ნორლანდი: საქართველოს რეფორმების განხორციელებისთვის საკმაოდ ძლიერი მთავრობა ჰყავს
აუცილებელია, მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მათთვის მუშაობს და არა მათ წინააღმდეგ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე საზოგადოებრივი ფორუმი იმართება.
მისივე თქმით, მართლმსაჯულება ჯერ კიდევ არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება რეფორმირება და განვითარება. “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაიწყო საუბრები შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ კარგი დროა ამ დაწესებულებების სანდოობისა და ანგარიშვალდებულებების ამაღლებისთვის, რომ ეს უწყებები გამჭვირვალედ აწარმოებდნენ თავიანთ საქმიანობას. პროკურატურა და შს სამინისტრო უნდა ცდილობდნენ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები. საზოგადოების ნდობა, ჩვენი აზრით, შესაძლებელია მიღწეულ იქნეს სწორედ რეფორმირების მეშვეობით”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ნორლანდის თქმით, საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა დემოკრატიული განვითარების საქმეში.
“მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმებს. დღევანდელი დებატები გამოიწვევს აღნიშნული უწყებების წარმატებულ რეფორმირებას. საქართველო კარგ მდგომარეობაშია. მას შეუძლია, შეეჭიდოს ამ ამოცანას. მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი მთავრობა ამისთვის. პირადად მე კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, რომ ძლიერი სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველო გავიდეს სტაბილურობაზე. იმედი მაქვს, ეს დისკუსიები გადაიზრდება კონკრეტულ სტრატეგიებში”, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.