დავით უსუფაშვილი: თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ დადასტურდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა პოლიციელმა ჩაიდინა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება.
ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა სასტუმრო “რედისონში” გააკეთა, სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე მეთერთმეტე საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს. “პოლიციელი, რომელიც კრიმინალს ებრძვის, ჩვენ გვინდა, რომ იყოს განათლებული და თავისუფლების პატივისმცემელი, თავისუფლების მოყვარული ადამიანი. აი, მაშინ იქნება ის ისეთი პოლიციელი, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ და აღარ ვიხილოთ ის ეროვნული სირცხვილი, რაც გუშინ მოვისმინეთ. ძიება გრძელდება, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.