თეა წულუკიანი გერმანიის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის სამინისტროს მიწვევით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, – ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“, და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის“ დაფინანსებით ხორციელდება.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თეა წულუკიანთან ერთად იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და ალექსანდრე ტაბატაძე იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების პირველ პირებთან, აგრეთვე − არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თეა წულუკიანი და მისი თანმხლები პირები შეხვედრებს გამართავენ ბუნდესტაგში, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან. საუბრის თემა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები და ასოცირების ხელშეკრულება იქნება.
ვიზიტია დაგეგმილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინიტროში, სადაც საუბარი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხება. თავის გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასისთან შეხვედრაზე კი თეა წულუკიანი საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რფეორმებზე ისაუბრებს. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტსაც გააფორმებენ − ვიზიტის ფარგლებში შედგება 2015-2017 წლების ერთობლივი სამუშაო პროგრამის ხელმოწერა.
ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებთან, აგრეთვე, გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარესთან. საუბრის თემა სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იქნება. დაგეგმილია შეხვედრა ნოტარიუსთა ფედერალური პალატის ვიცე-პრეზიდენტთანაც. იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები შეხვდებიან „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ წარმომადგენლებს (GIZ), აგრეთვე, ცენტრის − „დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოს“ − ექსპერტებს და მათ საქართველოში განხორციელებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეფორმებს გააცნობენ. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები