორუსიასა და საქართველოს შორის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე შევთანხმდით აგროსამრეწველო დარგში ერთობლივი საწარმოების შექმნაზე”, – განაცხადა იური ნოზაძემ.
სერგეი ჩიჟიკის განცხადებით, საქართველოსა და ბელორუსიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით აქტიურ ფაზაშია. უახლოეს დღეებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ხუთი სახეობის 1500 ძირი უვირუსო კარტოფილი დაირგვება. უვირუსო კარტოფილის ძირები ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბაზაზე არსებულ კვლევით ცენტრშია გამოყვანილი. ბელარუსი და ქართველი მეცნიერები ერთობლივად შეისწავლიან უვირუსო კარტოფილის ქართულ ნიადაგზე ადაპტაციის პროცესს. „თევზჭერაში, მეცხოველეობაში, კომბინირებული საკვების, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ჩვენი გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ, ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს სასიკეთოდ გამოადგებათ“, – აღნიშნა სერგეი ჩიჟიკმა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები