ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი ანგარიში შეაჯამა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ – ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტების და გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა რეალურ პრიორიტეტად გამოაცხადა, ორი წლის მანძილზე კომპლექსურად გატარდა ქმედითი, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებები.
სოფლად გაჩნდა იმედი და განცდა იმისა, რომ სახელმწიფო რეალურად ფიქრობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ფიქრობს გლეხზე, ფერმერზე და მეწარმეზე.
ყველა იმ პროექტით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.
2013-2014 წლებში მთავრობის ძალისხმევისა და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
ეტაპობრივად იქმნება ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად დაახლოებს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელ ეროვნულ კანონმდებლობას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდის, უსაფრთხოების, საექსპორტო ბაზრების გაზრდის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის დარგი ეტაპობრივად მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის.