“ოთხშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებას კანდიდატების სიას გააცნობს”
მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, საზოგადოებას 11 თებერვალს წარადგენს.
“ამ ეტაპზე დაახლოებით ოცამდე კანდიდატია დასახელებული, მაგრამ როგორც წესი, ასეთ პროცესებში ხშირად კანდიდატების მეტი რაოდენობა ბოლო დღეს სახელდება ხოლმე, ამიტომ, ჩვენ ველოდებით, რომ დღეს კიდევ დასახელდებიან კანდიდატები. მაქსიმუმ ოთხშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საზოგადოებას გააცნობს კანდიდატების სიას. პრეზიდენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი მოვა შესაბამისობაში იმ კრიტერიმებთან, რაც დასახელდა”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას 28 იანვარს თხოვნით მიმართა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. კრიტერიუმების განსაზღვრის შემდეგ კი, პრეზიდენტმა აღნიშნული პროცესის მეორე ეტაპი გამოაცხადა და ყველა დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციისთვის, 9 თებერვლამდე კანდიდატურის დასახელება სთხოვა.
ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით ოცამდე კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე და საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.