გიორგი ბარამიძე აფრასიძეების საქმეზე: ვატყობ, ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
11 წლის წინანდელ სპეცოპერაციაში არაფერს შევცვლიდი. ერთადერთი, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდით…
მისივე თქმით, რომ არა მფრინავ შამილ ქორქოშაძის ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი, დაახლოებით 20 სპეცრაზმელი მკვდარი იქნებოდა.
“ძალიან ვწუხვარ. როცა ადამიანები იღუპებიან, ამის გამო გულში ხინჯი გქონდეს, ეს ადამიანურად ბუნებრივია“, – ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ “იმედის კვირის” ჟურნალისტს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება იძულებულია, “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულოს, რომ ესეც საქმის კეთებად ჩაეთვალოს.
“როგორც ვატყობ, ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, რადგან ხელისუფლება იძულებულია, რაღაცა მაინც გააკეთოს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ რომელიმე ჩვენგანი დაგვადანაშაულოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”, – გიორგი ბარამიძემ.
როგორც ბარამიძემ ასევე თქვა, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას და ამით, პოლიტიკური ველის მოწმენდას.
“მე არაფერს გამოვრიცხავ ამ ხელისუფლებისგან, რომელიც ცდილობს, რამენაირად გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ესენი თავიანთი დაპირებების შემსრულებლები არ არიან და, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებიც კარს მოადგათ, ამიტომ პოლიტიკური ოპონენტი ბოლომდე უნდა გაანადგურონ და თქვან, რომ ჩვენ ვართ პირსისხლიანი მკვლელები და ა.შ. რათა ამ გზით მოწმინდონ პოლიტიკური ველი”, – აღნიშნა ბარამიძემ.
ინტერვიუს ბოლოს, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ის გაქცევას არ აპირებს და თუ თავისი პარტიის ბრძოლას დასჭირდება, ციხეშიც ჩაჯდება.
“ახლა გვაქვს ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის სხდომა, მივდივარ ბრიუსელში, იქიდან კიევში. მე გაპარვას არ ვაპირებ, აუცილებლად ჩამოვალ და თუ საჭიროა, და თუ ჩვენს ბრძოლას ეს სჭირდება, ჩავჯდები ციხეში, ვიქნები ჩემს მეგობრებთან ერთად, ვინაიდან ასოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. მე არ მივცემ არავის იმის ფუფუნებას და იმის თქმის საშუალებას, რომ გავიქეცი და დავიმალე. ასე რომ, ჩვენი ბრძოლა არ არის მარტივი, ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულ ძალას ვებრძვით, ვიდრე ივანიშვილი და მისი ფულის გარშემო შემოკრებილი ადამიანები არიან. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ აფრასიძეების ოჯახის ინტერსების დამცველებმა 11 წლის წინ მომხდარი ცნობილი საქმის უახლოეს მომავალში გახსნილად გამოცხადება დააანონსეს.
თუმცა, როდის გაასაჯაროებს პროკურატურა გამოძიების დასკვნას, ჯერ არ კონკრეტდება.