ლევან ყიფიანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. მინისტრი საპარლამენტო კომიტეტის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს “თითიდან გამოწოვილს” უწოდებს. როგორც ყიფიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე პიროვნულ დაპირისპირებას ეხება.
„ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. კარს მომდგარია ოლიმპიადა. ჩასატარებელია ბევრი ტურნირი. სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტია. ჩვენ მივდევთ გრაფიკს, რის მიხედვითაც ვმუშაობთ. შესაბამისად, კითხვები არის და იმ კითხვებზე ამომწურავად გავცემთ პასუხს. ეს იმ პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხია, რომლებიც ამას აცხადებენ. მე ყველა მათგანთან აქამდე კარგი და ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ ჩემთან მოსვლა და კითხვის დასმა პრობლემა არ იყო და არ არის. ვფიქრობ, მათი პოზიცია თითიდან გამოწოვილია, ეს არის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თამაში, რომელშიც ვერ ჩავერევი, რადგან ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა მაქვს. მე პიროვნულ დაპირისპირებაში არ შევდივარ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება, პიროვნული პრობლემა და არა სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად“, – განაცხადა ყიფიანმა.