ზურაბ ადეიშვილის მამა პირველ კომენტარს აკეთებს: ინტერპოლის გადაწყვეტილებას მივესალმები

ინტერპოლის მიერ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით მისი მამა “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ზურა ადეიშვილის მამამ – შალვა ადეიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია “კვირასგან“ შეიტყო.
შალვა ადეიშვილის შეფასებით, ინტერპოლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.
“მივესალმები ინტერპოლის გადაწყვეტილებას, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურა უდანაშაულოა და მას უსაფუძვლოდ დევნიან, “-აღნიშნა შალვა ადეიშვილმა “კვირასთან“.
“კვირას“ კითხვაზე, რამდენად ხშირად ეკონტაქტება ოჯახის წევრებს ზურაბ ადეიშვილი, შალვა ადეიშვილი აცხადებს, რომ მათ ზურაბ ადეიშვილი იშვიათად ეკონტაქტებათ. ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. ინტერპოლს კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან არ ამოუღია.
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ინტერპოლიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ძებნის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია. როგორც ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, ადეიშვილთან მიმართებაში, საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებ, დაცვის მხარის მიერ ინტერპოლს ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდებოდა. ოთარ კახიძის თქმით, მათ შორის, ინტერპოლს გაეგზავნა თხოვნის წერილი, ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები